სუპერმარკეტები, სასტუმროები, რესტორნები - დასაქმებულებზე 40-საათიანი სამუშაო კვირა გავრცელდა

პუბლიკა

სასტუმროებში, რესტორნებში, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა.

ახალი რეგულაციებით, რომლებიც 1 იანვრიდან ამოქმედდა, ამ დარგებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან. 40-ზე საათზე მეტი მუშაობის შემთხვევაში კი, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით.

მთავრობის დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა:

  • მშენებლობა;
  • ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა;
  • ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;
  • ქაღალდის მრეწველობა, საგამომცემლო საქმიანობა;
  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • ვაჭრობა;
  • ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;
  • კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;
  • ქიმიური წარმოება;
  • არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ სპეციფიკური დარგების ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი სფეროები, რომლებშიც დასაქმებულები მრავალი წელია, რაც სამუშაოზე შრომითი უფლებების დარღვევებზე საუბრობენ. ამ სფეროებზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა მნიშვნელობა აქვს სპეციფიკური დარგების ჩამონათვალის შემცირებას?

შრომის სამართლის ექსპერტი და სამართლის დოქტორი, ზაქარია შველიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა შეუსაბამო იყო საერთაშორისო სტანდარტებთან და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხის შემცირება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომლებიც 40 საათს იმუშავებს და აქ დასაქმებულ ადამიანებს დასვენების უფრო მეტი საშუალება ექნებათ.

„საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ მოსაზრება, რომ ეს კანონი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. თქვეს, რომ მინიმუმ იქნებ დავიწროვდეს ნუსხა იმ საწარმოებისა და სფეროებისა, რომლებზეც 48-საათიანი სამუშაო კვირა ვრცელდება. ნუსხის შემცირებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად ის, რომ ჩამონათვალში კიდევ უფრო შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 48 საათს იმუშავებს. შესაბამისად, დასვენების ხანგრძლივობაც გაიზარდა. საქართველოში არსებული კანონი ითვლის კვირის განმავლობაში სამუშაო საათების ხანგრძლივობას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სფეროებში მომუშავე ადამიანებს, კვირაში 40 საათზე მეტის მუშაობის შემთხვევაში, სრული უფლება აქვთ ზეგანაკვეთური ანაზღაურება მოითხოვონ“, – ამბობს ზაქარია შველიძე.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხის შემცირების მნიშვნელობასა და კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ომარ მარგველაშვილი.

მისივე განმარტებით, სიიდან ამოღებულ ვაჭრობის დარგში სუპერმარკეტების სფეროც შედის.

როგორც ის ამბობს, მაგალითად, სუპერმარკეტებში მომუშავე ადამიანებს, უფლება აქვთ კვირის განმავლობაში 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის გადაცილების შემთხვევაში ზეგანაკვეთური ანაზღაურება მოითხოვონ.

„მაგალითად, თუ შრომის ინსპექციის სამსახური გეგმურად ან არაგეგმურად შეამოწმებს კომპანიას და აღმოაჩენს, რომ კონკრეტულ თანამშრომელთან მიმართებით კომპანიაში გამოიყენებოდა 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი, თუმცა ამ ადამიანის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე არ იყო უწყვეტობი რეჟიმის საჭიროება, მაშინ შრომის ინსპექციის სამსახური დაადგენს დარღვევას.

მაგალითად, ავიღოთ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულება, თუ ვთქვათ, ასეთ კომპანიაში მუშაობს ბუღალტერი, ჩვეულებრივი, 8-საათიანი სამუშაო რეჟიმით, მაგრამ აღმოვაჩენთ, რომ მასზე შრომითი ხელშეკრულებით ვრცელდება არა 40-საათიანი, არამედ 48-საათიანი რეჟიმი, შრომის ინსპექცია აუცილებლად დაადგენს დარღვევას. ბუღალტრის ან თუნდაც იურისტის სამუშაო სპეციფიკა შესაძლებელია, რომ კავშირში არ იყოს უწყვეტობასთან.

იგივე მიდგომა ვრცელდება ვაჭრობის სფეროში – კერძოდ, სუპერმარკეტებში მომუშავე ადამიანებზეც, კვირის განმავლობაში თუკი მშრომელი გადააჭარბებს 40 საათს, შეუძლია, ზეგანაკვეთური ანაზღაურება მოითხოვოს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას, ომარ მარგველაშვილი.

მისივე განმარტებით, დამსაქმებელი ვალდებულია, სანამ პირს სამსახურში აიყვანს, გააცნოს შრომის პირობები, მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაო დროსთან დაკავშირებით. ასევე, როცა დამსაქმებელი და მომავალი დასაქმებული აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, აუცილებელი პირობაა, რომ მასში სამუშაო დროსთან ერთად, ზეგანაკვეთური შრომის ტარიფიც იყოს მითითებული.

სუპერმარკეტები, სასტუმროები და რესტორნები – რა პრობლემები აქვთ სამუშაო დროსთან დაკავშირებით ამ სფეროებზე

ვაჭრობა, სუპერმარკეტები

2019 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა ვაჭრობის სფეროში მომუშავე ადამიანების შრომის უფლებების მდგომარეობა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ვაჭრობის სფერო ორ ნაწილად გაიყო:

  1. საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტების გარდა;
  2. სუპერმარკეტები.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა ორივე სექტორში შრომის კოდექსით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება. სავაჭრო ქსელში დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 48.6 საათს მუშაობენ, ხოლო სუპერმარკეტებში 54.4 საათს. დღიურად კი სავაჭრო ქსელში დასაქმებულები საშუალოდ 9 საათს მუშაობენ, სუპერმარკეტებში კი – 10.8 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა, მაშინ, როცა შრომის კოდექსით 8-საათიანი სამუშაო გრაფიკია განსაზღვრული.

ორივე სფეროში გამოკითხულთა უმეტესობა, სავაჭრო ქსელში – 69%, ხოლო სუპერმარკეტებში – 80.7%, აღნიშნავდა, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის ისინი არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას.

შრომითი უფლებები ტექსტილის სფეროში

პროფკავშირების გაერთიანებამ, ვაჭრობის სფეროსთან ერთად, ტექსტილის პროდუქციის წარმოების სფეროში შრომის უფლებების მდგომარეობაც შეისწავლა.

2019 წლის კვლევის მიხედვით, ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულებს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევთ, რომელიც არ შედის მათ მოვალეობაში. გარდა ამისა, კვირის განმავლობაში, საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა შრომის კოდექსით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება და 52.2 საათს შეადგენს. ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულების უმეტესობა (54%) დღეში საშუალოდ 9 საათს მუშაობს.

პრობლემას წარმოადგენს ანაზღაურებაც. კვლევის მიხედვით, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ტექსტილის წარმოებაში 346 ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოში საშუალო ხელფასის ოდენობას.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ტექსტილის წარმოებაში დასაქმებული პირები ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ სამუშაო ადგილზე არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება. კითხვაზე უზრუნველყოფილია, თუ არა შრომის უსაფრთხოება თქვენს სამუშაო ადგილზე, ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულთა 42,1% ამბობს, რომ – არა.

სასტუმროები

სასტუმრო სექტორი ერთ-ერთი დიდი სფეროა, რომელშიც 2022 წლის საქსტატის ბოლო მონაცემებით, 37 000 ადამიანია დასაქმებული.

სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაო პირობების შესახებ, „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ ჩაატარა კვლევა და საქართველოში „ვარსკვლავების“ მქონე სასტუმროები გამოიკვლია.

კვლევის მიხედვით, სასტუმროებში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, სამუშაო საათების ხანგრძლივობა შრომის კოდექსთან შეუსაბამოა. კვლევის მიხედვით, სასტუმროს პერსონალი საშუალოდ 46.22 საათს მუშაობს.

ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 53.3% ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დამატებით ანაზღაურებას იღებს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, კვლევის მიხედვით, ამ კუთხით ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სასტუმრო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 1000 ლარს არ აღემატება. გამოკვლეულია დიასახლისების, მიმტანების, მიმღებისა და მზარეულების ხელფასები.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ნუსხა

ახალი დადგენილებით, 48-საათიან სამუშაო გრაფიკს მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და საზოგადო საჭიროებას ემსახურება.

მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების სიაში რჩება:

  • საზღვაო თევზჭერა;
  • კვების პროდუქტების წარმოება;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • სატელეფონო ცენტრების მომსახურება;
  • საბაჟოს მართვა;
  • სახანძრო მომსახურების საქმიანობები;
  • სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები.

დარგების ჩამონათვალის სრულად ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.