კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა პროფესიის, ასაკის თუ სოციალური ჯგუფის ადამიანი დააზარალა. მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც, რომელთა ცხოვრებაც პანდემიამ რამდენიმე მიმართულებით გაართულა – დისტანციური სწავლება, გადასახადები, ზოგიერთი მათგანისთვის – ქირაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებიც თავიანთი ხელფასით ირჩენდნენ თავს და იხდიდნენ სწავლის საფასურს. ასეთი სტუდენტია ირაკლი, რომელიც „პუბლიკასთან“ თავისი გამოცდილების შესახებ საუბრობს.
„სოფელში არ იყო პირობები, არ მქონდა არც კომპიუტერი და არც არაფერი“
ირაკლი გურამ თავართქილაძის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. პანდემიის დაწყებამდე თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა. თავისი ხელფასით იხდიდა ქირასა და სწავლის საფასურს.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემდეგ სამი თვით მისმა სამსახურმა მუშაობა შეაჩერა. ჰყვება, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილს სოფელში დაბრუნება მოუხდა. თავიდან ახერხებდა დისტანციურად სწავლას. მერე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.
„სოფელში არ მქონდა პირობები, არც კომპიუტერი მქონდა და არც არაფერი. მობილურით ვერთვებოდი, ვრიცხავდი ინტერნეტპაკეტებზე ფულს და ისე ვახერხებდი სწავლას. მაგრამ მერე მაგის ფულიც აღარ მქონდა, რადგან პანდემიამ არა მარტო ჩემზე, მთლიანად ჩემს ოჯახზე იმოქმედა ცუდად. ყველამ დაკარგა სამსახური და მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით.
მე, როგორც წესი, ჩემი სახსრებით ვიხდიდი ხოლმე სწავლის საფასურს და რადგან ახლა ფული არ მქონდა, ვეღარ ვასრულებდი კურსს. ან სწავლა უნდა შემეჩერებინა ან რაიმე მომეფიქრებინა.
უნივერსიტეტს მივმართე, მაგრამ უკვე ისედაც გადაცილებული მქონდა გადახდის დრო. მითხრეს, ჩვენ ვეღარ გადავაცილებთ მეტს, რადგან მაინც გვიფიქსირდები სტუდენტის სტატუსით და გადასახადებს ვიხდითო. ამიტომ ან სტუდენტის სტატუსი უნდა შემეჩერებინა ან სწავლის საფასური გადამეხადა“, – ჰყვება ირაკლი „პუბლიკასთან“.
ირაკლი ამბობს, რომ დახმარება დროულად სახელმწიფოსგანაც ვერ მიიღო. თუმცა, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ გადაარჩინა. მის მიერ დაფუძნებული „კეთილი ხალხის ფონდისა“ და თავისი მეგობრების მეშვეობით ნინო ბაქრაძემ ირაკლის სწავლის გადასახადისთვის ფული შეუგროვა და მას სტუდენტის სტატუსის შეჩერება აღარ მოუწია.
„იმ დროს, უკვე ისეთი პერიოდი მქონდა, ინტერნეტპაკეტსაც ვეღარ ვყიდულობდი ონლაინსწავლებაში ჩასართავად. ნინოს ვუთხარი ეს და თვითონ დაინტერესდა. ავუხსენი, როგორ ვსწავლობდი, მოვუყევი და ვანახე ყველაფერი, ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა.
სახელმწიფოსგან დახმარება, ფაქტობრივად, არ მიმიღია, ერთადერთი ნინო იყო ის ადამიანი, რომელიც გვერდში დამიდგა. მხოლოდ ახლა მოიტანეს გამგეობიდან პროდუქტები და დამერიცხა მთავრობისგან დაწესებული დახმარება – 200 ლარი.
თუმცა, რომ ამბობდნენ, ყოველთვიური იქნებოდა, ასეც არ გამოვიდა. მარტში შევწყვიტეთ მუშაობა და მარტში ნამუშევარი ნახევარი თვის ანაზღაურება, რომელიც მარტის ბოლოს უნდა დამრიცხვოდა, აპრილში ჩამირიცხეს. არადა, აპრილში საერთოდ არ მიმუშავია და ის თვეც ასე დამეკარგა. მარტის ხელფასიდანაც მცირე ნაწილი ავიღე. ამის გამო ის თვეც დაიკარგა. ასე რომ, როცა რეალურად ყველაზე მეტად მჭირდებოდა დახმარება, მაშინ დავრჩი მის გარეშე“, – ჰყვება ირაკლი.
