მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვლის გადაწყვეტილებებს თეოლოგები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინების მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ, ასევე მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
„ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები დიდი წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იერარქები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ არჩევენ დაპირისპირებებისა და მტრის ხატის შექმნას. ამის ნათელ მაგალითად წარმოჩნდება სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინება, რომლის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ სულთან ასევე მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან. ქრისტიანული სარწმუნობეის სიმბოლოში ვკითხულობთ, რომ ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო.
ეკლესიის კათოლიკურობა უპირველესად მასში ყოველი საეკლესიო სუბიექტისა თუ ერთობის (ერის კაცის, სამღვდელო დასის, ეპარქიის, წმინდა სინოდის) ჰარმონიულ თანაზიარებას გულისხმობს, რაც თავისმხრივ ეკლესიის თითოეულ წევრს ამ ერთიან სხეულზე და მისგან ღვთის სახარებისული სიტყვის სარწმუნოდ ქადაგებაზე ზრუნვას ავალდებულებს. ამიტომ, თავს მოვალედ ვთვლით, როგორც ჩვენ პატივცემულ სამღვდელოებას და ეკლესიის მრევლს ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას გავუზიაროთ განჩინების შემდეგი სახის საღვთისმეტყველო-კანონიკური შეფასება.
1 – დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით სინოდი არღვევს საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს და სადავო ვითარების შესახებ დაუბალანსებელი ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის განცხადებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ასევე ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლებრივ მდგომარეობას.
2 – პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინაციის თემას დაკავშირებით, სინოდი მკაფიოდ და ცალსახად არ გამოხატავს ზრუნვას ადამიანთა სიცოცხლის დაცვაზე, როდესაც მისი ორაზროვანი განცხადებებით გზით ხელს უწყობს ეკლესიაში სამღვდელოების უდიდესი ნაწილის მიერ ვაქცინის შესახებ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიების ქადაგებას. ნიშანდობლივია, რომ არცერთი ამგვარი ქადაგება არ იქნა დაგმობილი სინოდის მიერ, რაც გამოიწვევს მოსახლეობის სიცოცხლისათვის და სულიერი მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელი ფანატიკური ცრურწმენების დაუბრკოლებლად გავრცელებას. ვაქცინაცია და უშუალოდ ვაქცინის ამა თუ იმ სახეობაზე მსჯელობა წმ. სინოდის მხრიდან, რომელთაც მორწმუნეებში (მოსახლეობის უმრავლესობაში) მაღალი ნდობა გააჩნიათ, აბსოლუტურად სცდება მათ კომპეტენციას. ქრისტიანობისათვის და ქრისტიანული ეკლესიისათვის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია.
შესაბამისად იქ, სადაც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად უშუალოდ მედიცინისა და მეცნიერების კომპეტენციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს, ეკლესია არ უნდა შევიდეს მასთან კონფრონტაციაში და არ უნდა მოახდინოს მორწმუნეების დაბნევა. უფრო მეტიც, ეკლესიის სამღვდელო დასი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის დაცვა-მოფრთხილების კუთხით მაგალითის მიცემიც უნდა იყოს. ამის კარგი მაგალითი აჩვენეს მსოფლიო პატრიარქმა, რომის პაპმა თუ სხვა მაღალმა იერარქებმა საჯაროდ აცრისას.
ამის საპირისპიროდ რიგი უმაღლესი იერარქები და სასულიერო პირები ამბიონიდან მოუწოდებდნენ მორწმუნეებს და საზოგადოებას, აჯერებდნენ მათ ეპიდემიის თითქოსდა არაარსებობას. ეს სასულიერო პირები საკუთარი მოყვასისადმი გამოჩენილი უპასუხისმგებლობის, გულცივობის, სასულიერო წოდების ბოროტად გამოყენებისათვის და ადამიანების სიცოცხლით უპასუხისმგებლო თამაშის გამო საეკლესიო სასამართლოს მხრიდან უნდა გასამართლდნენ.
საპატრიარქომ გამოავლინა ძალიან სუსტი სოციალური მსახურება და სოციალური სინდისი პანდემიის პერიოდში, როდესაც გაცილებით მეტის რესურსი გააჩნდა. ამის ნათელი მაგალითია სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები (რუმინეთის, კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის და სხვანი), რომელთა ცალკეულმა ეპისკოპოსებმა, საპატრიარქოებმა თუ მორწმუნეთა ორგანიზებულმა ჯგუფებმა სხვადასხვა ფორმით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ეპიდემისათან ბრძოლაში, იქნებოდა ეს ფინანსური, მორალური და ცოცხალი მხარდაჭერა.
