სოციალური უთასწორობითა და გენდერული, ჰომოფობიური ნიშნით ჩაგვრა, შევიწროება და დაცინვა სკოლებში – როგორი სურათია ამ კუთხით საქართველოში? ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სკოლებში ქვიარბულინგის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
კვლევა მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვის შედეგებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს ეყრდნობა.
როგორც კველვაში ვკითხულობთ, მასწავლებლების ცოდნის და მგრძნობელობის სიმწირე მოსწავლეებს, ქვიარბავშვებსა და მოზარდებს უსაფრთხოების განცდას უკარგავს, რაც შემდეგ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე აისახება. კვლევაში ასევე ხაგზგასმულია ოჯახის ფაქტორიც, სადაც ოჯახის წევრების მხრიდან ხშირია თანაგრძნობის ნაკლებობა, რაც ართულებს სიტუაციას.
ოჯახი
კვლევის მიხედვით, ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათზე მშობლები სათანადოდ ზრუნავენ, თუმცა ყველაზე ხშირად ოჯახში გარეგნობის გამო დასცინიან.
- გარეგნობის გამო დაცინვის შემთხვევები: ხშირად – 3%, ზოგჯერ – 21.7%
- მშობლების მიერ შერჩეული ტანსაცმლის იძულებით ტარება: ხშირად – 15.3%, ზოგჯერ – 18.3%;
- იმედებისა და მოლოდინის გაცრუება: ხშირად – 10.2%, ზოგჯერ – 8.3%.
კვლევაში მოცემულია ქვიარბავშვების გამოცდილება ოჯახში დამოკიდებულების კუთხით. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამხელა (ქამიგ-აუთი) მშობლების მხრიდან ძალადობას, მხარდაჭერის და საცხოვრებლის დაკარგვასაც შეიძლება ნიშნავდეს, რაზეც რესპონდენტები ჩაღრმავებულ ინტერვიუებში მიუთითებენ.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობების ფონზე მშობლების მხარდაჭერის იმედი ძალიან დაბალია.
„როგორც წესი, ძალადობის ინიციატორები სახლში მამაკაცები არიან. მამებთან ქამინგ-აუთს შეუძლებლად ან რთულ პროცესად თვლის ყველა ქვიარ რესპონდენტი. მიუთითებენ მამების მხრიდან მათი ქცევის მუდმივ კონტროლზეც“, – ვკითხულობთ კვლევაში.
განსაკუთრებით, მამრობითი სქესის ბავშვებს მამები და ძმები ხშირად აიძულებენ ჩაცმულობის, მანერების, ინტერესების შეცვლას უფრო მასკულინურისკენ.
ერთ-ერთმა რესპონდენტმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ დედას მამინაცვალი შვილის ნახვას უკრძალავდა ჰომოფობიური მოტივებით.
რესპონდენტი ნიკა კი ჰყვება, რომ მართალია, დედებიც ხშირად ძალადობენ შვილებზე, მაგრამ დედასთან, ბებიასთან და დასთან ურთიერთობების დალაგების მეტ შესაძლებლობას ხედავს. რესპონდენტი გიორგი ამბობს, რომ დედამ სახლიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე გამოგდებული მისი მეგობარი სახლში შეიფარა.
სკოლა
სკოლაში დაუცველობის მიზეზები:
- სპონტანური დასახელების მიხედვით, ყველაზე აქტუალურია ოჯახის მატერიალურ-სოციალური მდგომარეობა (20,3%); სოციო-ეკონომიკური ნიშნით ჩაგვრაზე კვლევაში მონაწილე მასწავლებლების დიდი ნაწილიც მიუთითებს (28%). ასევე, მოსწავლეებმა დაასახელეს მოსწავლეთა შორის ჩაგვრა/მუქარა (18,7%); „თანამედროვე“ ჩაცმულობა/ნივთების ფლობა (18,4%); სუსტი ფიზიკური მონაცემები (18,4%); ბავშვებს შორის დაპირისპირება (14,2%); მასწავლებლების მხრიდან ბავშვების დამცირება (12,5%); და კონკრეტული ბავშვების ამოჩემებით ჩაგვრა (10,8%).
როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ასევე ადრეულ პერიოდში, გამოკითხულთა ნაწილის თქმით, ყველაზე გავრცელებულია:
- უხეში, საწყენი სიტყვებით მიმართვა (26,5%),
- მუქარა (27,7%),
- სწავლის შედეგების გამო დაცინვა (30,5%),
- მხარდაჭერის, დახმარების დეფიციტი სასკოლო საზოგადოებისგან (23,9%).
ხშირია ნივთების გამოძალვა და სხვა მოსწავლეებისგან მიზანმიმართულად გარიყვა, რომ ბავშვმა ცუდად იგრძნოს თავი.
