უკვე წლებია, არჩევნებიდან არჩევნებამდე, სკოლების პოლიტიზების საკითხი დღის წესრიგში დგას. დარგის სპეციალისტების შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის ან საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის არაერთი ფაქტი დაუფიქსირებიათ და გარკვეული ნაბიჯებიც გადაუდგამთ ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, თუმცა ხშირად სასკოლო საზოგადოების წევრები – დირექტორები და მასწავლებლები ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ, რაც კიდევ უფრო ართულებს პრობლემის მოგვარებას.
„რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას. პროექტს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„სკოლა წარმოადგენს ადგილს, სადაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ იმ ყველაფერს, რაც მათ დაეხმარებათ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ამ დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია სწავლისთვის თავისუფალი გარემო და მასწავლებელი, რომელიც ობიექტურად მისცემს მოსწავლეს ცოდნას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, პრაქტიკაში სულ სხვა სურათი გვაქვს“, – ამბობს შიდა ქართლის რეგიონული ნდობის ჯგუფის კოორდინატორი, მედეა პავლიაშვილი. მისი განმარტებით, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ხშირად სკოლაში დასაქმებული ადამიანები თავად არ არიან ინფორმირებულნი თავიანთი უფლებების შესახებ და უჭირთ კიდეც იდენტიფიცირება, როცა სხვები მათ უფლებებს არღვევენ. უფრო მეტიც, ისინი ხშირად არ ენდობიან იმ ინსტიტუციებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, რის გამოც ერიდებიან პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს და კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას.
მედეა პავლიაშვილის შეფასებით, პოლიტიზებული სკოლა კი გამორიცხავს თავისუფალ, ობიექტურ სასწავლო გარემოს და, ფაქტობრივად, სკოლას უკარგავს ფუნდამენტურ – საგანმანათლებლო ფუნქციას.
„თავისუფალ, დემოკრატიულად მოაზროვნე თაობებს ვერ აღზრდის შინაგანად შებოჭილი, სისტემური ჩარევის მსხვერპლი მასწავლებელი“, – ამბობს ქვემო ქართლის რეგიონული ნდობის ჯგუფის კოორდინატორი, თემურ სუყაშვილი. ის გვიყვება, რომ ნდობის ჯგუფების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული ნაბიჯები, რომლის ფარგლებშიც ხდება ინფორმაციის გავრცელება ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.
„აღსანიშნავია, რომ პროექტს აქვს გრძელვადიანი მიზნები და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე არ არის გათვლილი. სკოლების დეპოლიტიზების პროცესი დაკავშირებულია სირთულეებთან. ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ მასწავლებლებმა დაძლიონ შიში და ხმამაღლა ისაუბრონ მათ მიმართ არსებულ ზეწოლაზე, რასაც შეიძლება, წლები დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება და ერთიანი ქსელის შექმნა მესახება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად. მთავარია. შევინარჩუნოთ ნდობის ჯგუფების წევრების მოტივაცია და შევძლოთ ქსელის გაფართოება.“
თემურ სუყაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონებს, სადაც სკოლაში დასაქმებული პირების მოწყვლადობა მაღალია. რეგიონებში შექმნილი ნდობის ჯგუფები აერთიანებს სამოქალაქო აქტივისტებს, აქტიურ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ანონიმურობის დაცვის პრინციპით, მოისმინონ ადგილზე მასწავლებლების პრობლემები და დაიცვან სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.
„2006 წლიდან ვაკვირდები საარჩევნო/პოლიტიკურ პროცესებს და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის აქტუალური იყო და არის მასწავლებელთა და განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ჩართულობა საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში. ხშირად მათი ჩართულობა სწორედ იძულებით ან სხვაგვარი ზეგავლენით ხდება“, – ამბობს „ღია სივრცე – კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი და განმარტავს, რომ ამ წლების განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მობილიზებისა და სამსახურებრივი ნიშნით შეკრების არაერთი ფაქტი დაუფიქსირებიათ, როდესაც თავად განათლების მინისტრი იყო ჩართული და აგიტაციას მიმართავდა კონკრეტული სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით.