როგორ უმკლავდებიან უნივერსიტეტები პანდემისიგან გამოწვეულ კრიზისს?
„პუბლიკა“ რამდენიმე უნივერსიტეტს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენმა სტუდენტმა მიმართა მათ შეღავათების თხოვნით და რა პროგრამები წამოიწყეს სტუდენტების მხარდასაჭერად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ინდივიდუალური გრაფიკით სწავლის საფასურის გადახდაზე შეღავათების თხოვნით 3266-მა სტუდენტმა მიმართა, ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო კი – 683-მა სტუდენტმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათ სწავლის საფასურთან გადახდასთან დაკავშირებული შეღავათის გაკეთების თხოვნით 2 650 სტუდენტმა მიმართა, ონლაინსწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემებით კი – 149 სტუდენტმა.
სტუდენტების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დარეჯან მეფარიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეღავათების გაკეთების თხოვნით მათ არაერთმა სტუდენტმა მიმართა. ბევრი იყო მათი რიცხვიც, ვისაც ონლაინსწავლებაზე გადართვა გაუჭირდა.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტიდან, რომელშიც ირაკლი სწავლობს, „პუბლიკამ“ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენმა სტუდენტმა მიმართა უნივერსიტეტს შეღავათების თხოვნით და შეუჩერდა თუ არა რომელიმე სტუდენტს დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი, ვერ მოიპოვა.
თუმცა, როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სირთულეებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაუმკლავდა და ამ მხრივ სტუდენტებს პრობლემა არ შექმნიათ.
საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადასახადთან დაკავშირებით შეღავათის თხოვნით 130-მა სტუდენტმა მიმართა. ამ დროისთვის კი უნივერსიტეტის ინფორმაციით საფასური 400-მდე სტუდენტს აქვს გადასახდელი. სტუდენტების ნაწილმა მათ ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზეც აცნობა, თუმცა როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამბობენ, ყველა პრობლემას გაუმკლავდნენ.
საქართველოს უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათ 1300-ზე მეტი განცხადება მიიღეს და ყველა დააკმაყოფილეს. თუმცა, სტუდენტებს ბოლო ორი წელია, სწავლის საფასურის გადახდა ისედაც შეეძლოთ 10 ნაწილად დაეყოთ. პანდემიის გამო, დამატებით ყველა სტუდენტს აპრილში სწავლის საფასური გადაუვადეს და შეღავათებზე განცხადებების მისაღები ვადები გაზარდეს, სტუდენტის სტატუსი კი არავისთვის შეუჩერებიათ, მიუხედავად ფინანსური ზარალისა.
როგორც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია „პუბლიკასთან“ აცხადებს, სტუდენტების ნაწილს ონლაინსწავლებაში ჩართვაც გაუჭირდა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა დასჭირდათ.
„ჩვენთანაც არიან სტუდენტები, რომლებისთვისაც ონლაინ სწავლება რთული აღმოჩნდა და ისინი ვერ ახერხებდნენ ლექციებზე დასწრებას ტექნიკური მოწყობილობის არ ქონის გამო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ზოგიერთ სტუდენტს, შევუძინეთ ლეპტოპი. გარდა ამისა, სტუდენტებს, ვისაც ამის საჭიროება ქონდა შევუძინეთ საჭირო სასწავლო ინვენტარიც: მაგალითად, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის პროგრამის სტუდენტებს“, – ამბობს თოფურია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე სუხიშვილი კი გვიყვება, წელს საფასური გადაუხდელობის გამო არცერთი სტუდენტისთვის არ შეუჩერებიათ სტატუსი.
„ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გამოიხატა სწორედ იმაში, რომ სტუდენტების მხრიდან წამოსული განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა დავაკმაყოფილეთ და გადაუხდელობის გამო ლექციებსა თუ გამოცდებზე წვდომა არავისთვის შეგვიზღუდავს “, – ამბობს სუხიშვილი „პუბლიკასთან“.
სტუდენტებს სტატუსი არ შესჩერებიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, გაზაფხულის სემესტრის დაწყებისთანავე მათ სტუდენტებს შეღავათები შესთავაზეს.
