სტატუსმეტრი | სად ვართ, რა შესრულდა და რა რჩება გამოწვევად ევროკომისიის 12 პირობიდან

პუბლიკა

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების შესახებ შეფასება გამოაქვეყნეს.

„კანდიდატის სტატუსმეტრი“ 8 ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მოამზადა. დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და პრობლემებს ასახავს.

სტატუსმეტრი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რა მოითხოვა ევროკომისიამ პირობების დაწესებისას, რა მოლოდინები არსებობდა ევროკავშირის ინსტიტუტების, მისი წევრი სახელწიფოების წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

სტატუსმეტრი აფასებს პირობების შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას და ეყრდნობა:

  • პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს;
  • სახელმწიფო უწყებების განცხადებებსა და ანგარიშებს;
  • პოლიტიკური პარტიების შეფასებებს და განცხადებებს;
  • პოლიტიკოსების შეფასებებს და განცხადებებს;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებებს, ანგარიშებს და შეფასებებს;
  • 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას;
  • ამ აქტორებთან კომუნიკაციით მიღებულ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება მოიცავს გამოწვევებსაც და ეყრდნობა:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებებს, განცხადებებსა და ანგარიშებს;
  • საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და შეფასებებს;
  • პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასებებსა და განცხადებებს.

ჯამში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

N1: დეპოლარიზაცია

შესასრულებელია

ამ საკითხზე სტატუსმესტრის მიხედვით, არსებობდა მოლოდინები, რომ შემცირდებოდა პოლიტიკური პოლარიზაცია, ხელისუფლება შეამცირებდა მტრულ რიტორიკას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, გადაიჭრებოდა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ასევე უნდა მომხდარიყო ძალაუფლების გადანაწილებაც შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით და სხვ.

თუმცა სტატუსმეტრის მიხედვით, პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მედიას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

მოიმატა თავდასხმებმა პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, „ქართული ოცნება“ კრიტიკოსებს „ომის პარტიად“ მოიხსენიებს და გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხშირად „რუსეთის მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებს, მმართველი გუნდის აზრით კი ეს პრიორიტეტი უნდა შეასრულოს ოპოზიციამ და არა მთავრობამ.

ასევე არ გადაჭრილა სხვა გამოწვევები, რაც პოლარიზაციას შეამცირებდა. ამიტომ, სტატუსმესტრის მიხედვით, დეპოლარიზაციის პირობა ჯერ კიდევ შესასრულებელია.

N2: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები

ნაწილობრივ შესრულდა

სტატუსმეტრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით არსებობდა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების მოლოდინი, ასევე შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 2/3-ით არჩევა და სხვა არსებული გამოწვევების დაძლევა.

„ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული საკითხები შეცვალა, მაგალითად, ცვლილებები შევიდა პარლამენტის რეგლამენტში საპარლამენტო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად. მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი.

მაგრამ სტატუსმეტრის მიხედვით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება 5%-იანი ბარიერი, ხელისუფლებამ კი ბარიერის შემცირების პირობად კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა. ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ისევ გასატარებელია არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

არ არის შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ე.წ. „კარუსელების“ პრევენციას მოახდენს და სხვ.

მთლიანობაში, სტატუსმეტრის მიხედვით, მეორე პირობა ნაწილობრივ არის შესრულებეული.

N3: დამოუკიდებელი სასამართლო

შესასრულებელია

სტატუსმეტრის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებობდა მთელი რიგი მოლოდინები სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაზრდელად გასატარებელი ცვლილებების მიმართ.

მათ შორისაა ინსტიტუციური და მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაზრდა „კლანის“ გავლენის შესამცირებლად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა, სასამართლოს რეფორმირებისთვის ფართო, ინკლუზიური პროცესის წარმართვა და სხვ.

დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა, ვენეციის კომისია კი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებები არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ჯეროვან რეფორმას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას.

გამოწვევად რჩება არაერთი სხვა საკითხიც, მათ შორის, პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ და სხვ. ამიტომ სტატუსმეტრის მიხედვით, ეს პირობა შესასრულებელია.

N4: ანტიკორუფციული ზომები

ნაწილობრივ შესრულდა

ანტიკორუფციული ზომების მიმართ მოლოდინები მოიცავდა პოლიტიკური კონტროლისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა, მაგრამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია მისი საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვასთან დაკავშირებით, გამოწვევაა ისიც, რომ ბიუროს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების დეფიციტი აქვს.

მთლიანობაში, სტატუსმეტრის მიხედვით, ანტიკორუფციულ ზომებთან დაკავშირებული პირობა ნაწილობრივ არის შესრულებული.

N5: დეოლიგარქიზაცია

შესასრულებელია

ევროკავშირს დეოლიგარქიზაციის კუთხით კანონმდებლობის მიღება არ მოუთხოვია, „ქართულმა ოცნებამ“ კი თავისი ინიციატივით შეიმუშავა კანონპროექტი.

დოკუემენტის ავტორები ამ პირობასთან დაკავშირებით ეყრდნობიან ვენეციის კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიამ კი ამ კანონპროექტში არაერთი მიმართულებით დაინახა საფრთხე.

ვენეციის კომისიის დასკვნით, საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიცავს დიდ რისკს, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. ასევე კანონპროექტით გათვალისწინებულმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და რომ „კანონპროექტი მთავრობას ზედმეტ გავლენას ანიჭებს ამ პროცესზე“.

ვენეციის კომისია ამ კუთხით სისტემურ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას. ამას იზიარებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება საჭირო არაა და პრობლემასთან
გამკლავება სისტემური მიდგომით და სხვა პრიორიტეტების შესრულებითაა შესაძლებელი.

ამიტომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა შესასრულებელია.

