თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა – ფორმალობიდან რეალობამდე

მანანა ქოჩლაძე

სტატია მომზადებულია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ

2020 წლის გაზაფხულზე თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ მყინვარწვერის დანახვა თბილისიდან კვლავ შესაძლებელია – როცა ქალაქს თავზე ჩვეული ფოტოქიმიური სმოგის ქუდი არ ადგას.

COVID-19-ის პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა ქალაქების განვითარების კონცეფციების გადააზრება. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალურ როლს სწორედ ქალაქები თამაშობენ.

თბილისის მოსახლეობასა და მერიას შორის ბოლო წლებში გამძაფრებული კონფლიქტი ქალაქში ბოლო რამდენიმე ათწლეულში დაშვებული შეცდომების აგლომერაციის გამოძახილია. ამ ყველაფრის პიკი კი ბოლო ოცწლეულია – დაუსაბუთებელი მშენებლობებით, განუვითარებელი გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, რის შედეგადაც ქალაქი სრულიად უცხო და, ამავდროულად, საშიში გახდა ჰაერის დაბინძურებისა თუ გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით.

თბილისი ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ქალაქების ინიციატივას შეუერთდა. ამ ინიციატივას ასევე აფინანსებს „მწვანე კლიმატის ფონდი“ და პროექტი მიზნად ისახავს ქალაქების მდგრად განვითარებას კლიმატის ცვლილების საპასუხოდ.

EBRD-ის დახმარებით შემუშავებული მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა თბილისის მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავება წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ. მასში ჩამოწერილია ქმედებები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქის მობილობა,  წყლისა და ნარჩენი წყლების ინფრასტრუქტურა, დაინერგოს მყარი ნარჩენების მართვა. გეგმა ასევე მოიცავს შენობების კლიმატისადმი მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, რომელთა წყალობით, ყოველწლიურად 45 000 ტონით უნდა შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფერულ ჰაერში, ხოლო 2030 წლამდე – 55 მლნ კუბური წყალი დავზოგოთ.

ეს გეგმა, ფაქტობრივად, ყოველგვარი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე შემუშავდა. საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე გრძელდება მისი შესრულება და მონიტორინგიც. მისი დამტკიცებიდან 2 წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში, თბილისის მუნიციპალიტეტმა გეგმის შესრულების შედეგები მხოლოდ ერთ – ტრანსპორტის ნაწილში მოგვაწოდა. მათვე აღნიშნეს, რომ სირთულეების მიუხედავად, ამ მიმართულებით თბილისი მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას მისდევს.

EBRD-ის დახმარებით შემუშავებული მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა თბილისის მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შემუშავება წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ. მასში ჩამოწერილია ქმედებები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქის მობილობა,  წყლისა და ნარჩენი წყლების ინფრასტრუქტურა, დაინერგოს მყარი ნარჩენების მართვა.

გეგმა ასევე მოიცავს შენობების კლიმატისადმი მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, რომელთა წყალობით, ყოველწლიურად 45 000 ტონით უნდა შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა ატმოსფერულ ჰაერში, ხოლო 2030 წლამდე – 55 მლნ კუბური წყალი დავზოგოთ.

ამ გეგმის თანახმად, თბილისმა აიღო ვალდებულება, 2025 წლამდე სრულად ჩაანაცვლოს ავტოპარკი 1000-მდე CNG-ის ტიპის, ანუ კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსით. ჩანაცვლება EBRD-ის კრედიტით შეძენილი ავტობუსებით დაიწყო და ახლაც გრძელდება. თუმცა, 2018 წელს მერიამ საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო ფული სხვაგვარი – დიზელის ავტობუსებისთვის და დიზელის 90 ავტობუსი შეიძინა, რაც მწვანე ქალაქის გეგმასთან თანხვედრაში არ არის.

დიზელის ავტობუსების შეძენის მოტივი იყო ის, რომ „ევრო 6-ის“, ანუ ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტის მქონე დიზელზე მომუშავე 10-მეტრიანი ავტობუსების შეძენა ბევრად უფრო ეკონომიური იქნებოდა ბიუჯეტისთვის, ვიდრე იმავე ოდენობის გაზის ავტობუსების. ტრანსპორტის სპეციალისტების დიდმა ნაწილმა გაამართლა მსგავსი მიდგომა და თან ხაზს უსვამენ, რომ „ევრო 6-ის“ „ევრო 6-ს“ ისეთივე შემცირებული ემისია ახლავს, როგორც კომპრესირებულ ბუნებრივ გაზს.

თუმცა, სტანდარტი „ევრო 6“, ისევე როგორც მისი წინამორბედები, არ არეგულირებს უამრავ დამბინძურებელს, მათ შორის, შეწონილ ნაწილაკებს, ამონიუმს, აზოტის დიოქსიდს. ეს დამბინძურებლები გაზს არ ახასიათებს. შესაბამისად გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება მისაღები არ არის. ჯანდაცვის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, ევროკომისია მუშაობს დიზელის ახალ, „ევრო 7-ის“ რეგულაციაზე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის უახლესი მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულირებს იმ დამაბინძურებლებს, რომლებიც არ რეგულირდება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის სტანდარტებით.

ამის მიუხედავად, თბილისის მერიას სხვა გეგმები აქვს: 2020 წლის ზაფხულში მერიამ განაცხადა, რომ შეიძენს 300 მიკროავტობუსს, არანაკლებ „ევრო 5“ (ევრო 6-ზე უფრო ძველი) სტანდარტის შესაბამისს და ამით სრულად ჩაანაცვლებს არსებულ სისტემას.

