შეშლილი პიერო

დავით ბუხრიკიძე

ჟან-პოლ ბელმონდო: ჯანყის, თამაშისა და ავანტიურის ხიბლი

ჟან-პოლ ბელმონდო ღრმად მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. მისი უამრავი კინოროლი ახალგაზრდობის, ჯანყის, ავანტიურისა და სიკვდილთან თამაშის რიტუალს წააგავს ან, პირიქით, ნებისმიერი იდეალის მხიარულ და დაუნდობელ უარყოფას. მოქმედების აუცილებლობა და რაღაცნაირი, ცინიკური  რომანტიზმი მისი პერსონაჟების თანამდევი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა.

ბელმონდოს გმირები უდარდელი, ცინიკოსი, გამოგონილი თუ ნამდვილი პრობლემებით არიან დატვირთულები და მაყურებელს, ასაკისა და შეხედულების მიუხედავად, იპყრობენ. ისინი ლამის უცენზურობისა და უკანონობის ზღვარზე არსებობენ, ცხოვრობენ, ვიბრირებენ, თუმცა, მეორე მხრივ, ბელმონდომ თავის კინოკარიერაში მოახერხა, მეამბოხეობა ხელმისაწვდომი და ამავე დროს ირონიული გაეხადა 60-70-იანი წლების  მთელი თაობებისთვის, თანაც, ყველა განზომილებითა თუ ვარიაციით.

ფრანგული „ახალი ტალღის“ რევოლუციის ერთ-ერთი თანამონაწილე მაყურებელმა 26 წლის ასაკში გაიცნო, ჟან-ლუკ გოდარის საკულტო ფილმით – „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“. საკმარისია, ტიტრებს უბრალოდ თვალი გადაავლოთ და გასაგები გახდება ფილმის ისტორიულ-ესთეტიკური მნიშვნელობა. სცენარი – ფრანსუა ტრიუფო, ოპერატორი – რაულ კუტარი, მხატვარი -კლოდ შაბროლი და ერთი-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი – ჯინ სიბერგი, ამერიკელი კინოვარსკვლავი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა.

 

მიშელ პუაკარის სახე იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბელმონდოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბელმონდო თითქოს პაროდიულად იმეორებდა ამერიკული კინოს ვარსკვლავის, ჰემფრი ბოგარტის  ეკრანული გმირების თავგადასავალს: იპარავს მანქანებს, გაურბის პოლიციელებს, რომლებიც მას მკვლელობის გამო ეძებენ, ახერხებს, მოხიბლოს ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი, რომელიც მისი თავგადასავლების თანამონაწილე ხდება…

პუაკარის ავანტიურა, თავგადასავალი და საერთოდ, ფილმიც დღევანდელი გადასახედიდან აღიქმება, როგორც „ფილმ ნუარის“ სიმბოლო, როგორც თაღლითობის რომანტიზაცია, ან სულაც, როგორც 60-იანი წლების მეამბოხეთა მიმართ პაროდიად. რატომაც არა, თუ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის რევოლუციებმა ვერ იპოვეს სხვა განსახიერება მიშელ პუაკარის მსგავსი გმირებისთვის?

არც ისაა შემთხვევითი, რომ მაყურებელმა ბელმონდოს მეტსახელი „ბებელი“ შეარქვა, რაც უფრო მისმა არასტანდარტულმა გარეგნობამ, უშუალო  და უდარდელობასთან შერწყმულმა მამაკაცურობამ განაპირობა. სწორედ ასეთმა უცნაურმა და არასტანდარტულმა გარეგნობამ, მოქნილობამ და რომანტიზმმა განაპირობა, რომ თავისუფლად შეძლო, ეთამაშა ქურდები, ავანტიურისტები, საიდუმლო აგენტები, შულერები, პოლიციელები, პაროდიული კინოვარსკვლავები, მწერლები, სასულიერო პირები.

ურიცხვ ფილმებში, რომლებიც, ძირითადად, ქმედითი კომედიის ელემენტებისგან შედგება, მნიშვნელოვანია რამდენიმე საინტერესო ნამუშევარიც, რომლებიც გადამწყვეტია მსახიობის მითოლოგიზაციაში. მაგალითად, ფილიპ დე ბროკას სახალისო და პაროდიული კომედია „შესანიშნავი“ (პარტნიორობას ამ ფილმში მას ჟაკლინ ბისე უწევს), სადაც ბელმონდო ერთდროულად მწერალსაც თამაშობს და მის მიერ შეთხზულ პერსონაჟსაც – საიდუმლოა აგენტსაც ან, თუნდაც, ცნობილი რეჟისორის, კლოდ ლელუშის ლირიკულ-რომანტიკული დრამა „კაცი, რომელიც მომწონს“. ბელმონდოს კომპოზიტორის როლის შესრულება მოუწია, რომელსაც რთული და დრამატული ურთიერთობა აქვს მსახიობ ქალთან (ამ როლს შესანიშნავად თამაშობს ანი ჟირარდო). აქვე აღვნიშნავთ, რომ ფილმში ჟღერს ფრასის ლეის მუსიკა.

ახალგაზრდა ბელმონდოს ბიოგრაფიაში ასევე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მთავარი როლი სახელოვანი  თეატრალური რეჟისორის, პიტერ ბრუკის იშვიათ კინემატოგრაფიულ ნამუშევარში „მოდერატო კანტაბილე“ (მარგარეტ დურას სცენარის მიხედვით), თუმცა ამ ფილმში ის მაინც სახელოვანი კინოვარსკვლავის, ჟანა მოროს ჩრდილში მოექცა.

1974 წელს „ახალი ტალღის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ინტელექტუალმა ალენ რენემაც მოუძებნა მას დრო და სივრცე ეროვნული მასშტაბის თაღლითის, სტავისკის როლის შესასრულებლად. ფილმში „სტავისკი“ ბელმონდო თაღლითს თამაშობს, რომლის საიდუმლოს გამჟღავნებამ 1934 წელს საფრანგეთის მთავრობის გადადგომა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოიწვია. საბჭოთა კინოგაქირავებაში განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ჟორჟ ლოტნერის ფილმი „პროფესიონალი“, რომელშიც ბელმონდო მარტოხელა კაცსა და საიდუმლო სამსახურის შურისმაძიებელს თამაშობს. ცნობილი ეპიზოდი ამ ფილმიდან, როდესაც ბელმონდოსა და რობერ ოსეინის გმირები ენიო მორიკონეს მუსიკის ფონზე ხვდებიან, ლამის კლიპადაც იქცა.

ცხადია, ბელმონდოს მონაწილეობით კიდევ ბევრი ფილმის გახსენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის მისი შემოქმედების ყველაზე  სიმბოლური და ყველაზე ზუსტი მეტაფორა მაინც 1965 წელს გადაღებული, ჟან-ლუკ გოდარის „შეშლილი პიეროა“. ფერდინანდ გრიფონი (ბელმონდო) ბურჟუაზიულ კეთილდღეობას და  სიმშვიდეს მოულოდნელ ამბოხსა და დანაშაულებრივ სიგიჟეს არჩევს. ცხადია, სიყვარულის გამო და ძალისხმევით. რაშიც ბელმონდოს ამ ფილმში თვალის მომჭრელი ანა კარინაც ეხმარება.

ჟან-პოლ ბელმონდო ბოლომდე „შეშლილ პიეროდ“ დარჩა. ის ვერც ფულმა შეცვალა, ვერც პოპულარობამ და ვერც მარტოობამ, რასაც სიცოცხლის ბოლო წლებში ერთგული ძაღლების დახმარებით უმკლავდებოდა.