ისეთი დიდი მწერალი იყო, წესით, კარგა ხანს გაუგებარი და უღიარებელი უნდა დარჩენილიყო, მით უმეტეს, დღევანდელი საქართველოსთანა ღირებულებებშემორღვეულ და ავ-კარგის ერთიანად ამლუფხველ ქვეყანაში. მაგრამ, ალბათ, არსებობენ ბედნიერი გამონაკლისებიც და გურამ დოჩანაშვილი შეგვიძლია სწორედ ამ გამონაკლისებს მივათვალოთ, რაკიღა ბოლო ხანს მისი სახელი ყველას პირზე ეკერა და ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, შენი უსაყვარლესი ქართული რომანი რომელიაო, უყოყმანოდ გიპასუხებდათ: „სამოსელი პირველი“!
მერე რა, თუკი ეს „სამოსელი პირველი“ ძალიან ბევრს იმ მოპასუხეთაგან, ალბათ, საერთოდაც არ ექნებოდა წაკითხული. უყვარს ტფილისს ასეთი უცნაური გაფეტიშებები, ძირითადად, ყოვლად უსაფუძვლო, ბავშვების სათამაშო ტყლარწივით მოულოდნელად გაქნეული და სასაცილოდ გაჭიმული და მხოლოდ, ხანდახან, ძალზე იშვიათად – ზუსტი და უტყუარი – როგორც ნამდვილად ღირსეული გურამ დოჩანაშვილის შემთხვევაში.
რაც მთავარია, ამ საყოველთაო აღიარებას თვითონ აღიქვამდა და იღებდა ყველაზე ღირსეულად. განა საკუთარი თავის ფასი არ იცოდა ზუსტად ანდა თავისი თავი ეიაფებოდა, უბრალოდ, ოსტატურად ირიდებდა ხოლმე თავიდან ყველანაირ ქებას და ბოლო დროს ყველგან აღნიშნავდა, რომ თვითონ კი არ წერდა, სულიწმინდა აწერინებდა, ანუ, თუ რამ ღირსება ჰქონდა, თავის დამსახურებად კი არა, უპირველესად ღვთის მადლად აცხადებდა და ამასაც, მაინცდამაინც მოკრძალებად მივიღებთ და არა პირიქით – გადაჭარბებულ ამბიციად, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთგვარი გამოწვევა უნდა ყოფილიყო იმ საზოგადოებისა, რომელიც წაუკითხვადაც გიჟდებოდა გურამ დოჩანაშვილის ნაწერებზე.
დოჩანაშვილის ამ ფრაზას კი: „სულიწმინდა მაწერინებს“ ცოტა უფრო შორიდან ეხმიანებოდა მის სტილისტიკასთან, ალბათ, ყველაზე ახლოს მდგომი და მასავით მარტოსული გენიოსი – ნიკო ფიროსმანი: „წმინდა გიორგი მადგას თავზე მათრახით და დამყვირის, დახატე, ნიკო, დახატეო!“
მარტო ამ ფრაზების გამო არა, ისედაც მგონია, რომ ძალიან ჰგავს გურამ დოჩანაშვილის სამყარო ნიკო ფიროსმანისას: ჰგავს თავისი ნაივურობით, სიზმრისეულობითა და არტისტულობით. დოჩანაშვილთან უბრალოდ სინტაქსი ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ფერი – ნიკო ფიროსმანის ნახატებში.
დღეს ვფიქრობდი და ასეთი საერთო-სახალხო სიყვარულით საქართველოში ადრე უფრო პოეტები იყვნენ გარემოსილნი. გურამ დოჩანაშვილის დამსახურება კი ის არის, რომ მან პროზაული ტექსტი, რომანი აქცია თავისი თაობის საქართველოს ერთიანობის ნამდვილ სიმბოლოდ და ამ შემთხვევაში მართლაც სულერთია, ვის აქვს ნამდვილად წაკითხული და ვინ ფეხის ხმას აყოლილი ამბობს, რომ მისი უსაყვარლესი წიგნია „სამოსელი პირველი“. მთავარი აქ სულ სხვა რამეა: ის, რომ ყველაფერზე და ყველაფრის გამო ერთმანეთს ასე წაკიდებული, ერთმანეთთნ ქიშპისათვის მუდამ მზადმყოფი ერის შვილები საბოლოოდ ერთ რამეზე მაინც შეთანხმდნენ: გურამ დოჩანაშვილის წიგნი გამოარჩიეს იმ ფუნქციით, რაც, ჩვეულებრივ, სახარებას უნდა ეტვირთა: წიგნი, სადაც არ არსებობს ნაცი და ქოცი; სადაც კამორაც, კანუდოსიც და ლამაზქალაქიც ერთიანია.
