საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო სერვისების განვითარებაზე საუბარი დეისტიტუციონალიზაციის რეფორმის პარალელურად დაიწყო.
დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოების ნაცვლად საქართველოში უნდა განვითარებულიყო სერვისები, რომლებიც ფისიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს საზოგადოებისგან არ მოწყვეტდა და მკურნალობას თემში მიაწოდებდა.
სათემო სერვისის მიზანი სწორედ ისაა, რომ ადამიანმა, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თემში მიიღოს სერვისი, არ მოსწყდეს საზოგადოებას და არ დაქვეითდეს მისი სოციალური უნარ-ჩვევები.
სათემო სერვისების განვითარებას წლებია ითხოვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა – მაგალითად, გაიზარდა ასეთი სერვისების დაფინანსების წილი ბიუჯეტში, გაჩნდა ახალი სერვისები და გაიზარდა ამბულატორიული სერვისების დაფინანსება.
ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც წლებია, საქართველოში სათემო სერვისების განვითარების პროცესის ადვოკატირებასა და უშუალოდ დანერგვაშიც მონაწილეობს.
2013 წელს თბილისში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ე.წ. ასერტული სერვისი დააფუძნდა.
გელეიშვილს ასერტულ სერვისზე საუბრის დაწყებამდე ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის შესახებ. ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ მძიმე პირობებზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ როგორც დარგის სპეციალისტები, ისე ომბუდსმენი. პრობლემებს აღიარებდა სახელმწიფოც.
18 ოქტომბერს 30 ბენეფიციარის გასაყვანად ჩასულ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებს თანამშრომლებმა ჯიშკარი მორებით ჩაუხერხეს და ეზოში არ შეუშვეს, არც პაციენტები გააყოლეს. პროტესტის შემდეგ სამინისტრომ კლინიკიდან ყველა ბენეფიციარების გაყვანა გადაიფიქრა. ბედიანში 150-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.
„პუბლიკისთვის“ მოწოდებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, არასათანადო პირობების გამო, დაგეგმილია ბედიანის კლინიკაში მყოფი მკურნალობის მიმღები პირების სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაწილება. კერძოდ, იგეგმება მათი გადაყვანა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“; შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სურამის კლინიკაში.
„მამაკაცთა კორპუსიდან პაციენტების გადმოყვანის პროცესი უკვე დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება ბედიანის კლინიკის ქალთა კორპუსის ცენტრალური გათბობის დამონტაჟების სამუშაოები, რათა იქ მყოფი პაციენტები უზრუნველყოფილი იყვნენ სათანადო პირობებით“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროში.
„შეიძლება ერთი საავადმყოფო დაიცალოს და მეორე შეივსოს – ეს არ იქნება კარგი“
„ბედიანში ცუდი პირობებია, საავადმყოფოს ადგილმდებარეობა ისეთია, რომ ეგ არაა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილი. თანამედროვე შეხედულებით, ის არ უნდა იყოს იზოლირებული და უნდა იყოს ცივილიზაციასთან ახლოს. ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს ხალხი უნდა იყოს იქ, სადაც არის საზოგადოება და არ უნდა მოხდეს მათი სეგრეგაცია. უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებას დავუბრუნოთ ეს ადამიანები და მოხდეს მათი რეინტეგრაცია.
ჩემი აზრით, ფსიქიატრიულის გაუქმება არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჭკუით და პარალელურად უნდა განვითარდეს სათემო სერვისები. არსად არ არის ნათლად გაწერილი, რა გეგმის მიხედვით მოხდება ეს. ამის გამო არსებობს რისკი, რომ შეიძლება ეს დაიცალოს, მის ნაცვლად შეივსოს მეორე საავადმყოფო და ამით დასრულდეს ყველაფერი“, – ამბობს გიორგი გელეიშვილი.
მისივე თქმით, ის სხვა სპეციალისტებთან ერთად ბედიანის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ბედიანის კლინიკის ბიოფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისით მომსახურების შესაძლებლობა შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ 150 ბენეფიციარში არიან ისეთები, ვისაც აღარს სჭრიდება გრძველვადიანი დაყოვნების საავადმყოფოში ყოფნა და საჭიროებენ სათემო სერვისებს ცხოვრების ნორმალური პირობებისთვის.
გელეიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ის ხედავს სამინისტროს სურვილს, რომ ქვეყანაში განვითარდეს სათემო სერვისები, თუმცა დასძენს, რომ აუცილებელია სამინისტრომ წარმოადგინოს ფორმალიზებული გეგმა იმის თაობაზე, თუ სად გადაჰყავთ ბედიანიდან გამოყვანილი ბენეფიციარები.
ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბედიანში მცხოვრები კაცი ბენეფიციარები სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილდებიან – შპს “აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი”, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სურამის კლინიკა).
თუმცა ამავე წერილის მიხედვით, ასევე იგეგმება გრძელვადიანი სერვისების განვითარება, რისთვისაც დაიწყო საცხოვრისების (რუსთავის საცხოვრისის ტიპის დაწესებულება (2019-2020), ქუთაისის (2), ფოთისა და სენაკის (2019-2022) საცხოვრისები) და მცირე საოჯახო ტიპის სახლების განვითარება. „აღნიშნულის განხორციელებისთვის, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეფასდა ბედიანის კლინიკის ბიოფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისით მომსახურების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინსიტროს პასუხში.
ასერტული სერვისი და მისი შედეგები
ასერტული სერვისი საქართველოში 2013 წელს დაინერგა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. 2016 წლამდე სერვისს ფონდი სრულად აფინანსებდა, 2016 წლიდან სერვისის დაფინანსება ნაწილობრივ ქალაქის მერიამ დაიწყო.
მერია ყოველთვიურად თითოეულ ბენეფიციარს 250 ლარით აფინანსებს, დარჩენილ თანხას კი ფონდი „ღია საზოგადოება“ გამოყოფს.
გელეიშვილის თქმით, საჭირო სერვისის იმ ხარისხისა და სტანდარტის შესანარჩუნებლად თვეში პაციენტისთვის უნდა გამოიყოს 320-330 ლარი. მისივე თქმით, ისინი ყოველწლიურად ცდილობენ მერიასთან კომუნიკაციას ყოველთვიური დაფინანსების გაზრდის თაობაზე, თუმცა „საქმე წინ არ მიდის“.
ასერტული სერვისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სერვისია, რომელში ჩასართავადაც კონკრეტული ბენეფიციარი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„ეს არის სერვისი მათთვის, ვისაც მდგომარეობაც ხშირად მძიმდება. პირი წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ უნდა იყოს ჰოსპიტალიზებული, რომ ჩვენს სერვისში ჩართვა შეძლოს“.
სერვისში 12 მომსახურე პერსონალია ჩართულ – ფსიქიატრი, ექთანი, ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანაგანმანათლებელი, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან, გეგმავენ დღეს, შემდეგ კი პაციენტებთან ბინაზე გადიან, ხვდებიან მათ, მათი ოჯახის წევრებს და რეაბილიტაცია-მკურნალობისთვის საჭირო შემდეგ ნაბიჯებს გეგმავენ. დღეს ასერტული (აქტიური) სერვისის ცენტრი ასამდე პაციენტს ემსახურება.
გიორგი გელეიშვილის თქმით, სერვისი ეფექტურია ყველა პარამეტრით – სტაციონარში მოხვედრის სიხშირე 90%-ით შემცირდა, ბენეფიციარების 10% დასაქმებულია კონკურენტულ სამსახურში.
„ამას სჭირდება ბევრი შრომა, ვიღაცასთან შეიძლება დაგვჭირდეს ყოველდღე მისვლა, რომ შესვენებაზე მედიკამენტი/ საჭმელი მივუტანოთ და ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ამ შრომის შედეგად ხელს ვუწყობთ ადამიანების რეინტეგრაციას“.
კვლევის მონაცემები
ორგანიზაციისგან მიღებული შედეგები, რომლებიც სერვისის ეფექტურობას ზომავს ასე გამოიყურება:
ასერტულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ ბენეფიციარების სტაციონირების რაოდენობის შემცირება წლის მიხედვით:
o 2013 წელს შემცირდა 93.9%-ით;
o 2014 წელს – 95.8%-ით;
o 2015 წელს – 96.2%-ით;
o 2016 წელს – 95.4%-ით;
o 2017 წელს – 96.5%-ით;
o 2018 წელს – 94.2%-ით;
o 2019 წელს – 90.2%-ით.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პირველი აღსანიშნავი და ხელშესახები შედეგი სტაციონირების რიცხვის შემცირებაა. აღნიშნული კრიტერიუმის დათვლისთვის ორგანიზაცია შემდეგი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს: ხდება სტაციონირების რიცხვის შედარება პროგრამაში ჩართვამდე და პროგრამაში ჩართვის შემდეგ (დროის თანაბარ მონაკვეთში).
„არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დასაქმების საკითხი: ბენეფიციარების 9.5% საპენსიო ასაკისაა; ბენეფიციართა 13.7% ამჟამად დასაქმებულია; 17.9%-ს კი სხვადასხვა დროს არასტაბილურად უმუშავია სხვადასხვა სამსახურში; მათი 7.4% ხელსაქმითაა დაკავებული, რითაც გარკვეულ თანხას გამოიმუშავებს; ხოლო 7.4%-მა გააგრძელა ან ამჟამად აგრძელებს სწავლას.
ბენეფიციართა ინდივიდუალური გეგმების განხილვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი შედეგები: 35.8%-მა ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან კონფლიქტი დაარეგულირა; ბენეფიციართა 12% საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით რეგულარულად ერთვებოდა სხვადასხვა გასვლით აქტივობაში (კინო, თეატრი, მუზეუმი, სპორტი, კულტურული და რელიგიური ღონისძიებები); 22%-ს (გარდა დასაქმებული ბენეფიციარებისა) ნაპოვნი აქვთ სივრცე, სადაც ყოველდღე შეუძლია გასვლა და ადამიანებთან ურთიერთობა; მათი 42% დარეგისტრირდა და იყენებს სოციალურ ქსელს. ბენეფიციართა ოჯახის წევრების 100% იღებდა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ფსიქოგანათლებას დაავადების შესახებ; 8%-ს დაენიშნა პენსია, 3%-ს სოციალური დახმარება და 4% მიება უფასო სასადილოს პროგრამას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რა გამოწვევებია საქართველოში სათემო სერვისების განვითარების კუთხით?
საქართველოში ასერტული სერვისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს ისეთი სათემო სერვისები, როგორიცაა ამბულატორია, მობილური ჯგუფი. გელეიშვილის თქმით, ასერტული ცენტრის ბაზაზე გადამზადდნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს მობილურ სერვისს აწვდიან.
„ჩვენთან 150 კაცს აქვს გავლილი ტრენინგი და დღეს უკვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 26 მობილური გუნდი ფუნქციონირებს“, – ამბობს გიორგი გელეიშვილი.
მობილური ჯგუფები ამბულატორიებზე არიან მიბმული.
ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აკითხავდნენ ამბულატორიას და ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით, მობილური ჯგუფის წევრები სახლში ადგილზე მიდიან.
მობილური ჯგუფების დაფინანსება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ დროისთვის მობილური ჯგუფების საქმიანობისთვის მილიონ შვიდასი ათასია გამოყოფილი. გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ წლების წინ ამ მასშტაბის დაფინანსებაზე ვერც კი იოცნებებდა. დღეს მობილური სერვისები ჯერ სრულად არ ფარავს მთელ საქართველოს.
თუმცა გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ ახლა საჭიროა ამ სერვისის ეფექტურობის შემოწმება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის სტანდარტი, რომელიც, მისივე თქმით, დასამტკიცებლად მზად არის და შემდგომ მობილური ჯგუფების საქმიანობის ეფექტურობის შესამოწმებლად უნდა შემუშავდეს მონიტორინგის მექანიზმი.
„ვიღაც ადგილზე უნდა ჩავიდეს და ნახოს ეს გუნდი, მართლა ისე მუშაობს, როგორც საჭიროა, თუ სულ სხვა რამეს აკეთებს. არცერთი თეთრი არაა გამოყოფილი შეფასების გასაკეთებლად. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. ამას სჭირდება ჩასვლა და შემოწმება, ოღონდ ის რეგულირების სააგენტოს სტილში არ უნდა გაკეთდეს. უნდა გაკეთდეს მხარდაჭერასა და სერვისი განვითარებზე ორიენტირებული შეფასება. ე.წ. სუპერვიზია.
მე ვარ ყველაზე აქტიური ადამიანი, ვინც მობილური ჯგუფების გაფართოებაზე საუბრობდა. მაგრამ წელს არცერთი სიტყვა არ მითქვამს, რადგან ვხედავ, რომ მის გაფართოებაზე მნიშვნელოვანი მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებაა“, – ამბობს გელეიშვილი.
2018-2019 წლებში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ამბულატორიის დაფინანსება, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია, რის შემდეგაც გელეიშვილის შეფასებით, ის უფრო სამართლიანი გახდა.
„ვიცით, რომ არსებობს ამბულატორიები, სადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების არჩევანი. მაშინ, როცა დაფინანსება სულ მოსახლეზე ყველასთვის თანაბრადაა დაანგარიშებული. ამის სტანდარტიც გაწერილია – ამ შემთხვევაშიც სტანდარტის მიღება და მონიტორინგის სისტემის შემოტანაა საჭირო“, – ამბობს გელეიშვილი.