N6: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

მეტწილად შესრულდა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა – ეს იყო მეექვსე პირობის შესახებ არსებული მოლოდინები.

ამ საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული სიტუაციის მიმოხილვისა და შეფასებისთვის ჩაატარა შეხვედრები, რომლებიც დახურული იყო. პარლამენტმა მიიღო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა.

თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება. სამუშაო ჯგუფს კი ამ საკითხებზე არ უმუშავია. ხოლო სამუშაო ჯგუფში ჩართულმა ორმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ჯგუფში მუშაობა ISFED-თან დაკავშირებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გამო შეაჩერა.

მთლიანობაში, დოკუმენტის ავტორები აღიშნავენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ პირობა მეტწილად შესრულებულია.

N7: მედია

შესასრულებელია

სტატუსმეტრის მიხედვით, ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაჭრელი. მათ შორისაა ნიკა გვარამიას გათავისუფლება, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ დამფუნძებლების მიმართ სასამართლო განხილვის შეწყვეტა. ასევე 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და სხვ.

მაგრამ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ დასჯილან, პატიმრობაში რჩება ნიკა გვარამიაც და გრძელდება სასამართლო განხილვებიც „ფორმულასა“ და „TV პირველის“ დამფუნძებლების მიმართ.

ასევე სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროდირექტივის მიკერძოებული ინტერპრეტაცია მოახდინა. კანონი ხარვეზიანია და მედიის თავისუფლების საზიანოდ სცდება ევროდირექტივის მოთხოვნებს.

გამოწვევად რჩება სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, ამიტომ სტატუსმესტრის მიხედვით, მედიის შესახებ არსებული პირობა ისევ შესასრულებელია.

N8: მოწყვლადი ჯგუფები

ნაწილობრივ შესრულდა

ამ კუთხით, მოლოდინი იყო, რომ უნდა დასჯილიყვნენ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გამოძიება და ორგანიზატორებისა და შემსრულებლები. ასევე უნდა გადადგმულიყო ნაბიჯები ჰომოფობიისა და ქსენოფობიის შემცირების მიმართულებით, გაძლიერებულიყვნენ მოწყვლადი ჯგუფები და სხვ.

სტატუსმესტრის მიხედვით, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამასთან ერთად LGBTQI ჯგუფის უფლებების დაცვა გაქრა დღის წესრიგიდან, მმართველმა პარტიამ კი გააძლიერა LGBTQI თემის საწინააღმდეგო რიტორიკა. ჯერ კიდევ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებიც.

ამიტომ, მთლიანობაში, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს პირობა ნაწილობრივ არის შესრულებული.

N9: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

მეტწილად შესრულდა

გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი სამოქმედო გეგმის მიღება;
გაუპატიურების განმარტების შეცვლა სტამბულის კონვენციის  მიხედვით;
„მსხვერპლის სტატუსის“, როგორც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის წინაპირობის მოხსნა – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა დარეგულირების შესახებ არსებობდა მოლოდინი ამ პირობის შესრულების პროცესში.

პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილებები და გადაიდგა სხვა ნაბიჯებიც ამ პირობის შესასრულებლად.

ჯერ კიდევ არ შეცვლილა გაუპატიურების განმარტება სტამბულის კონვენციის მიხედვით. ამასთან LGBTQI თემის უფლებებს აღარ ითვალისწინებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კონცეფციები. ამიტომ, მთლიანობაში, სტატუსმეტრის მიხედვით ეს პირობა მეტწილად შესრულებულად ითვლება.

N10: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

შესასრულებელია

ამ პირობის შესასრულებლად, როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი იყო 12 პრიორიტეტის შესრულებასა და სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა.

ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელისშემ- შლელი კანონმდებლობის ნებისმიერი სახით ინიციირებასა და მასზე განხილვების დაწყებისგან თავის შეკავება ან/და არმიღება.

სტატუსმეტრის მიხედვით კი, ხელისუფლება მეტწილად არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ამასთან „ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას. გამოწვევად რჩება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის ინიციირება და განხილვაც.

ამიტომ, სტატუსმეტრის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული პირობა შესასრულებელია.

N11: ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება

შესრულდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე არსებული პირობაა ერთადერთი, რომელიც დოკუმენტის ავტორების აზრით, მთლიანად შესრულდა.

სტატუსმეტრის მიხედვით, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ECHR-ის გადაწყვეტილებების დანერგვას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას.

საქართველოს სასამართლოებში შეიქმნება სამსახური, რომელიც მოსამართლეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს მიაწვდის.

ცვლილებების პროცესში კი ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიცია. ამიტომ ეს პირობა სტატუსმეტრის მიხედვით მთლიანად შესრულდა.

გამოწვევად რჩება მხოლოდ პოტენციური სირთულეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების ეროვნულ სასამართლოების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით.

N12: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

ნაწილობრივ შესრულდა

სტატუსმეტრის ავტორების მიხედვით, ამ კუთხით არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტს სახალხო დამცველი მრავალპარტიული კონსენსუსით და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა აერჩია. არჩევის პროცესი კი გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ შემოდგომით კამპანია წამოიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ და მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა, რის გამოც პროცესი მთლიანად ჩავარდა.

საგაზაფხულო სესიაზე კი მმართველმა გუნდმა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე დაუჭირა მხარი მოქმედი პოლიტიკოსის ლევან იოსელიანის კანდიდატურას.

სტატუსმეტრის მიხედვით, შესაბამისად გამოწვევად დარჩა საგაზაფხულო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სახალხო დამცველად მოქმედი პოლიტიკოსის არჩევა.

ამასთან ერთად კი ახალარჩეული სახალხო დამცველის მიერ სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ამიტომ, სტატუსმეტრის მიხედვით, სახალხო დამცველთან დაკავშირებული პირობა ნაწილობრივ არის შესრულებული.