რეალურ პირობებში ჩატარებული ტესტირების შედეგები

მსგავსი პრობლემები კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის საჭირო, ქალაქს ერთიანი მიზნები ჰქონდეს და მისი დაგეგმვის სხვადასხვა დოკუმენტი ერთმანეთთან ინტეგრირებული იყოს. ერთიანი სატრანსპორტო მობილობის გეგმის არსებობის შემთხვევაში, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმასთან, შესაძლებელი იქნება მსგავსი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება. მაგრამ ერთიანი სატრანსპორტო მობილობის გეგმა თბილისის მერიას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია.

თბილისის მუნიციპალიტეტის თანახმად, მწვანე ქალაქის გეგმა სრულადაა ინტეგრირებული თბილისის გენერალურ გეგმასა და მდგრადობის სამოქმედო გეგმასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ერთი მხრივ, მერიას არასდროს გამოუქვეყნებია კლიმატის მდგრადობის სამოქმედო გეგმა. თბილისის გენგეგმა განსაზღვრავს თბილისის განვითარების კონცეფციას, როგორც კომპაქტური, მწვანე და მდგრადი ქალაქისას და ითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოსდაცვითი და რეკრეაციული პირობების აღდგენისთვის. ამ კონცეფციაში თბილისის ბუნებრივი და ანთროპოგენური გარემო განხილულია ერთიან, ურთიერთდამოკიდებულ სისტემად. 2019 წელს თბილისის გენგეგმა ასევე ითხოვდა თბილისის მედეგობის სტრატეგიის განვითარებას, რომლის განხორციელების ეტაპებზე, ზოგადად, არაფერი ვიცით. ისევე, როგორც არ ვიცით, როგორია ქალაქის სატრანსპორტო განვითარების გეგმა.

გენგეგმის თანახმად, მერია შეგვპირდა რომ ის განავითარებს, სულ ცოტა, შვიდ პარკს და აღადგენს მწვანე სივრცეებს და სკვერებს. თუმცა იმ ადგილებში სადაც, გენგეგმის თანახმად, პარკი უნდა იყოს, დღეს მოსახლეები ხშირად იბრძვიან გარემოსდაცვითი დეგრადაციის შესაჩერებლად. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს დიღმის ჭალები.

საზოგადოების ჩართულობის არარსებობა ქალაქის განვითარების გეგმებში და მიღებულ გადაწყვეტილებებში მძიმედ აისახება როგორც გადაწყვეტილებების ხარისხზე, ასევე მის შესრულებასა და მდგრადობაზე.

საინტერესოა ისიც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს, მწვანე ქალაქთან მიმართებაში არ უარყვია საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები. მათი განცხადებით, ამ დანაკლისის შევსებას მერია კვლევებით, ფოკუს ჯგუფებით და საზოგადოებრივი გამოკითხვებით ცდილობს და, ამავდროულად, იმედოვნებს რომ საზოგადოებრივი ჩართულობის პრობლემა მოგვარდება მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის განხორციელებისას. ამჟამად, გეგმა ჯერ არაა დასრულებული და წარდგენილი მოსახლეობისთვის.

ყოველივე ზემოთქმული კარგად აისახა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისას, როდესაც სატრანსპორტო მობილობის გაზრდის თვალსაზრისით სწორმა პროექტმა 1) გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, და 2) მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტი მხოლოდ გამზირის პრობლემების გადაჭრის მცდელობა იყო, ეს ცვლილებები უარყოფითად აისახა მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაზე.

რასაკვირველია, ჯერ საკმაოდ ცოტა დროა გასული სრული შეფასებისთვის, მაგრამ მთელი რიგი საკითხები ჭავჭავაძეზე და მიმდებარე ქუჩებზე – გაზრდილი საცობები და ჰაერის დაბინძურება, პრობლემური გადასასვლელები, დაურეგულირებელი შუქნიშნები, უფრო ადვილად და კარგად გადაწყდებოდა საბოლოო სატრანსპორტო სქემის დახაზვამდე რომ განხილულიყო ადგილობრივ მოსახლეობასთან, და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქალების, ხანშიშესული და/ან სპეციალური საჭიროებების მოქალაქეების ჩართულობა. სინამდვილეში კი, ქალაქის მოსახლოებას სრული ინფორმაცია მედიიდანაც კი არ მიუღია ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებთან მიმართებაში. იგივე პრობლემას წააწყდნენ მოქალაქეები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ახალ პროექტთან დაკავშირებით.

„2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. 2020 წლის 7 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება”.

თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, სრულად იქნა იგნორირებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, არ ჩატარებულა საზოგადოებრივი განხილვები. უფრო მეტიც, დაირღვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნები. ერთი მხრივ თითქოს ქალაქის საჯარო და მწვანე სივრცეების განვითარებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებამ მოქალაქეებში მხოლოდ გულისწყრომა გამოიწვია.

მსგავსი იმპერატიული სახის გადაწყვეტილებები, ყოველგვარი განხილვებისა და საინფორმაციო კამპანიების გარეშე და, თუნდაც, სწორი იდეის არასწორი შესრულება, ამცირებს მოსახლეობის მხარდაჭერას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას უშლის ხელს.


ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფოგრაფიკები იხილეთ ბმულზე

სტატია მოამზადა მწვანე ალტერნატივამ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – მედიის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით საკითხებში და ამ მიმართლებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში “– ფარგლებში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მწვანე ალტერნატივას პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ფონდი „ღია საზოგადოება-საქარ-თველოს” შეხედულებათა ამსახველად.