სკოლის ყოფილი დირექტორისა და საკრებულოს წევრის, რამიზ რამაზანოვის საქმე

ლიკა ზაკაშვილი

„ძვირფასო დმანისის მკვიდრებო, პირველ რიგში ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას. მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც სამართლიანობის გზაზე დგას“, – ეს პოსტი 30 სექტემბერს საარჩევნო პლაკატთან ერთად სოციალურ ქსელში  ოროზმანის თემის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატმა, რამიზ რამაზანოვმა გამოაქვეყნა.

ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და პირველივე ტურში საკრებულოს წევრად აირჩიეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 3 დეკემბერს დმანისის საკრებულოში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

დმანისის მუნიციპალიტეტის 30-წევრიან საკრებულოში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატები თანაბრად (15/15) იყო განაწილებული.

3 დეკემბრის სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის 15 დეპუტატი დაესწრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს მას და სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

3 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა არც რამიზ რამაზანოვი. ის თანაპარტიელების მსგავსად ახალ არჩეულ საკრებულოს ბოიკოტს უცხადდება.

კანონით დადგენილ ვადაში, ზუსტად 10 დღეში ჩაინიშნა დმანისის ახლად მოწვეული საკრებულოს მორიგი სხდომა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც 12 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე  გეგმავდა მისვლას და ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა. მოლოდინი იყო, რომ სხდომა ამჯერადაც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშლებოდა, თუმცა მოლოდინები სრულიად შეიცვალა, როცა მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რამიზ რამაზანოვის გაუჩინარების შესახებ.

თანაპარტიელები ამბობდნენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით დმანისის საკრებულოში შესულ დეპუტატებზე ძალადობდნენ და აიძულებდნენ საკრებულოს სხდომაზე მისვლას.

თანაპარტიელების ცნობით, ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი გახდა რამიზ რამაზანოვიც, რომელმაც ძალადობის ეპიზოდების შესახებ ერთ-ერთ თანაპარტიელს უამბო და ამ კომუნიკაციის შემდეგ რამდენიმე დღით გაუჩინარდა.

ლევან მოსიაშვილი ამბობდა, რომ რამიზ რამაზანოვს თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურამდე განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური შეუგზავნეს სკოლაში და აუდიტი განმეორებით არჩევნების მეორე ტურამდე სკოლაში იმყოფებოდა.

მოსიაშვილი ამბობდა, რომ რამაზანოვი სკოლაში აღმოჩენილი დარღვევებით დააშანტაჟეს, და პირადად რამაზანოვმა უთხრა  მას, რომ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრნენ.

რამაზანოვზე შესაძლო ძალადობის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს. 9 დეკემბრის განცხადებაში, რომელსაც ხელს 6 ორგანიზაცია აწერს, ვკითხულობთ, რომ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამიზი სკოლში საქმეს კარგად უძღვებოდა. „თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ სამსახური მოულოდნელად, საკუთარი განცხადებით დატოვა.

თავად რამაზანოვს ძალადობაზე და სკოლაში განათლების სამინისტროდან შესულ აუდიტზე საჯაროდ არ უსაუბრია. 12 დეკემბერს სხდომაზე მისულმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იმ პერიოდში, როდესაც თანაგუნდელები ვერ უკავშირდებოდნენ, იგი ახლობლებთან „საჭირო საქმეზე“ იყო.

12 დეკემბერს დმანისის საკრებულოს პირველი სხდომა შედგა. აირჩიეს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. საკრებულოს მოადგილის თავმჯდომარედ კი რამიზ რამაზანოვი დაინიშნა.

შევიდა თუ არა ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში აუდიტი 

ზემო ორუზმანის საჯარო სკოლაში განხორციელებული აუდიტის შესახებ „პუბლიკამ“ განათლების სამინისტროდან  ინფორმაცია გამოითხოვა. განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შემოსული განცხადებების საფუძველზე, შეისწავლა აღნიშნული სკოლის საქმიანობა, რის ფარგლებშიც აუდიტის დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლები მივლენებით იმყოფებოდნენ სკოლაში 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით და 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აუდიტის სამსახური არჩევნების პირველ და მეორე ტურამდე პერიოდში სკოლაში იმყოფებოდა. პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, მეორე ტური კი 30 ოქტომბერს.