კვლევაში ნათქვამია, რომ ძალადობის ქმედებების განმახროციელებლები, ძირითადად მასწავლებლები არიან.
„ძალადობის ფორმები ძირითადად ვერბალურია, რაც მას ნაკლებად მოსახელთებელს ხდის. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეებს უმეტესად დახმარების იმედი არ აქვთ და მოძალადის ვინაობის გამხელას და ძალადობის აღიარებას კვლევის დროსაც კი უმეტესად თავს არიდებენ“.
გენდერული ნიშნით ძალადობა
გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგი გულისხმობს მათი სქესისთვის არსებული მოლოდინებისგან განსხვავებული გარეგნობის, მანერების, ჩაცმის სტილის მქონე ბავშვებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობას. გამოკითხულთა 28.6% სწორედ ამგვარ ბულინგზე აკეთებს აქცენტს.
43,7%-ის აზრით გენდერული გამოხატვის ნიშნით ძირითადად სხვა ბავშვები ჩაგრავენ, ხოლო 16,2%-ის აზრით კი – მასწავლებლები.
„ორმა ტრანსგენდერმა მოზარდმა თანასკოლელების მხრიდან ძალადობის გამო ფაქტობრივად შეწყვიტა სკოლაში სიარული. ერთ-ერთი რესპონდენტი, ნინა გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც თავის მეგობარს გაანდო გოგოები მომწონსო, იძულებითი ქამინგ-აუთის მსხვერპლი გახდა და დირექტორმა სკოლიდან გადასვლა აიძულა. ახალ სკოლაშიც გაიგეს მისი იდენტობის შესახებ, თუმცა ბავშვების მხარდაჭერის გამო დატოვეს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
მასწავლებლები
კვლევაში ვკითხულობთ, მასწავლებლებს შორის გენდერის თემის შესახებ ინფორმირებულობის ხარისხი და ცოდნა გამოკითხულთა შორის მინიმალური და საკმაოდ ზერელეა.
„უნდა აღინიშნოს, რომ 12,8% „გენდერული თანასწორობის“ მნიშვნელობას ვერ განმარტავს, ხოლო 16,2% საკითხის დაბალ მნიშვნელოვნებას ხაზგასმით მიიჩნევს პასუხზე უარის არგუმენტად“.
18,3% პროცენტი მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა „ფემინისტების ახირებაა, რომ, თითქოს ქალი მამაკაცს უთანასწორდება“.
ხოლო, რაც შეეხება სკოლაში ძალადობას, მასწავლებლების 43% მიიჩნევს, რომ პრობლემა არ არის აქტუალური.
მასწავლებელთა უმრავლესობის (40,4%) დამოკიდებულებით, გოგოს მასკულინურობის ან ბიჭის ფემინურობის გამო ძალადობის ფაქტებისგან ბავშვების დაცვა მნიშვნელოვანია.
გამოკითხულთა 39,5% მსგავსი ფაქტების დროს რეაგირების მნიშვნელოვნების შეფასებისგან თავს იკავებს; ხოლო 9.3%-ის აზრით, ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან ბავშვის დაცვა მნიშვნელოვანია.
***
როგორც კვლევის ავტორები წერენ, საქართველოს სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლაში ბულინგი ფართოდ არის გავრცელებული და თუ ფიზიკური ძალადობის სახეს არ იღებს, ნაკლებად ექცევა სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების (მანდატური, ადმინისტრაცია) ან მასწავლებლების ყურადღების ცენტრში.
„უფრო მეტიც, მასწავლებლები დიდწილად ახალისებენ ბულინგს ან არ რეაგირებენ მასზე. ინფორმაციის სიმწირე გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე და ანტიფემინისტური დამოკიდებულებები მასწავლებლებში გასაგებს ხდის, რატომ არ მიიჩნევს მასწავლებლების დიდი ნაწილი ჰომოფობიურ და გენდერულ ბულინგს პრობლემად“.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12–18 ასაკობრივი კატეგორიის 450-მა მოსწავლემ, მათგან გოგო – 58.6%, ბიჭი – 41,4%. რესპონდენტთა განაწილება ეთნიკური მიკუთვნებულობისა და რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით შემდეგნაირია: გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობა (92,8%) ქართველია, სომეხი – 3,4%, რუსი – 1,6%, აზერბაიჯანელი – 1,4%, სხვა ეროვნების წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა კი 0,7%-ს შეადგენს.
კვლევის მონაწილე 48 პედაგოგიდან უმრავლესობა (92.1%) ქალია, ხოლო მცირე ნაწილი (7.9%) – მამაკაცი. გამოკითხული რესპონდენტების ასაკი 25-დან 68 წლამდე მერყეობს, ხოლო საშუალო ასაკი 41 წელია.
კვლევა მომზადდა „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ასოციაციის პოზიციას.