დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, სკოლებში პირველადი პრევენციის საპილოტე პროგრამის დანერგვა იგეგმება. პროგრამის მოდული, მოზარდებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება აზარტული თამაშებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების) მოხმარების თავიდან არიდებაზე.
რას მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოები?
ამჟამად მოსამზადებელ სამუშაოებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აწარმოებს. ფონდის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი „პუბლიკას“ უყვება, რომ პროექტი მცდელობაა, შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტული თამაშების თავიდან არიდების მიზნით.
მოსამზადებელი სამუშაოები მიმართულია პედაგოგების მომზადებაზე, რათა მათ შეძლონ, ჩაატარონ გაკვეთილები მოსწავლეებთან მოდულით გათვალისწინებულ თემებზე. ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური სამსახურის 10 ფსიქოლოგი უკვე გადამზადდა და სწორედ ისინი გაუძღვებიან პედაგოგთა მომზადებას. საპილოტე სკოლები უკვე შერჩეულია – თბილისში 3 სკოლა, ხოლო ბათუმში 1.
პრევენციის მოდული 11-12 წლის მოსწავლეებთან ჩატარდება და მას კლასის დამრიგებელი „დამრიგებლის საათის“ პერიოდში გაუძღვება.
„დამრიგებლის საათი არის ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გვაქვს ამ პრევენციული მოდულის ჩასატარებლად. კლასის დამრიგებელს აქვს ერთი საათი კვირაში და ამ დროის საუკეთესო გამოყენება იქნება ის, რომ მან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები განავითაროს ბავშვებში, ნარკოტიკების თაობაზე, მოხმარების რისკზე მოახდინოს ინფორმირება“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
მსგავსი სახის პრევენციული დანიშნულების გაკვეთილებისთვის გასათვალისწინებელია მოსწავლეების ასაკიც. მისი თქმით, მოდულის ჩასატარებლად 11-12 წლის მოსწავლეები იმიტომ შეირჩა, რომ „13 წლიდან იწყება ე.წ. ოპოზიციური ქცევა და პედაგოგი რასაც ასწავლის, მოზარდს შეიძლება მის მიმართ აღეძრას ოპოზიციური ქცევა და პირიქით მოიქცეს, ანუ არ უნდა დავაგვიანოთ მოხმარების რისკზე ინფორმირება“, – ამბობს ჯავახიშვილი.
რას ითვალისწინებს ე.წ. ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის მოდული
ჯანა ჯავახიშვილის თქმით, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციისთვის მტკიცებულებით დადასტურებული პროგრამა არის ე.წ. ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკვე ათწლეულზე მეტია მიმდინარეობს და მისი ეფექტიანობა დროში გავრცობილი კვლევებითაა დადასტურებული.
მოდული შედგება 12 გაკვეთილისგან, რომელიც სემესტრის განმავლობაში იქნება განაწილებული. თითოეულ გაკვეთილს თავისი თემა ექნება და მიმართული იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. კერძოდ, ჯანა ჯავახიშვილის თქმით:
პირველი თემა არის შესავალი – მოტივირება ბავშვების, რომ ჩაერთონ გაკვეთილებში. მათ პატარა საშინაო დავალებებიც ექნებათ;
შემდგომი თემა არის ემოციური რეგულაცია/ემოციური წიგნიერება – რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ გამოვიცნოთ ჩვენი და სხვა ადამიანების შინაგანი მდგომარეობა, როგორ დავარქვათ ამას სახელი, როგორ ვმართოთ ჩვენი ემოციები;
ასერტიული კომუნიკაცია – ანუ კომუნიკაცია, რომელიც იცავს შენს ინტერესებს, მაგრამ სხვის ინტერესებს არ ლახავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა;
სოციალურ სიტუაციებში მოქცევის უნარ-ჩვევები – კომუნიკაციის დამყარების უნარ-ჩვევები, დამეგობრების, უცხო ადამიანის გაცნობის უნარ-ჩვევები. „ძალიან ხშირად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მამოტივირებელი არის სიმორცხვე. სიმორცხვე კი ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვობიდან და მოზარდობაში კიდევ მით უმეტეს“.
პრობლემების მართვა – ანუ, თუ მე რაღაც პრობლემა მაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედო საფეხურეობრივად, რომ ეს პრობლემა გადავჭრა. ამის ალგორითმებს ვასწავლით.
ერთი გაკვეთილი ასევე ეთმობა ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკს. ინფორმირებას ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკან მდგომ ინდუსტრიაზე. ასევე, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ რისკზე. იმ ინდუსტრიის მიმართ, რომელიც არეკლამებს და აგრესიულად გთავაზობს, რომ ითამაშო, კრიტიკის გაჩენაზე. ასევეა თამბაქოს შემთხვევაშიც. „რაც ყველაზე მთავარია, მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარება რეკლამის მიმართ. ამ საკითხების ცოდნა ბავშვებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
არალეგალური ნარკოტიკები და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკი, – მოდული ამ საკითხებსაც ეხება. „გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებთან არ შეიძლება დიდაქტიკური ტონი, შიშისა და პანიკის დათესვა. ეს უნდა იყოს ინტერეაქტიული, კრიტიკული აზროვნების ხელშემწყობი ინფორმაცია და უნარ-ჩვევების განვითარება“.
მოდული ასევე მოიცავს ცხოვრების დაგეგმვის უნარ-ჩვევებს – „გვესმის, რომ ბავშვები 5 და10 წელიწადს არ გეგმავენ, მაგრამ საჭიროა, იცოდნენ, რომ მე თუ რაღაცის მიღწევა მინდა 1 თვეში, რა უნდა გავაკეთო საამისოდ, რომ, მაგალითად, ვისწავლო ცურვა. ამის დაგეგმვა მოსწავლეს უნდა შეეძლოს“.
ბოლო გაკვეთილი დაეთმობა რეფლექსიას იმაზე, თუ რაში გამოიყენებენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც ამ 12 გაკვეთილზე აითვისეს.
პრევენციული მოდულის შედეგების გაზომვა
ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მოხდება პროგრამის ეფექტიანობის გაზომვა. ეს კი შესაძლებელი იქნება პროგრამის დაწყებამდე მოსწავლეების ინფორმირებისა და გაწყობების შეფასებით და შემდგომ უკვე 12-გაკვეთილიანი მოდულის ბოლოს. 3 თვის შემდეგ ასევე ტარდება ე.წ. follow-up ტესტი.
„ატარებენ პრეტესტს და პოსტტესტს, სადაც ზომავენ ბავშვების ინფორმირებასა და განწყობებს/დამოკიდებულებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ. ამ დამოკიდებულების ცვლილება ნეგატიურისკენ და ინფორმირებულობა გვაჩვენებს, რომ პროგრამამ ეფექტიანად იმუშავა და ეს იქნება ჩადებული ამ პილოტირების დროსაც. ეს კი არ იქნება დამყარებული ვარაუდებზე [რომ პროგრამა ეფექტიანი იყო ან არ იყო], არამედ იქნება შედეგების ობიექტური გაზომვა. ამ რეზულტატების გათვალისწინებით მერე მოხდება პროგრამის შემდგომი იმპლემენტაცია“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
მასწავლებელთა გადამზადება და პროცესის მონიტორინგი
ჯავახიშვილის თქმით, „ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის მოდულით“ გათვალისწინებული საკითხების ხარისხიანად, გააზრებულად და სრულფასოვნად ასათვისებლად მასწავლებელები 5-დღიან ტრენინგს გაივლიან მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ამგვარ სკითხებს 2-3 დღე ეთმობა.
მნიშვნელოვანია ის, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი პედაგოგებს ტრენინგს სუპერვიზიის თანხლებით ჩაუტარებს (სუპერვიზია გულისხმობს გამოცდილი კოლეგის მიერ მეორე კოლეგის ან კოლეგათა ჯგუფის პროფესიულ კონსულტირებასა და ანალიზს). სუპერვიზიით უზრუნველყოფენ პედაგოგებსაც, როდესაც ისინი გაკვეთილების ჩატარებას დაიწყებენ.