„უნივერსიტეტმა სტუდენტებს შესთავაზა სწავლის საფასურთან დაკავშირებული შეღავათები, რომლებიც გულისხმობდა: დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის არგუსის არჩევის რეჟიმში ჩართვას, მიუხედავად დავალიანებისა და სტუდენტის მიერ გადმოგზავნილი განცხადების საფუძველზე სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური სქემის შედგენას“, – აცხადებენ ილიაუნიში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ამბობენ, რომ მათთან გადასახადის დავალიანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი არ არის. შეღავათები კი რამდენიმე მიმართულებით დააწესეს – პირველ რიგში, სტუდენტებთან გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმების კუთხით. ასევე, თსუ-ში ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტში 600 000 ლარი აქვთ გამოყოფილი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფარად და დაეხმარებიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. შეღავათები ასევე დააწესეს საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტებისთვისაც.
„1 მაისიდან 1 სექტემბრამდე უნივერსიტეტმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს სპეციალური საშეღავათო პირობები შესთავაზა.
კერძოდ, სოციალურად დაუცველი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, ასევე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის გამო დაკარგა სამსახური ან/და არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას, ამ პერიოდის განმავლობაში გათავისუფლდებიან გადასახადისგან.
ხოლო ოჯახიდან 2 ან მეტი სტუდენტის ან სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სტუდენტები სარგებლობენ 50%-იანი შეღავათით. ყველა დანარჩენ სტუდენტზე გათვალისწინებულია 30%-იანი შეღავათი“, – აცხადებენ თსუ-ში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ამბობენ, რომ სწავლის საფასურზე შეღავათები დააწესეს. ამის გამო, სტუდენტის სტატუსი არავისთვის შეუჩერებიათ. ონლაინსწავლებაზე გადართვისას წარმოქმნილ დაბრკოლებებს კი სტუდენტებთან ერთად გაუმკლავდნენ.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მარტივად მოეხერხებინათ ონლაინსწავლებაში ჩართვა, გამოცდების ჩაბარება. ხელს ვუწყობდით სტუდენტებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ინტერნეტი გამართულად არ მუშაობდა. ან ვისაც არ ჰქონდა კომპიუტერი, შეეძლო, მაგალითად, მობილურით ჩართულიყვნენ ლექციებში და ფურცელზე დაეწერათ თავიანთი ნაშრომები, შემდეგ კი ფოტოები გადაეღოთ და ისე მიემაგრებინათ. მუდმივად ხაზზე ვიყავით და ვეხმარებოდით იმ სტუდენტებს, რომლებსაც ონლაინსწავლებისას სირთულეები ექმნებოდათ“, – ამბობს დარეჯან მეფარიშვილი „პუბლიკასთან“.
თუმცა, მეფარიშვილი დასძენს, რომ კორონავირუსის პანდემიამ არამხოლოდ სტუდენტებს შეუქმნა პრობლემა, მნიშვნელოვნად დააზარალა თავად უნივერსიტეტიც.
„ჩვენთან ძალიან ბევრი კონფერენცია იყო ჩანიშნული. მაგალითად, იტალიიდან უნდა ჩამოსულიყო დელეგაცია და ვეღარ ჩამოვიდნენ. ბევრი რამ დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელეთ, მაგრამ საუნივერსიტეტო ღონისძიებები სრულფასოვნად მაინც ვერ ტარდებოდა. გარკვეული საერთაშორისო პროექტები საერთოდ ჩაიშალა. ბევრი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო ევროპიდან, ამერიკიდან და ამ სიტუაციამ ძალიან დაგვაზარალა.
მეორე მხრივ, გართულდა ჩვენი ცხოვრების წესიც. ადმინისტრაციის თანამშრომლები კვლავინდებურად ვაგრძელებდით უნივერსიტეტში სიარულს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციებმა გადაადგილება გაართულა. გვიწევდა მუშაობა შესაბამისი ეკიპირებით. ემოციურად ძალიან რთული იყო დაცარიელებული აუდიტორიების, უნივერსიტეტის ყურებაც. პანდემიამ ბევრი რამ გააუარესა “, – ამბობს მეფარიშვილი „პუბლიკასთან“.
დიდ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ საქართველოს უნივერსიტეტშიც. როგორც კონსტანტინე თოფურია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ პანდემიის პირობებში უნივერსიტეტს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. თუმცა, იმედოვნებენ, სტუდენტების მხარდაჭერას მომავალშიც შეძლებენ.
რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო პოლიტიკა სტუდენტებისა და უნივერსიტეტების დასახმარებლად?
საქართველოში არსებული მოდელით, როგორც კერძო, ისე საჯარო უნივერსიტეტების შემოსავლის დიდი ნაწილი სტუდენტების სწავლის საფასურზეა დამოკიდებული. ამიტომ კორონავირუსის პანდემიამ ისინი გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა – ერთი მხრივ, დისტანციურ რეჟიმში გადასასვლელად საჭირო გახდა სტუდენტებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესება და ინფრასტუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მეორე მხრივ, კი საფრთხის ქვეშ დადგა თავად უნივერსიტეტების ფინანსური მდგრადობა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ განათლების მინისტრი უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა.
მოგვიანებით, 15 მაისს განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას კი განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს სამინისტროს მხრიდან მიეცა რეკომენდაცია, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და, შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაავადა, ან სტუდენტებს გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა.
„სამინისტროს მხრიდან, ჩვენ, როგორც ყოველთვის, სრულად უზრუნველვყოფთ 2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, პროგრამებისა და სტიპენდიების დაფინანსებას“, – განაცხადა ჩხენკელმა.
თუმცა, განათლების საკითხების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ რეკომენდაციებით შემოფარგვლა სამინისტროს არაეფექტიან პოლიტიკაზე მიანიშნებს და უმაღლესი განათლების სისტემას კრიზისთან გამკლავებაში ეს ვერ დაეხმარება.
„სამინისტროს რეკომენდაციები რეალურად ვერ არის ვერც წამახალისებელი და ვერც მხარდამჭერი უნივერსიტეტების ინიციატივებისთვის.
უნივერსიტეტებს უამრავი პრობლემა გაუჩნდათ ამ პერიოდში. მაგალითად, სტუდენტებს გაუჩნდათ პრობლემა, რომ ვეღარ იღებენ იმ განათლებას, რომელსაც ელოდნენ, რომ მიიღებდნენ ჩვეულებრივ პირობებში, იმის გამო, რომ არ აქვთ ინტერნეტი, ხელმისაწვდომობა სხვადასხვა აღჭურვილობაზე. მეორე მხრივ, პროფესურას უჭირს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. უნივერსიტეტებს უჭირთ ამ პროცესის მართვა.
ერთი მხრივ, სტუდენტებს უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა, რადგან სამსახურები დაკარგეს. მეორე მხრივ, უნივერსიტეტების ძირითადი შემოსავალი არის სტუდენტების გადასახადი და შესაბამისად, უნივერსიტეტები დგებიან ფინანსური პრობლემების წინაშე. შეიძლება კერძოები გაკოტრდნენ და საჯაროებსაც ვალები გაუჩნდეთ. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად, რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის“, – ამბობს სიმონ ჯანაშია „პუბლიკასთან“.
რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს შედეგზე ორიენტირებული დახმარებისთვის?
სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სამინისტროს უნდა გადაეხადა თავისი ბიუჯეტისთვის და ფინანსები გამოეთავისუფლებინა იმ პროგრამებიდან, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე. სამინისტრომ პროგრამების გარკვეული ნაწილი უნდა შეაჩეროს და თანხები უნივერსიტეტებისკენ მიმართოს, რათა უნივერსიტეტებმა, თავის მხრივ, მხარდაჭერა გამოუცხადონ სტუდენტებსა და პროფესურას.
ამის მაგალითი, სიმონ ჯანაშიას თქმით, საგანმანათლებლო პროგრამების პირდაპირი წესით დაფინანსების გაფართოება იქნებოდა.
„არსებობს დაფინანსების მეორე მოდელი, როცა საჯარო უნივერსიტეტებში პირდაპირ მიმართულებებს აფინანსებენ. შეიძლებოდა ამ მოდელის გამოყენება და გაფართოება ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად“, – ამბობს სიმონ ჯანაშია „პუბლიკასთან“.
განათლების საკითხების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა უნივერსიტეტების მხარდაჭერა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მაგალითად, სპეციალური ინტერნეტპაკეტების შეთავაზება, სტუდენტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სხვ.
