თბილისის წიგნის ბაზრობა წელს 10-13 აპრილს ჩატარდება „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც სტუმრებს ის გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები დახვდებიან, რომელთა უმეტესობა ორ ათეულ წელზე მეტია მკითხველს მაისის ბოლოს მასპინძლობდა ხოლმე.
„წიგნებით თავისუფლებისთვის“ – ასეთი სლოგანი ექნება 2025 წლის ბაზრობას და სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა მთავარი მიზეზი, რის გამოც გამომცემლობებისა და წიგნის გამავრცელებლების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით აპრილში გაეკეთებინა ახალი ღონისძიება და მაისში დაგეგმილ ბაზრობაზე მონაწილეობა აღარ მიეღო.
10-13 აპრილს ექსპო–ჯორჯიას მე-11 პავილიონში მკითხველს უმასპინძლებენ და დიდ ფასდაკლებებს შესთავაზებენ ისეთი გამომცემლობები, როგორებიც არიან: ინტელექტი, არტანუჯი, სულაკაური, ქარჩხაძე, პალიტრა, ზებრა და სხვები, ისინი ტრადიციულად, საკუთარ ავტორებთან ერთად, ახალ ქართულ წიგნებსა და თარგმანებს წარადგენენ. წიგნის მაღაზიებიდან აქ დაგხვდებათ ბიბლუსი, წიგნები ვაკეში, პარნასი… ბაზრობაზე იპოვით ნიშურ გამომცემლობებსაც: მედუზა, ზიარი, ინდიგო, სოვლაბი, ალონი. 10-13 აპრილს ჯამში 50-მდე მონაწილე გიმასპინძლებთ.
ყველაფერი დაიწყო 2024 წლის ნოემბერში, როდესაც 25-მდე წევრმა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია დატოვა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ასოციაციის გამგეობამ წევრებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, ორგანიზაცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” რეესტრში დაერეგისტრირებინა. ეს კი წევრთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 2025 წლის იანვარში ასოციაციიდან წამოსულმა გამომცემლებმა ახალი გაერთიანება „საქართველოს წიგნის ასოციაცია“ დააფუძნეს და დაიწყეს მუშაობა, რომ გაზაფხულზე ახალი, დამოუკიდებელი წიგნის ბაზრობა ჩაეტარებინათ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვენარჩუნებინა გაზაფხულის ტრადიცია, როდესაც გამომცემლები, ავტორები და მკითხველები ექსპო ჯორჯიაში იკრიბებიან. ეს არის დღეები, როცა მკითხველი გრანდიოზულ ფასდაკლებებს ელოდება. წელს ეს შეკრება აპრილში იქნება, ვინაიდან წიგნის ასოციაციის წევრი გამომცემლები არ აპირებენ მონაწილეობას მაისის ფესტივალში, რომელიც გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ დაგეგმა. ამის ნაცვლად ჩვენ ყველანი აპრილში შევთავაზებთ დიდ ფასდაკლებებს საკუთარ მკითხველს“,- ამბობს საქართველოს წიგნის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი.
მისი თქმით, ახალი წიგნების პრეზენტაციებთან და ფასდაკლებებთან ერთად ბაზრობაზე სხვადასხვა გათამაშებები, კონკურსები და მკითხველების დასაჩუქრებაც იგეგმება. გარდა ამისა, წიგნებს მსახიობებიც წარადგენენ. ღონისძიება გვერდს არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აუვლის და არსებულ სიტუაციაზე მსჯელობა ამა თუ იმ ფორმით, ბაზრობაზეც შედგება. ამას მოწმობს წლევანდელი სლოგანიც – „ წიგნებით თავისუფლებისთვის“. პავილიონში მოეწყობა სპეციალური სტენდიც, რომელიც დამოუკიდებელ მედიას მიეძღვნება.
„წიგნის ბაზრობაც იქნება პლატფორმა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორი მნიშვნელოვანია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“, – ამბობს ნატა ძველიშვილი.
საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა „ზებრას“ ხელმძღვანელი,მაკა კასრაძე მიიჩნევს, რომ ახალი ასოციაციის დაარსებით და ბაზრობის აპრილში ჩატარებით ყველა მონაწილე ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და ეს იდეა პროევროპული, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაა. წიგნის ბაზრობა კი საქმიანობის წლიური შეჯამებაცაა და ყველა გამომცემლობისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური თვალსაზრისით. „ამასთან, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მკითხველებთან უშუალო კონტაქტი დაამყარო. სხვა კუთხით დაანახო წიგნი, ყურადღება გაამახვილებინო იმ ასპექტებზე, რაც შესაძლოა, ვერც კი შეემჩნია. ცხადია, ბაზრობა ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, როცა ამდენი ერთდროული მყიდველი გყავს. მკითხველსაც უფრო იაფად შეუძლია წიგნების შეძენა და ორივე მხარე მოგებულია“, – აღნიშნავს მაკა კასრაძე.
ქარჩხაძის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი, გია ქარჩხაძე კი მიიჩნევს, რომ აპრილში ბაზრობის ჩატარებას თავისი უპირატესობა აქვს „შედარებით ადრე ცოცხლდება წიგნის ბაზარი, ბევრი დროა ამის მერე და პირდაპირ ზაფხული არ მოსდევს მაისისგან განსხვავებით“.
სხვა მონაწილეების მსგავსად ქარჩხაძის გამომცემლობაც ბაზრობაზე წარადგენს ახალ წიგნებს, რომელთა შორისაა არგენტინული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ერნან დიასის წიგნი „ნდობა“, რომელიც სულ ახლახან ითარგმნა. წიგნი 2022 წელს გამოიცა და 2023 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ქარჩხაძის გამომცემლობას ახალი წიგნი ბავშვებისთვისაც აქვს -„ოზის საოცარი ჯადოქრის“ სერიის მე-6 წიგნს სწორედ თბილისის წიგნის ბაზრობაზე წარადგენენ. ცხადია, ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ჯემალ ქარჩხაძის ყველა წიგნი და სხვა ძველი გამოცემები.
მხოლოდ აპრილის ბაზრობაში მონაწილეობა „პალტრა L- იც“, რომელიც წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბაზრობაზე არაერთ სიახლეს სთავაზობს მკითხველს. ერთ–ერთი გამოცემა, რასაც „პალიტრა L-ს“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გამოარჩევს, არის პოლონელ–ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, იცხოკ ბაშევის ზინგერის წიგნის „მონას“ თარგმანი, რომელიც 1962 წელს დაიწერა და თავის დროზე ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა ამერიკაში. გამომცემლობა წარადგენს ასევე ნათია ჟვანიას ახალ ქართულ წიგნს „თანამედროვე გოგონები წარსულიდან“, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ქართველი ქალების ისტორიებს გვაცნობს. სიახლეები იქნება ასევე საბავშვო გამოცემებშიც, მათ შორის იგეგმება გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრების“ განახლებული წიგნის პრეზენტაცია, სადაც ახალი ტექსტები და ილუსტრაციები იქნება შეტანილი.
ბავშვებისთვის განსაკუთრებულ გამოცემებს ამზადებს „ზებრაც“, რომელსაც წარმოდგენილი ექნება როგორც ქართული წიგნები, ისე თარგმანები. ასევე, სამაგიდო და განვითარების თამაშები, გასაფერადებლები და სხვა საბავშვო გასართობები. „ზებრა“ გეგმავს ჟირაფ ჟოზესთან დაკავშირებულ ღონისძიებასაც, სადაც ცნობილი ანიმაციური სერიალის შემქმნელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
წიგნის ახალ ბაზრობას მალევე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოს წიგნის ასოციაციას მასშტაბური ღონისძიების გამართულად ჩატარებაში ეხმარებიან. გენერალური სპონსორია TBC, რომელიც უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროსთან. ციფრული პარტნიორია Veli Store, სწორედ ამ პლატფორმაზე განთავსდება ფასდაკლებული წიგნები მათთვის, ვინც თბილისში არ იქნება ან ბაზრობაზე ფიზიკურად დასწრებას ვერ მოახერხებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე პოლონური ინსტიტუტი თბილისში და ბიოლის ფონდი.
2025 წლიდან აპრილიდან საფუძველი ჩაეყრება ახალ, წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ლიტერატურულ ღონისძიებას, რომელიც სამომავლოდ ტრადიციად იქცევა.