„რასაკვირველია, „არ ავნოს“ პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სტანდარტებში ნათქვამია – რა არის ნეგატიური ფაქტორები, რაც კარგი ხარისხის პრევენციას უშლის ხელს – ეს არის არასათანადოდ მომზადებული პედაგოგი. ამიტომ ამ რისკის გათვალისწინებით, ამ ტრენინგის გავლის შემდეგ თუ დავინახეთ, რომ არ მოხდა მასალის ათვისება ან მოტივაცია არ არის, მაშინ ამ მასწავლებელს არ დავაძალებთ გაკვეთილების ჩატარებას. ანუ რისკის დაზღვევა გათვალისწინებულია სუპერვიზიისა და მონიტორინგის მექანიზმებით.
„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საბჭოთა ინერცია და მძიმე მემკვიდრეობა, იმედი მაქვს, რომ არიან პედაგოგები, ვინც მოტივირებულნი არიან, რომ მოსწავლეების რისკების დაზღვევაში წვლილი შეიტანონ და ახალი ცოდნის ათვისებაც ხელეწიფებად“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
რაც შეეხება თარიღს, თუ როდიდან დაიწყება სკოლებში ამ მოდულით სწავლება, უახლოეს მომავალში გადაწყება.
საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება მოზარდებში
„European School Survey Project on Alcohol and Other Drugs“ (ESPAD) –ანგარიშის მიხედვით, ქართველ მოზარდებში რიგი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება მეტია ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე. ESPAD-ის კვლევა 16 წლის მოზარდებს შორის ტარდება; 2015 წლის კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:
ESPAD-ის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოამზადა, კითხვარში შედიოდა შეკითხვები ბოლო 12 თვის განმავლობაში ფულზე სხვადასხვა აზარტული თამაშის სიხშირის შესახებ. მოზარდთა 14%-მა (ბიჭების 24% და გოგონების 3%) აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში უთამაშია. 4% კვირაში 4-ჯერ ან მეტჯერ თამაშობს; ბიჭების 8% და გოგონების 1%.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეების უმეტესობა თამაშობს კარტით ან კამათლებით და ინტერნეტით დებს ფსონს სპორტზე ან ცხოველებზე. მოსწავლეთა 19% თამაშობს ინტერნეტით, ხოლო 14% –ინტერნეტის გარეშე.
კვლევა საქართველოში 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით შეარჩიეს მე-10 კლასის მოსწავლეები, რომელთა 73%-ს ESPAD-ის სამიზნე ჯგუფი – 1999 წელს დაბადებული მოსწავლეები წარმოადგენენ. კვლევაში მონაწილეობა 190 სკოლამ და კლასმა მიიღო;
სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დარგის სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ადრეულ ასაკში პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ისეთი პრევენციული ღონისძიებების, რომელთა ეფექტიანობა სამეცნიერო მტკიცებულებებით არის დადგენილი, ვინაიდან არასწორმა პრევენციულმა ღონისძიებამ შესაძლოა უკუეფექტი გამოიღს.
„პრევენცია არის მეცნიერება, მიუხედავადად იმისა, რომ ამას ბევრი ვერ აცნობიერებს. ფსიქოაქტიური საშუალებების პრევენციის მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მეცნიერული კვლევის შედეგები, მტკიცებულებები.
სანდო კვლევებით დადასტურდა და გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ხმამაღალი პრევენციული მედიაკამპანიები არალეგალური ნარკოტიკების შემთხვევაში არ მუშაობს და ხშირად, პირიქით, პოპულარიზაციასაც უწევს. მაგ: ნენსი რეიგანის ასეთი კამპანია იყო – Just say no to drugs, რომელმაც, პირიქით, პოპულარიზაცია გაუწია ამ საკითხს, ანუ ხშირად პრევენციაში, საღი გონების პოზიციიდან გვეჩვენება, რომ ესა თუ ის აქტივობა ეფექტური იქნება, მაგრამ გაზომვის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მან უკუეფექტი გამოიღო.
საქართველოში იყო ე.წ. ანტინარკოტიკული კამპანია – „ყველაფერი სუბუტექსის გარდა“ – ოდიოზური ლოზუნგი. რა არის დაშვება ამ ლოზუნგის, რომ მაშინ მოიხმარე ჰეროინი? ანუ ძალიან ხშირად კამპანია არაა დაფუძნებული მტკიცებულებებზე და მისი დიზაინის შექმნაში პროფესიონალები არ არიან ხოლმე ჩართულნი“, – ამბობს ჯავახიშვილი.