„მაგალითად, საავტორო უფლებებზე შეიძლება დახმარება. სახელმწიფო რომ დაეხმაროს უნივერსიტეტებს, ჰქონდეთ მასალები ელექტრონულად და დაეხმარონ მათ ამ მასალების, ჟურნალების შესყიდვაში“, – დასძენს ჯანაშია.
სიმონ ჯანაშიას თქმით, კორონავირუსის პანდემიამ დისტანციური განათლების აღიარების სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წამოწია. ის ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები ხელს უშლის დისტანციურ განათლებას. სახელმწიფო არეგულირებს ისეთ საკითხებს, რა კომპონენტებით უნდა შეფასდეს სტუდენტი სემესტრის განმავლობაში და რა უნდა იყოს ამ კომპონენტების წონა. ეს კი დისტანციურ განათლებასთან რთულად შეთავსებადია.
სიმონ ჯანაშია „პუბლიკასთან“ თავად უნივერსიტეტების ძალისხმევაზეც საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტროს გარდა, მეტი ინიციატივის გამოჩენა შეეძლოთ თავად უნივერსიტეტებსაც. განათლების საკითხების სპეციალისტს მაგალითად ისეთი შესაძლო ინიციატივები მოჰყავს, როგორიცაა სტუდენტებისთვის აღჭურვილობის შეგროვება და ფონდების მოძიება სტუდენტების მხარდასაჭერად თუ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რათა ახლებურ რეჟიმში სწავლა მეტი წარმატებით წარმართულიყო.
„ძირითადად, ეს პროცესი პროფესორების ძალისხმევის დონეზეა მიტოვებული. უნივერსიტეტებს დახმარება შესაძლოა, ამ დონეზეც სჭირდებოდეთ. ზოგადად, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისი ასე პრობლემურად არ განიხილება არც უნივერსიტეტებში და არც სახელმწიფოს მხრიდან.
ცდილობენ, არ აჩვენონ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვართ. არ ითხოვენ მოქალაქეების მობილიზებას. რაც შეცდომაა და შეცდომაა სახელმწიფოს მხრიდანაც. ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, როგორშიც ვიყავით 2008 წელს და მოქალაქეები უნდა ცდილობდნენ, რომ დაეხმარონ განათლების სისტემას“, – დასძენს ჯანაშია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო და სახელმწიფომაც მაისიდან ეტაპობრივად დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება. თუმცა, უცნობია, რა გველის შემოდგომაზე. იქნება თუ არა Covid-19-ის მეორე ტალღა, დადგება თუ არა ისევ დისტანციურად სწავლისა და სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესების საჭიროება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტებისთვის შეღავათებს 2020-2021 სასწავლო წელსაც დააწესებენ. სამომავლოდ სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებზე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებს პროგრამას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გააცნობენ. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მათთვის ფინანსური დანაკარგი შესაძლოა, უფრო მძიმეც იყოს.
„გადახდის პირობები იქნება თუ სხვა შეღავათები პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებული მდგომარეობასთან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და მაქსიმალურად ვეცდებით ყველა შესაძლო რესურსი გამოვიყენოთ სტუდენტებისთვის“, – ასეთი მოლოდინი აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში მომდევნო სასწავლო წლისათვის.
ჯერჯერობით კი, როგორც ჩანს, პანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდმა გადაიარა. ახლა უნივერსიტეტებში საგამოცდო პროცესია, სტუდენტებიც პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და ამ სემესტრის დასრულებაზე არიან ორიენტირებული.
„კორონავირუსის პანდემიამ უკან დახია ყველა. მეც ზუსტად ისე დამემართა, როგორც ძალიან ბევრ სხვას. არადა, ყოველთვის ჩემი შრომით ვახერხებდი თავის გატანას და არასდროს არავისთვის მითხოვია რაიმე ამ პანდემიამდე.
კარანტინამდე ჩემი ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი იყო – ვმუშაობდი, ვსწავლობდი, ისე ვცხოვრობდი, როგორც სხვა სტუდენტები. პანდემიამ გამოიწვია ჩემი უკუსვლა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება, სამუშაოზეც დავბრუნდი და ისევ ვსწავლობ“, – ამბობს ირაკლი „პუბლიკასთან“, რომელმაც „კეთილი ხალხის ფონდისა“ და მოქალაქეების სოლიდარობით სწავლის გაგრძელება შეძლო.