„თავის რჩენას მხოლოდ და მხოლოდ სხვების დახმარებით ვახერხებ. ამას არსებობა არ ჰქვია, უბრალოდ ცოცხალი ხარ, თავს ვერ იკლავ ადამიანი, თორემ ნამდვილად არ ღირს ასეთი სიცოცხლე“, – მაია შენგელია, დრამატურგი, რეჟისორი.
მაია წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრთან თანამშრომლობდა, დგამდა სპექტაკლებს. ოფიციალურად არცერთი თეატრის თანამშრომელი არაა, თავისუფალი არტისტია და მისი შემოსავალი დამოკიდებული იყო იმაზე, ჩაერთვებოდა თუ არა რომელიმე თეატრის პროექტში, საიდანაც ჰონორარს იღებდა.
გვეუბნება, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააშიშვლა ის პრობლემები, რაც ამ სფეროს წარმომადგენლებს მანამდეც ჰქონდათ. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.
მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ის გაზაფხულის შემდეგ უმუშევარია და ამბობს, რომ მისი ყოფა გაუსაძლისია, არის იპოთეკით დაზარალებული, არ აქვს საცხოვრებელი, ხშირად იცვლის ბინას, რადგან ვერ იხდის ქირას. ბოლო ჰონორარი კი – 45 ლარი – მაისში აიღო.
„ვთანამშრომლობდი სხვადასხვა თეატრთან, როგორც დრამატურგი და როგორც რეჟისორი. ვარ მთარგმნელიც. სამწუხაროდ, ვარ იპოთეკით დაზარალებული და ვცხოვრობ ქირით, ვერ ვიხდი ქირას. პირობებიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ბინის შეცვლა, მიჭირს ამაზე ლაპარაკი. მარტო ის რად ღირს, რომ 4 000 წიგნი მაქვს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ამ წიგნების ბინიდან ბინაში გადატანა. ხომ ვერ გადავყრი?“, – ამბობს ის.
მაია შენგელიას თქმით, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ხშირად სოციალურად დაუცველთა კონტინგენტს წარმოადგენენ. მათი პროფესიული საქმიანობა არ ქმნის ღირსეულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას, ხელფასები და ჰონორარები მიზერულია და მათ საქმიანობას მხოლოდ პროფესიის სიყვარული უმაგრებს ზურგს.
მან მხოლოდ გაზაფხულზე მოახერხა 300-ლარიანი კომპენსაციის აღება. თუმცა აღნიშნავს, რომ სხვებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა თუ დარგის სხვა წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს იგივე. როგორც ის განმარტავს, მიზეზი იყო სახელმწიფო თეატრებთან თვეების წინ გაფორმებული ხელშეკრულებები. არსებული დადგენილების მიხედვით, რადგან მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰონორარი მიიღეს, დახმარება აღარ ეკუთვნოდათ.
„კულტურის სფეროში, განსაკუთრებით თეატრალურ სფეროში არიან ადამიანები – რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, სადადგმო ჯგუფები, – რომლებიც ყველაფრის მიღმა არიან დარჩენილი – კანონის, ხელშეწყობის, კომპენსაციების მიღმა. მაგ: თუ ისინი არ არიან შტატში, მათი ერთადერთი შემოსავალი არის ჰონორარი. თუ სპექტაკლი რეპერტუარში რეგულარულად არ იდგმება, ცხადია, ვერავითარი შემოსავალი ამ ხალხს ვერ ექნება“, – ამბობს ის.
მაია შენგელიას თქმით, სახელმწიფომ ისიც კი არ იცის, რამდენი ხელოვანი ჰყავს, რამდენი ადამიანია დასაქმებული თუ დაუსაქმებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს კულტურის სფერო და მას ეკონომიკის ნაწილად არ განიხილავს.