აქვე განმარტავს, რომ მართალია, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია და მას აქვს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ მან არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ასევე, ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამბობს, რომ სკოლა აპოლიტიკურია და თავად მინისტრი არის განათლების სისტემაში დასაქმებული პირების პოლიტიკური გავლენებისაგან დაცვის გარანტი.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაშიც განათლების სისტემაში დასაქმებული პირები არიან ჩართულები. საარჩევნო კოდექსი კომისიის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიებს ადგენს, თუმცა ეს პირები სხვა სამსახურში (სკოლაში, საბავშვო ბაღში) ურთიერთდაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებიან (დირექტორი, მანდატური, მასწავლებელი, აღმზრდელი), რაც ამცირებს მათი დამოუკიდებელი მოქმედების ხარისხს საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღებისა თუ საქმიანობისას.
აქვე პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სკოლის დირექტორების ე.წ. გადანიშვნის თემას ეხება. კერძოდ, 2020 წელს ათასზე მეტ დირექტორს ამოეწურა უფლებამოსილება. მათგან 100-ზე მეტი აღარ დაუნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა პავლიაშვილის შეფასებით, სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, პავლიაშვილის შეფასებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადადო. შესაბამისად, კონკურსი არ გაიმართა და სკოლის დირექტორები მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დარჩნენ, რამაც პოლიტიზებისა და ზეწოლის რისკი გაზარდა.
„ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ამ პოლიტიკას უშუალოდ მასწავლებლები, დირექტორები მიმართავენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შესაბამისად, როდესაც მე არ ვარ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვიღაცის დავალებას ვასრულებ, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს თითოეული მასწავლებლის/დირექტორის დამოკიდებულებაზე, აღზარდონ და თავისუფალ პიროვნებად ჩამოაყალიბონ მომავალი თაობები. ეს კი საერთო ჯამში სკოლების თავისუფლების ხარისხზე აისახება“, – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.
განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ სკოლის ადმინისტრაციისა თუ მასწავლებელთა პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერი ჩართვა, მათი იძულება თუ მათით მანიპულაცია, პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით მათი შეფასება ძალიან ასუსტებს სკოლის შიგნით დემოკრატიული მართვის სისტემის განვითარებას, მის ავტონომიურობას და სათანადო ანგარიშვალდებულებას. უფრო მეტიც, დიდ ზიანს აყენებს შიდა სასკოლო კლიმატს; იწვევს დისკრიმინაციულ და უსამართლო საკადრო პოლიტიკას და რაც მთავარია, აკნინებს ადამიანების ღირსებას, მათ თავისუფლებას. რაც თავის მხრივ, აუცილებლად უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესზე, სკოლისა და მასწავლებელთა რეპუტაციასა და, საბოლოოდ, მოსწავლეთა აღზრდაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა დასრულდეს.
„უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ ძალას; იგი მოწოდებულია, დაიცვას სკოლა ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან, მიუხედავად პოლიტიკური ძალის კუთვნილებისა. მისი საქმიანობის მთავარი ორიენტირია სასკოლო თემის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა.“
სკოლების დეპოლიტიზების საკითხზე მომუშავე სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მთავარი გამოწვევა, რასთან გამკლავებაც რეგიონული ნდობის ჯგუფებს მოუწევთ, ადგილობრივ თემთან ნდობის ჩამოყალიბება და მათი მოლოდინის გამართლებაა. ისევე, როგორც გამოწვევა იქნება შესაბამისი ფაქტების გამოვლენა და მათი მყარი მტკიცებულებებით დადასტურება.
„ხშირად ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ადამიანები ერიდებიან ზეწოლის ფაქტების გამხელას. ასევე არის თვითცენზურის პრაქტიკაც, როცა მასწავლებელი თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს გარკვეული წესით, ვინაიდან აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სწორედ ასეთ ქცევას ელიან მისგან. მოძრაობის ფარგლებში აქტივისტების მიერ შექმნილი ე.წ.ნდობის ჯგუფების მიზანია პირველ რიგში მოიპოვონ მასწავლებელთა ნდობა, დაანახონ საზოგადოების თანადგომა და შეძლონ მათი მხარდაჭერა“, – განმარტავს ირინა ხანთაძე.
პროექტში ჩართული პირები თანხმდებიან, რომ სკოლების დეპოლიტიზებას პირველ რიგში სჭირდება პრობლემის გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან, ამ პრობლემის გარშემო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა გაერთიანება და არსებულ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი.