„სტაჟირებიდან მენეჯერობამდე“ - ახალგაზრდების გაძლიერება ცოდნასა და უნარებში

პუბლიკა

30  წლის გიორგი ერისთავი ოზურგეთიდანაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც ამბობს, სკოლის დამთავრება ისეთ პერიოდში მოუწია, როდესაც ქვეყანაში, მითუმეტეს რაიონში, დიდად არაფრის საშუალება იყო, ამიტომ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. სხვადასხვა საქმე სცადა, უფრო მეტად ფიზიკურად შრომობდა. შემდეგ იფიქრა, რომ სჯობდა სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი, თუმცა იქაც არ გაუმართლა.

საქართველოში დაბრუნებულმა, ოზურგეთში მეგობრისგან გაიგო LINKS-ის პროექტის შესახებ. სხვადასხვა ტრენინგი გაიარა. ყველაზე მეტად გაყიდვების მენეჯერის საქმიანობამ დააინტერესა. ამასობაში ადგილობრივ სოციალურ საწარმო „რედოში“ სტაჟირების შესაძლებლობაც გაჩნდა.

„ტრენინგები და შემდეგ სტაჟირება ძალიან დამეხმარა, რადგან ცხოვრებაში ბევრი საქმე მიცდია, მაგრამ თეორიული განათლება და ცოდნა არ მქონდა, ამიტომ ეს ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ამით შეივსო, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ,“- ამბობს გიორგი ერისთავი.

ტრენინგების დახმარებით მას უკვე 4 სერტიფიკატი და შესაბამისი ცოდნა აქვს გაყიდვების მენეჯერისა და მენეჯერის პოზიციებზე სამუშაოდ.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skills4jobs) ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას, ასევე, დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, თუ რესურსების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

გიორგი ერისთავმა სტაჟირების შემდეგ იმავე სოციალურ საწარმოში მენეჯერის პოზიცია დაიკავა და მალე მუშაობასაც შეუდგება. „რედო“ ოზურგეთში დეკორატიული ფილების საწარმოა. გიორგი ჰყვება, რომ მისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამგვარ პოზიციაზე დასაქმება და ეს სწორედ პროექტის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ და კონტაქტებმა შეაძლებინა.

„ბევრი სასარგებლო უნარი გამოვიმუშავე. თურმე ისეთი დეტალებია საქმეში, რაც არ ვიცოდი და ამ არცოდნის გამო საქმე არ გამოდიოდა. თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობა, საქმის სწორად დაგეგმვა, კომუნიკაციის აწყობა, დროის მართვა, სწორი კითხვის დასმა. ეს ყველაფერი ვისწავლე, მახსოვს და ვიყენებ პრაქტიკაში, ყოველდღიურ საქმიანობაში, “- ამბობს ის.

გიორგი ერისთავი ჰყვება, რომ ის ესწრებოდა პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებასაც 27 სექტემბერს, სადაც სამადლობელი სიტყვით გამოვიდა.

გიორგი ერისთავის მსგავსად, LINKS-ის პროექტის მიმიდინარეობისას, სამი წლის მანძილზე, 87 ახალგაზრდა ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში და ანაზღაურებადი, კვალიფიციური სამსახურის გამოცდილება მიიღო, მათ შორის 50 ახალგაზრდა დასაქმდა.

განსხვავებულია 18 წლის აჟდარ ქარიმოვის ამბავი. ის ბავშვობიდან სხვადასხვა ზრუნვის სახლში ცხოვრობდა. ბოლოს ხაშურიდან თბილისში საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა, სადაც 5 მოზარდთან ერთად ცხოვრობს.

აჟდარს ცხოვრებაში მრავალი სირთულე შეხვდა. როგორც ჰყვება, გამოუვლია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. სოციალური მუშაკების დახმარებით იცვლიდა სახლსა და გარემოს. ახლა სადაც ცხოვრობს, მოსწონს.

აჟდარ ქარიმოვი საზოგადოება „ბილიკის“ დახმარებით მოხვდა LINKS-ის პროექტში, სადაც ტრენინგები გაიარა ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, შეისწავლა გრაფიკული დიზაინი და სხვა.

„საკმაოდ ბევრი სასარგებლო ტრენინგი გავიარე. უმეტესად ტრენინგზე კიდევ იმიტომ შევდიოდი,  რომ  უფრო კომუნიკაბელური ვყოფილიყავი, რადგან ქართულად საუბარი მიჭირდა. ახლა კარგად ვსაუბრობ ქართულად. მეგობრებიც შევიძინე ამ ტრენინგზე და სხვადასხვა პროფესიული ინტერესიც გამიჩნდა, “- ამბობს აჟდარი.

ის პროექტის აქტიური მონაწილე იყო, რის გამოც „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა“ საჩუქრად ლეპტოპი გადასცა. აჟდარის ერთ-ერთი გატაცება გრაფიკული დიზაინი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ ტრენინგზე შეძენილი ცოდნით, ახლა უკვე დამოუკიდებლად მუდმივად ცდილობს კიდევ უფრო მეტად გაერკვეს და ისწავლოს ბევრი რამ ამ მიმართულებით: „21-ე საუკუნეა და ეს პროფესია ძალიან საჭიროა”.

თუმცა, კულინარიაც აინტერესებს და ამიტომ ამ ეტაპაზე სწავლის გაგრძელება კულინარიაში გადაწყვიტა. უკვე ჩააბარა გამოცდები და მალე ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხება.

„მაინტერესებდა ბავშობიდან და ვამზადებდი, როცა შემეძლო. ახლა საოჯახო ტიპის სახლში 6 ბავშვი ვართ და მე ვარ ოჯახის მზარეული, “- ამბობს ის.

სამი წლის განმავლობაში, LINKS-ის პროექტში, სულ  1 200 ახალგაზრდა ჩაერთო. მონაწილეთა ნახევარზე მეტი  დასაქმების, განათლებისა და ტრენინგის მიღმა დარჩენილი ე.წ. NEET ბენეფიციარი იყო.

ამ პროექტის ფარგლებში ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ ტრენინგებზე 600-მა ახალგაზრდამ შეიძინა ძირითადი კომპეტენციები, 450-მა ახალგაზრდამ კი კარიერული კონსულტაციები მიიღო. ამასთან, პროექტმა ათასამდე ახალგაზრდისთვის ინგლისური ენის, კომპიუტერული უნარებისა და მეწარმეობის კურსები უზრუნველყო.