სინოდის სხდომაზე მღვთელმთავრების საჯაროდ ნიღბების გარეშე გამოჩენა, საერთო პანდემიური მდგომარეობის და შექმნილი კრიტიკული სიტუაციის იგნორირების კიდევ ერთი მაგალითია.
3- პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაციის შესახებ სინოდის მიერ მიღებული დადგენილება კვლავ ადასტურებს დღეს ჩვენს ეკლესიაში გავრცელებულ და ასევე თავად სინოდისგან გასულ წელს გამოხატულ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მცდარ ეკლესიოლოგიურ შეხედულებას სამღვდელო ხარისხისა და მისი მონაწილეობით აღსრულებული საეკლესიო საიდუმლოებების არსის შესახებ. ამ მცდარი შეხედულების მიხედვით გამოდის, რომ საეკლესიო რიტუალში გაუცნობიერებელი მონაწილეობა ითვლება თავისთავად მადლმოსილად. ეს შეხედულება აშკარა მსგავსებას ამჟღავნებს მაგიურ წარმოდგენებთან, რაც ეკლესიის სწავლებით მკაცრად დაგმობილია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ბიბლიური საზოგადოება“ წარმოადგებს რელიგიურ ორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური საერო სამართლებრივი თვალსაზრისით და ის სრულებით არ ქადაგებს რაიმე სახის სარწმუნოებას, რომელიც ან თანხმობაში ან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან.
შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მასში მხოლოდ ჯარში გაწვევისაგან თავის ასარიდებლად არიან გაწევრიანებული, არ აღიარებენ მართლმადიდებლობისგან რაიმე სახით განსხვავებულ სარწმუნოებას და არც მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებულ რელიგიურ რიტუალებში იღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ისინი ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობისა და საეკლესიო საიდუმლეობების უარმყოფელებად.
სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები (მათ შორის მართლმადიდებლური) ინტერნეტისა და ციფრულ ეპოქაში ახალგაზრდებთან ქრისტიანობასა და რწმენაზე სასაუბროდ უამრავ გზებსა თუ ხერხებს ეძიებენ. სპეციალურად ახალგაზრდებისათვის არსებობს საეკლესიო მსახურებები, შეხვედრები თუ რელიგიური ტიპის ბანაკები, უამრავი პასტორალური ინიციატივა, იქმნება მათთვის გასაგებ ენაზე წმინდა წერილი და მრავალფეროვანი რელიგიური ლიტერატურა, ხორციელდება უამრავი საეკლესიო ინიციატივა და ღონისძიება რათა საერთო ენა იპოვონ ახალგაზრდა თაობებთან, მოუსმინონ მათ გამოწვევებს, წუხილსა თუ პრობლემებს. ამ დროს, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ათასობით ახალგაზრდის საეკლესიო წიაღიდან მოწყვეტა და მათთვის სამომავლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნის სურვილის დაკარგვა შეუძლებელია რაიმე ჯანსაღი საეკლესიო პოლიტიკით თუ საღვთისმეტყველო არგუმენტით აიხსნას.
4 – მომდევნო რამდენიმე დებულებაში (მე-4 და მე-10 დებულებები) სინოდმა უხეშად დაარღვია როგორც სამღვდელო პირის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ასევე ეპისკოპოსის კანონიკური უფლებამოსილება მის შიდა ეპარქიულ საქმიანობაში. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი საეკლესიო კანონი არ უკრძალავს საერო ან სასულიერო პირს კრიტიკული აზრი გამოთქვას უმაღლესი იერარქების მიმართ. ეს თავისუფლება სათავეს იღებს ადამიანის როგორც ღვთის ხატად შექმნილის შესახებ დოგმატური სწავლებიდან.
ასე გვასწავლის წმინდა იოანე დამასკელი: „მისცა რა ღმერთმა ადამიანს, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად სახელვდებთ, რადგან ‚ხატისებრიობა‘ გონისმიერობასა და თვითუფლებრიობას აღნიშნავს” (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა 26). სწორედ ამ ხატების დასაბამიერ დიდებაში აღსადგენად განხორციელდა ღვთის ძე, რომელიც შემდეგ მის მოწაფეებს მიმართავს: „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (იოან. 15:15).
აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც პიროვნების თავისუფლებისა და აზროვნების მასაზრდოებელი, რაც არის ღვთის ხატება, იძლევა ძალაუფლების მართებული გაგების საღვთისმეტყველო კრიტერიუმს. ეს არის ქრისტეს მიერ ადამიანის გადასარჩენად გაღებულ მსხვერპლში გაცხადებული ღვთის სიყვარული. შესაბამისად, არსებობს უფლის სათნო ძალაუფლების ერთადერთი სახე — სიყვარული, ხოლო მისი განხორციელების ფორმა — მსახურება მოყვასისადმი. უფალი მის მოწაფეებს ასწავლის: „ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური“ (მარკ. 9:35). განკაცებული ღვთის სიტყვა, ვის მიერაც შეიქმნა სამყარო, თავად გვაძლევს უსაზღვრო სიყვარულისა და მოყვასის თავმდაბლობით მსახურების საოცარ მაგალითს საიდუმლო სერობის წინ მის მოწაფეთა ფეხთბანვით (იოან. 13:1-16), რომლის დასასრულ უფალი არიგებს მოწაფეთ: „რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ“ (იოან. 13:15).
5 – ამგვარი სიყვარულითა და თავმდაბლობით განსაზღვრული საეკლესიო მოწყობა ეკლესიის მართვის და ფუნქციონირების საქმეში როგორც მთლიანი სამღვდელო დასის, ასევე მთლიანად მორწმუნე ერის თანხმობას (ეკლესიის ერთსულოვნებას და ერთობას ეკლესიის წინამძღვართან) მოითხოვს. საეკლესიო მმართველობის სწორედ ამ სინოდალურ პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს ცალკეული პატრიარქების, ეპისკოპოსების, ეპისკოპოსთა კრების და სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც მორწმუნე ერს საღვთისმეტყველო-კანონიკური დასაბუთებით ეცნობება და მისგან თანხმობას მიიღებს. აქედან გამომდინარე, მამა ილია ჭიღლაძეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სასულიერო თუ საერო პირს, აქვს სრული უფლება და ასევე მოვალეობაც გააკრიტიკოს იერარქთა საეკლესიო სწავლებისათვის და ქრისტიანული ზნეობისათვის შეუსაბამო ქმედები და ქადაგებები. რაც შეეხება, ეპისკოპოსის მიერ მის ეპარქიაში მსახური სამღვდელო პირისთვის განტევების სიგელის პატრიარქთან შეთანხმების მოთხოვნას, უნდა გვახსსოვდეს, რომ საეკლესიო კანონების თანახმად, სასულიერო პირთა დასი შედგება სამი საფეხურისგან (დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელთაგან ეპისკოპოსი უმაღლესი სასულიერო პირია, ვისაც ხელდასხმის საიდუმლოს აღსრულდების უფლება აქვს. პატრიარქს მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიის საერთო მმართველობის საკითხში უმაღლესი ადმინისტრაციული ძალაუფლება გააჩნია.
თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უმაღლეს ადმინისტრაციული ძალაუფლების მატარებელ იერარქსა და რიგით ეპისკოპოსს შორის რეგულირდება „მოციქულთა კანონების“ 34-ე კანონის თანახმად, რომელიც განაჩინებს: „ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმინდის მადლით.“ ამიტომ, უპირველეს საეკლესიო იერარქს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეპისკოპოსის შიდა ეპარქიულ საქმეებში, თუ ამ უკანასკნელის მოქმედების კანონიკურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეპისკოპოსის მიერ მასზე დაქვემდებარებული სამღვდელო პირის კანონიკური დასჯა ან მისთვის „განტევების სიგელის“ ბოძება სხვა ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებას, როგორც ეს ტრულის კრების (692 წ.) 17-ე კანონშია ასახული.
გულისტკივილით აღვნიშნავთ რა სინოდის განჩინებაში არსებულ გადაცდომებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებებიდან, გამოვთქვამთ იმედს, რომ წმინდა სინოდი გაითვალისწინებს ჩვენს შვილობრივი მორჩილებითა და სიყვარულით გამოხატულ შენიშვნებს. აგრეთვე გამოვხატავთ ღრმა რწმენას, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლი კონკრეტულ სასულიერო პირთა სიყვარულზე მაღლა დააყენებს ქრისტეს და მისი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებებს. საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ საჯარო დისკუსიისათვის”, – ვკითხულობთ მათ წერილში.
ავტორები:
- დოქტორი ზურა ჯაში (თეოლოგი);
- დოქტორი თამარ გოგუაძე (თეოლოგი);
- დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი (თეოლოგი);
- თეოლოგიის მაგისტრი გურამ ლურსმანაშვილი;
- ლიცენციატი მიხეილ ნებიერიძე (თეოლოგი);
- ლიცენციატი შოთა კინწურაშვილი (თეოლოგი).