რა წერია დასკვნაში

აუდიტის სამსახურის მიერ ჩვენი გამოცემისთვის მომზადებული დასკვნა 28-გვერდიანია, სადაც საუბარია შესყიდვების წარმოებაზე, ასევე სკოლაში სანიტარულ – ჰიგიენური პირობების დაცვაზე, სკოლის ქონების განკარგვაზე და საგაკვეთილო საათების განაწილების საკითხებზე.

დასკვნის მიხედვით, სამინისტროში ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი განცხადება შევიდა, სადაც საუბარი იყო სკოლის საქმიანობაში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.

დასკვნა საკმაოდ მოცულობითია, ტექნიკური დეტალებით დატვირთული. მასში მკაფიოდ არ ჩანს სკოლის პოზიცია სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც სამსახურის მიერ დადგენილი დარღვევების შესახებ ორივე მხარის პოზიციების სრულფასოვნად გაცნობის შესაძლებლობას არ იძლევა.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა სკოლის მოქმედ დირექტორს, მაია ჰაჯიევას. მას შეკითხვა დავუსვით – რა პოზიცია ჰქონდა სკოლას აუდიტის დასკვნაზე.

„მე მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ასეთ საკითხებში არ ვერევი, რამაზანოვს დაურეკეთ და მას ჰკითხეთ. მე როგორც ძალები მყოფნის, ისე ვმუშაობ. ყველგან ხდება პრობლემები, ძალიან წვრილმანი პრობლემებია“, – განუცხადა მაია ჰაჯიევამ „პუბლიკას“.

დასკვნაში საუბარია პროცედურულ დარღვევებზე, თუმცა რა ზიანი მიადგა სკოლას ამ დარღვევების გამო, მკაფიო არაა.

დასკვნაში ასახულ ფაქტებთან დაკავშირებულ გარემოებებზე ორივე მხარის პოზიციების გარკვევას ისიც ართულებს, რომ დასკვნის შესახებ ჩვენს გამოცემასთან საუბარი არ ისურვა რამიზ რამაზანოვმა.

რამაზანოვს 21 იანვარს ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა კომუნიკაციაზე უარი გვითხრა.

 

სკოლების პოლიტიზება

ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აღნიშნულ თემაზე არასამთავრობო სექტორის მიერ გასულ წლებში არაერთი ანგარიში მომზადდა. უახლესი კვლევა, რომელიც სკოლებში პოლიტიზებას სწავლობდა, მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი განათლების კოალიციაა და ის პროექტ – „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“ ფარგლებში მომზადდა.

პროექტის ფარგლებში რეგიონებში ნდობის ჯგუფები ჩამოყალიბდა. ნდობის ჯგუფის წევრებს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში დასაქმებული პირები დისკრიმინაციისა და იძულების შესაძლო ფაქტებზე ინფორმაციას აწვდიდნენ.

პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია რამიზ რამაზანოვის შემთხვევითაც დაინტერესდა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი ირმა პავლიაშვილი გვეუბნება, რომ კოალიციამ შემთხვევის გასაჯაროების შემდეგ რამაზანოვთან შეხვედრა სცადა, თუმცა უარი მიიღო.

კოალიციის მიერ მომზადებულ კვლევაში საუბარია, რომ ზეწოლის შემთხვევები ძირითადად იკვეთება მმართველი პარტიის კოორდინატორების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, რესურსცენტრის თანამშრომლებისა და დირექტორების მხრიდან. მრავალფეროვანია ზეწოლის ფორმები – პირდაპირი და ირიბი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი, იძულება – გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღება/დაკარგვა, მათი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, თანამდებობრივი სტატუსის შეცვლა, წახალისება ან დაქვეითება, რაც პირდაპირ აისახება მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

„ზღუდავენ სასკოლო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლებას და პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებებს. აიძულებენ სააგიტაციო შეხვედრებსა თუ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ამის არაერთი მაგალითიც არსებობს, მათ შორის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, მაგ. 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, ე.წ. „შემაჯამებელი აქცია“, როდესაც მასწავლებლების გადაადგილება ორგანიზებული იყო მუნიციპალიტეტების მერიის მიერ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ეთნიკური უმცირესობებისა და პერიფერიული მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მასწავლებლების ჩართულობა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„სამართლიანი არჩევნების“ მიხედვით, 2018 წელს, აქტიურად ხდებოდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევის და მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის იძულება.

ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ინსპექტირებებიც.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტს – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარებულ არაგეგმურ ინსპექტირებას – საბოლოოდ, სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა.

იგივე ია კერზაიას საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ:

„ ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში „განხილვა“ შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე