ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „16 ავტოპორტრეტი“ გალერეა „ვერნისაჟში“
„…თითქმის ორი საათი გაუჩერებლად ვიღებდი და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც თითები იმდენად გამეყინა, რომ ფოტოაპარატს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ გაუცნობიერებლად, საკუთარ ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი…
ფოტოების გადაღებისას უეცრად მივხვდი, რომ მარტოობას ვიღებდი, საკუთარ მარტოობას. ოღონდ, არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანში ღრმადაა ჩამარხული.“
ეს მცირე ტექსტი ერთგვარი გზავნილია და ალბათ განწყობის გამომხატველი მიპატიჟებაც, რომლითაც ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე თავის გამოფენაზე, გალერეა „ვერნისაჟის“ პატარა და მყუდრო დარბაზში გაგიძღვებათ. გამოფენა სახელწოდებით „16 ავტოპორტრეტი“ მარტის ბოლოს გაიხსნა და დაახლოებით 9-10 წლის წინათ, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ნოემბერში გადაღებული, თითქმის აქრომატული ფოტოების შეხსენებაა.
სინამდვილეში, გამოფენის დასათაურებაში გამოტანილი ფრაზა უბრალოდ „უნივერსალური მარტოობის“ მეტაფორაა, რის შესახებაც თავად ავტორი აღნიშნავს საპროგრამო ტექსტში. გამოფენილ 16 ფოტოზე არათუ ფოტოგრაფის, საერთოდ ადამიანის სახეს ვერსად ნახავთ. მხოლოდ ერთ ფოტოზე, სადღაც შორს, ძაღლები გამოკრთებიან, რომლებიც ნაცრისფერი ზღვის პეიზაჟს სიცოცხლის მაუწყებელი წერტილებივით ავსებენ.
თქვენს წინაა ნოემბერში, შორი და საშუალო ხედით გადაღებული კასპიის ზღვის სანაპირო, რომელსაც ბუნებრივი მელანქოლია და ზამთრისპირა სუსხი რაღაცნაირად უხდება კიდეც. მაგრამ რას ვხედავთ, როცა ფოტოგრაფის 16 ავტოპორტრეტს ვუყურებთ?! – დაჟანგებულ საქანელებს, ხის სკამებსა და რკინის მაგიდებს, უცნაურად და უსიცოცხლოდ გამოჩხერილ რკინის კონსტრუქციებს, წვიმისა და მზისგან დამცავ, შემორჩენილ ტენტებს, სადღაც შორს, მიტოვებულ და გამოშიგნულ ძველ საბჭოთა „გაზ 21-ს“, უკვე დაშლილ ქოხებს, ძველ და ალბათ გამომპალ, უფუნქციო ხის ნავს, რომლის მკრთალი სილურჯე თითქოს ზაფხულის მკრთალი მინიშნებასავითაა.
ლევან ხერხეულიძის კამერით აღბეჭდილი შემოდგომის ზღვის სანაპიროს შესაცნობად განსაკუთრებული ჭვრეტა, ან საიდუმლო არ გჭირდებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ფოტოგრაფი სანაპიროს ქვიშაზე დატოვებულ ავტომობილის ნაკვლევსა თუ სანაპიროზე გაბნეულ მეჩხერ საგნობრიობაში იდუმალებას კი არ ეძებს, არამედ საკუთარ შინაგან მდგომარეობას კითხულობს, ავტოპორტრეტიც ხომ სწორედ ამგვარი შინაგანი მდგომარეობის დაფიქსირებაა.
ავტორი თითქო ცალკე ცხოვრობს; ის უფრო დამკვირვებელია, ვიდრე თანამგრძნობი. მაგრამ პარადოქსიც ისაა, რომ რაც უფრო შორიდან აკვირდება საგნებსა თუ ზღვის პეიზაჟს, მით უფრო ახლოდან ვგრძნობთ მარტოობის ეგზისტენციურ განცდას („ოღონდ არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც ალბათ, ყველა ადამიანშია ჩამარხული“ – ესეც თავად ლევან ხერხეულიძის ტექსტია).
არ გამოვრიცხავ, რომ გამოფენის შესახებ ჩემი აღქმა ზედმეტად სუბიექტურია. როცა ადამიანს დიდი ხანია იცნობ, მასთან ერთად წლების განმავლობაში გიმუშავია; იცი მისი სამყარო, შეხედულებები, იუმორი და სიტყვების მარაგიც კი, ძნელია მისი სამყაროდან ბოლომდე დისტანცირება. თუმცა დგება ხოლმე რაღაც ჭეშმარიტებასთან მიახლოების მომენტი, როცა კარგად ნაცნობი ადამიანის პროფესიული უნარები სრული დისტანციის საშუალებას იძლევა… და ხელახლა აღმოაჩენ და დაინახავ მის ავტოპორტრეტს (ამ შემთხვევაში უკვე 16 ნაწილად დაშლილსა და შეერთებულს), რასაც ადრე ვერ ამჩნევდი.
ასე რომ, გირჩევთ ნახოთ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე „ვერნისაჟში“ ლევან ხერხეულიძის უჩვეულო „16 ავტოპორტრეტი“ და თქვენი სამყარო, ან თქვენი ავტოპორტრეტიც ხელახლა აღმოაჩინეთ. გამოფენა 16 აპრილამდე გაგრძელდება.