წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 150-კაციან პარლამენტში 8 ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციული სიით ჯამში 59 მანდატი მოიპოვა. სავარაუდოდ, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი დაინიშნება მეორე ტური. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 2 ოლქში მაინც უნდა გაიმარჯვოს, ოპოზიციამ კი – ჩვიდმეტივეში.
რვავე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მანდატებზე უარს აცხადებენ. ისინი მოითხოვენ ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასა და კომისიის შეცვლას.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურმა პარტიებმა, შესაძლოა, ჯამში 59-დან 76-მდე მანდატი მიიღონ, „ქართულმა ოცნებამ“ კი 74-დან 91-მდე.
თუ ოპოზიცია მეორე ტურის შემდეგაც უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, საქართველოს ისტორიაში პირველად – ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.
რა ბერკეტები (არ) ექნება პარლამენტში მარტო დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ ან რომელ ბერკეტებზე იტყვის უარს ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმით?
იხილეთ დეპუტატების ხელთ არსებული მექანიზმების ნაწილი მათი რაოდენობის მიხედვით:
1+ დეპუტატს შეუძლია:
- კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა;
- კანონის ინიცირება.
7+ დეპუტატს შეუძლია:
- ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატი კი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას;
- ერთი კომიტეტის დაკომპლექტება.
30+ დეპუტატს შეუძლია:
- მოითხოვოს პოლიტიკური დებატი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე თვეში ერთხელ ინიშნება.
50+ დეპუტატს შეუძლია:
- შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელშიც საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
- პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე და პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში;
- აღძრას უნდობლობის საკითხი საქართველოს მთავრობის მიმართ.
76+ დეპუტატს შეუძლია:
- საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
- აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი. ასევე შეუძლია მათი იმპიჩმენტის წესით გადაყენება.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება; ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება;
- ორგანული კანონის მიღება;
- რეგლამენტის მიღება;
- აირჩიოს ცესკოს წევრი.
90+ დეპუტატს შეუძლია:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევა;
- სახალხო დამცველის არჩევა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
100+ დეპუტატს შეუძლია:
- საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება;
- კონსტიტუციური კანონის მიღება;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღება.
- სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმებისა, დეპუტატებს შეუძლიათ მინისტრის საათის გამოყენება, რაც გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას; ასევე საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა; გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიის წევრს შეუძლია იყოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი 5-კაციანი ნდობის ჯგუფის წევრი.