მისი თქმით, მის პროფესიას 2 მხარე აქვს – ეკონომიკური და შემოქმედებითი. შემოქმედებითი პროცესის განვითარება ვერ მოხდება მაშინ, როცა სახელმწიფო თეატრებში დასაქმებულ შტატიან თანამშრომლებსაც კი 400-500 ლარი აქვთ ხელფასი, მაქსიმუმ შეიძლება 800-900 ლარი ჰქონდეთ. ის აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი პროცესი ვერ განვითარდება, რადგან დარგის წარმომადგენლების უმრავლესობა დაუსაქმებელია; სისტემური ცვლილებები არ ხდება; გაუგებარია, როგორ ხდება ამა თუ სპექტაკლის შერჩევა; პროექტების დამტკიცება; თეატრში თანამშრომლის აყვანა; მისი თქმით, მთელი რიგი საკითხებისა არის გაუმჭვირვალე, რაც დაბალი დაინტერესებისა და უიმედობის მიზეზი ხდება.
„ეს არის სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი. არ ხდება როტაციები, მაგ: მარჯანიშვილის თეატრს ჰყავს მსახიობი დიდი ხნის განმვლობაში, აღარ უნდა ეს მსახიობი ან რეჟისორი, მაგრამ ვერ ათავისუფლებს მას. არავინ იცის, ვინ როგორ საქმდებიან ამ სფეროში, ალბათ, ნაცნობის ზარით“, – ამბობს ის.
ფიქრობს, რომ ახალი თაობის სათქმელს ძველი თაობა ვერასდროს იტყვის, ეს დაუშვებელია და დიდი ამოვარდნაა განათლების სისტემიდან. ამიტომ საჭიროა სტუდენტების დასაქმება, ახალი ხალხის მიღება, თუმცა, მისი თქმით, ასე არ ხდება. ერთი მხრივ, სახელმწიფო არ ლაპარაკობს სისტემურ პრობლემებზე, მეორე მხრივ, ჩუმად არიან უკვე დასაქმებული ადამიანები, რადგან მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
„წარმოიდგინეთ ხელოვანი, რომელსაც თავის დაწესებულებაში რაიმე პრობლემის შესახებ საუბრის ეშინია, იმიტომ, რომ ის მიზერულ ხელფასიც არ დაკარგოს, არის მონურ სიტუაციაში. აბა ახლა წარმოიდგინეთ, რა შემოქმედებაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?“.
მისი აზრით, ცვლილებები დაიწყება მაშინ, როცა სახელმწიფო კულტურის სფეროს ეკონომიკის ნაწილად აღიარებს, შეცვლის სისტემას, კანონებს, შემოიყვანს ინვესტორებს, რომლებიც კულტურის სხვადასხვა დარგს დააფინანსებენ და თავის მხრივ, სახელმწიფო ასეთ კომპანიებს შეღავათებს დაუწესებს, ანუ იმუშავებს დარგის განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ შედეგებს დადებს. მისი თქმით, კულტურის სფეროც შეიძლება გახდეს ქვეყნის ხაზინაში ფულის შემტანი და სამწუხაროა, რომ სოფლების, ქალაქების, რეგიონებისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში კულტურის როლს ვერ ხედავენ.
მანამდე კი, სანამ სისტემა შეიცვლება, სანამ სახელმწიფო ამ ადამიანების საჭიროებებს დაინახავს, სანამ ინვესტორები დაინტერსდებიან და პანდემია არ დასრულდება, მაია და მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა თავისუფალი ხელოვანები საზოგადოების სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედზე რჩებიან.
დაჩი ბაბუნაშვილი ჯერ სტუდენტია, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მსახიობია. დაჩიც არცერთი თეატრის შტატიანი თანამშრომელი არაა, ის თავისუფალი არტისტია და მაია შენგელიას მსგავსად, სხვადასხვა პროექტში საქმდება. პანდემიის პირობებში ის უმუშევარი დარჩა, უსახსროდ. ფიქრობდა, რომ საარსებო თანხა სხვა პროფესიაში ეპოვა. მაგ: გამხდარიყო კურიერი.
„თუმცა იმასაც ვფიქრობდი, რომ ვარ პროფესიონალი და ჩემი პროფესიიდან შემოსავალი უნდა მქონდეს, არ უნდა მიწევდეს სხვადასხვა საქმის გამოძებნა თავის რჩენისთვის“, – ამბობს ის.