სხვათა შორის, ეს ფენომენი მართლა იმსახურებს განსაკუთრებულ კვლევას: რატომ მაინცდამაინც „სამოსელი პირველი“ აღმოჩნდა ასეთი „შეთანხმების საგანი“ და არა – თუნდაც გურამ დოჩანაშვილის სხვა მოთხრობები და რომანები.
სულ ადრეული მოთხრობებიდან მოყოლებული, მგონი, პირველად დაბეჭდილი მოთხრობიდანვე გურამ დოჩანაშვილი არის გურამ დოჩანაშვილი. ხოლო მისი ცოტა გვიანდელი ორი მოთხრობა: „ იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“ და, განსაკუთრებით, ვრცელი „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ – ისეთი ვრცელი, ახლა რომ დაწერილიყო, ალბათ „მცირე რომანსაც“ უწოდებდნენ – თანამედროვე ქართული პროზის ნამდვილ მშვენებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ახლა, შეიძლება, საკამათო რამეს ვამბობ, მაგრამ პირადად მე მისი ბოლო დროს დაწერილი „ლოდი ნასაყდრალი“ თვით „სამოსელ პირველზეც“ კი უფრო მნიშვნელოვანი, რთული და მრავალგანზომილებიანი რომანი მგონია.
ოღონდ, ცხადია, დრო არის საჭირო, რომ დოჩანაშვილის კოლეგა მწერლებმაც კი სწორად გაიაზრონ, რა „ჩაიდინა“ ამ რომანში მისმა ავტორმა: როგორ დაშალა საყდარი (ძველი გურამ დოჩანაშვილი) და ეს ნასაყდრალი ლოდი, რომელიც „მშენებლებმა“ დაიწუნეს, როგორ აქცია ქვაკუთხედად სრულიად ახალი, უფრო რთული სტრუქტურისა და დახვეწილი აღნაგობის კათედრალისათვის.
ამ რომანში დოჩანაშვილი ისეთია, „როგორც რო თვითონ“: ის აქ ანგარიშს აღარ უწევს მწერალსა და წარმოსახვით მკითხველს შორის არსებულ უამრავ პირობითობას, რაც საბოლოოდ ერთობ საზიანოდ ზემოქმედებს ლიტერატურაზე და ქმნის დამოუკიდებელ ენობრივ და სინტაქსურ სინამდვილეს, რომელიც არაგანდობილთათვის თითქმის ჰერმეტულად არის დაგმანული.
ამ ტექსტში შეღწევისათვის მკითხველს ყველა ის კოდი სჭირდება, რასაც კი დიდი ლიტერატურის გააზრება მოითხოვს. რაღაცნაირი უშეღავათო წიგნია: ან დამსახურებულად გაგეხსნება, ან, საერთოდ, პირს იქცევს შენგან და გულსაც ჩაიხურავს.
„ლოდი, ნასაყდრალში“ გურამ დოჩანაშვილის არაჩვეულებრივი ხალასი იუმორიც კი სრულიად ახალ სიბრტყეშია გადამტყდარი და ალბათ სწორი იქნება, თუ აქ მის უჩვეულო სიტყვათწარმოებასა და სინტაქსმთხზველობასაც ამ იუმორის ნაწილად გავიაზრებთ.
ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად აღიარებისა და უჩვეულო პოპულარობისა, საქართველოს ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰყავს დიდი გურამ დოჩანაშვილი და ეგებ, ჩვენი მომავალი არსებობა იმაზეც იყოს დამოკიდებული, რამდენად სწორად დავინახავთ და გავიაზრებთ ამ ადამიანების დანატოვარ ძალიან დიდ სიმდიდრეს; მეოცე საუკუნის იმ ნამდვილად დიდებული მწერლების მემკვიდრეობას, ჩემი პანთეონის ბინადრებად რომ მეგულებიან; მწერლებისა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ, როგორც ერს ერთიანად და ცალკე კიდევ თითოეულ ჩვენგანს, როგორც ადამიანს, კიდევ უფრო უკეთ და ახლოს გაგვეცნო ჩვენი თავი. შექმნეს სრულიად ახალი სინამდვილე იმისათვის, რომ მისი მეშვეობით ჩვენი სინამდვილისა და დღევანდელობის გაცნობიერების ღონე მოგვცემოდა.
დღეს შინ დაბრუნდა ნატანჯი დომენიკო… ჩადგა სულიწმინდის აღძრული დიდი ქარიშხალი…
გაუმარჯოს შინდაბრუნებულ გურამ დოჩანაშვილს…