სამი რამ რაც უნდა ვიცოდეთ, ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე

პუბლიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს. ახალი მოდელის პრეზენტაცია პარასკევს გაიმართება. ის, ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული და  ქართულ რეალობას ითვალისწინებს, ამბობენ ინიციატივის ავტორები.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ მოდელის შემოღებას კონსტიტუციაში ცვლილებები სჭირდება, რადგან ის მას არ შეესაბამება.

ოთხმა NGO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. იმავეს ამბობენ საქართველოში ცნობილი კონსტიტუციონალისტებიც.

პარლამენტში 150 დეპუტატი შევა – 77 პროპორციული, 73 მაჟორიტარული წესით არჩეული

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

„გერმანული მოდელიც“ ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია და პარლამენტი დაკომპლექტდება სწორედ 77 პროპორციული წესით არჩეული და 73 მაჟორიტარი დეპუტატით.

მანდატების დათვლის პროცესში ერთვება პროპორციულობის პრინციპი

დღეს მოქმედი წესით პარტიის მიერ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება. ე.წ. გერმანული მოდელის ფარგლებში კი მანდატების დათვლის პროცესში ერთვება პროპორციულობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობას.

გერმანული მოდელის მიხედვით პარტია ვერ აიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც აღემატება მის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციას. 

მაგალითად, თუ პარტიამ მიიღო ხმების 50%, პარლამენტში გაიყვანს 75 დეპუტატს.

გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს

პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე.

ანუ გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად.

იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს მკითხველისთვის, რას ნიშნავს, რომ  პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე, გთავაზობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ მაგალითებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ  პარტიის მიერ ამ ორი წესით (პროპორციული და მაჟორიტარული) მიღებული მანდატები მექანიკურად არ ჯამდება და მანდატების დათვლის პროცესში ერთვება პროპორციულობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობას.

მაგ. პარლამენტი შედგება 100 დეპუტატისგან, სადაც 50 მაჟორიტარული წესით აირჩევა და 50 – პროპორციულით.

ვარიანტი I: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 50%-ს და 50-ივე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 50 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიით ვერ შეიყვანს ვერცერთ კანდიდატს. ამდენად არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი დაემთხვევა პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობას.

ვარიანტი II: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 50%-ს და 30 მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 30 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიიდან – 20 დეპუტატს. აქაც არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი დაემთხვევა პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობას.

ვარიანტი III: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 40%-ს და 50-ივე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 50 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიიდან ვერ შეიყვან ვერცერთ კანდიდატს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მიღებული მანდატების პროცენტი აღემატება არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტს. ეს უსამართლო განაწილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტართა რაოდენობა მყარად განსაზღვრულია, სხვა შემთხვევაში მისი გაქარწყლებაც შესაძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მოდელი ბევრად სამართლიანია, ვიდრე ის, რომელითაც 2020 წლის არჩევნების ჩატარება იგეგმება.