დაჩიმ კომპენსაციის მიღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ბოლო ხელშეკრულება სახელმწიფო თეატრთან ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება სახელფასო განაცემი: საბიუჯეტო ორგანიზაციიდან; საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
ამბობს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ არც იცის, რა გამოწვევების წინაშე დგანან მის დაქვემდებარებაში მყოფი დარგის სპეციალისტები და, რომ არიან თავისუფალი არტისტები, რომლებიც სხვადასხვა პროექტში იღებდნენ მონაწილეობას და ისინი ახლა ამ გასაჭირში მარტო დარჩნენ. „ჩვენ ამ ქვეყნისთვის არ ვარსებობთ“, – ამბობს ის.
„თეატრებში ადგილებიც არ არის, რომ მსახიობი შტატში აიყვანონ. ასე რომ, მე ვარ თავისუფალი, ვსაქმდები ამა თუ იმ თეატრში დროებით, კონკრეტულ პროექტზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. ჩემსავით უამრავი ადამიანია. მგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენ მაყურებლისთვის, ვუყვარვარ მას. მაგრამ ამ სფეროში ყველაფერი არასწორად ნაწილდება, არასწორად იგეგმება და ეს გულსატკენია“, – ამბობს ის.
„მოკლულია ხელოვნება“
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დარგის წარმომადგენლებმა სფეროში ღირსეული შრომითი პირობების დასამკვიდრებლად დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ დააარსეს.
„გილდიის“ წევრებმა არაერთი აქცია გამართეს სახელწოდებით – „მოკლულია ხელოვნება“. მათ აქციებითა და ვიდეობლოგებით სურთ, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ მათი უფლებებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
დაჩი ბაბუნაშვილიც ამ გაერთიანების წევრია და ამბობს, რომ ის მომავალში თანამოაზრეებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას, რომ ჰქონდეთ ღირსეული შრომითი პირობები.
„გილდიის“ წარმომადგენელი გიგა ბექაური ამბობს, რომ კულტურის ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაშია და ეს ასე იყო პანდემიამდეც.
„მიუხედავად იმისა, რომ დარგი დიდი გამოწვევების წინაშეა, დღეს მაინც მნიშვნელოვანია, რა ხდება ამ ადამიანების თავს პანდემიის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რადგან პანდემიამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაარტყა. ეს პრობლემები და საკითხები პანდემიამ კულტურის სფეროშიც ზედაპირზე ამოიტანა“, – ამბობს ბექაური.
მისი თქმით, ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და ნახევრად დამოუკიდებელი არტისტები დაზარალდნენ და „გილდიის“ მოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, ხელოვანების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ არის ჩართული პროცესების დაგეგმვაში. ბექაური აღნიშნავს, როცა სახელმწიფო რეგულაციებზე მუშაობდა, ხელოვანებს სახელმწიფოს მხრიდან არავინ დალაპარაკებია, არავითარი შეთავაზება და სპეციფიკური მიდგომა არ ჰქონიათ მათ მიმართ.
გიგა ბექაურის თმით, თეატრების „ონლაინ“ გადასვლას, გაციფრულებას სჭირდებოდა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა, რისი საშუალებაც თეატრებს არ ჰქონდათ. ამიტომ ეს ვერ შეძლეს, პანდემიის გამოწვევებს ფეხი ტექნიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო ვერ აუწყვეს.
ის ამბობს, რომ „გილდიის“ შექმნის მიზანია, კულტურის სფეროში არ ირღვეოდეს დასაქმებულთა შრომითი უფლებები, არ იყოს უთანასწორობა, სამართლიანად ნაწილდებოდეს ის რესურსი, რომელიც ხელოვანებს სახელმწიფომ გამოუყო. თუმცა ამ ეტაპზე მათ ერთადერთი მთავარი მოთხოვნა აქვთ – უსახსროდ დარჩენილმა ხელოვანებმა კომპენსაცია მიიღონ!