22-30 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იქნებიან, მათ შორის – პუტინთან დაახლოებული სამხედრო წოდების მქონე პირებიც.
გასულ თვეში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ეროვნული ნაკრების 18 წევრს ინდივიდუალური „ნეიტრალური სპორტსმენის“ (AIN) სტატუსი მიანიჭა, რაც მათ საშუალებას აძლევს, თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთაშორისო მმართველი ორგანოს ოფიციალური დროშის ქვეშ იასპარეზონ. ეს გადაწყვეტილება არაერთი ქვეყნის ფედერაციამ გააპროტესტა. უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, „ნეიტრალურად“ გამოცხადებული მოფარიკავეები – სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო არიან სანქცირებულნი .
„პუბლიკამ“ საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე თბილისში გასამართ ჩემპიონატში მონაწილეთა სიაში მართლაც მიაკვლია სამხედრო წოდების მქონე, პუტინის მხარდამჭერ სპორტსმენებს. ისინი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტკლუბის წევრები არიან:
სოფია ველიკაია
რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი, ფარიკაობაში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი.
2016 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სამხედრო მამაცობის პირველი ხარისხის მედლით.
2018 წელს ველიკაია იყო იმ საჯარო პირთაგან ერთ-ერთი, ვინც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ვლადიმერ პუტინის ავტორიზებული წარმომადგენელი.
მას ასევე მიღებული აქვს რუსეთის სამშობლოსადმი დამსახურების ორდენი და რუსეთის საპატიო ორდენი სპორტული დამსახურებებისთვის.

კამილ იბრაგიმოვი
მას რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტნის წოდება აქვს. 2013 წელს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი.
იანა ეგორიანი
ის უფროსი ლეიტენანტია. მიღებული აქვს მედალი „სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ და ღირსების ორდენი. არაერთგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში.
2018 წლის არჩევნებში გახდა პუტინის „ნდობით აღჭურვილ პირთა“ წევრი.
ოლგა ნიკიტინა
რუსეთის შეიარაღებული ძალების პრაპორშჩიკი [უმცროსი ოფიცერი].
მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. მეგობრობის ორდენის კავალერი.

გარდა ამისა, ველიკაია, ნიკიტინა, იბრაგიმოვი და ეგოიანი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვა, სავარაუდოდ, რუსულ არმიასთან კავშირის გამო. პასუხად, რუსეთის ფარიკაობის ფედერაციამ ოლიმპიადაზე არცერთი მოფარიკავე არ გაუშვა.
„ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი გუნდის დაყოფას დასავლეთის მოსაწონ და „ცუდ რუსებად“, – განაცხადა რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა 2023 წელს.
9 ივლისს უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება „ნეიტრალური სტატუსის“ მინიჭებაზე შეურაცხყოფაა არა მხოლოდ უკრაინელი სპორტსმენებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო სპორტული საზოგადოებისთვის.
„თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რუსი მოფარიკავეების ნეიტრალიტეტის შემოწმების მთელი ეს პროცესი ფარსია. ახლა, იმედი მაქვს, ეს ცხადი გახდა სხვა უცხოური ფედერაციებისთვისაც, რომლებიც თავს იკატუნებდნენ, რომ შერჩევა წესიერად მიმდინარეობდა.
ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა, ვინაიდან უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის ყველა წინა საჩივარი უპასუხოდ დარჩა“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ ილიაშევმა.
მისივე თქმით, ფედერაცია ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ საჯაროდ მივმართავთ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ“.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციაში (FIE) არსებულ რუსულ გავლენებზე წლებია, საუბრობენ. 2023 წელს FIE ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფედერაცია იყო, რომელმაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს „ნეიტრალური“ სტატუსი მიანიჭა.
ფედერაციის პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში იყო რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი, რომელსაც „პუტინის ფავორიტ ოლიგარქადაც“ მოიხსენიებდნენ. 2021 წელს ის თავისი ნებით გადადგა თანამდებობიდან, 2022 წელს კი მეხუთე ვადით კვლავ უსმანოვი აირჩიეს, თუმცა პრეზიდენტობაზე უარი თქვა. ის 40-მდე ქვეყანაშია სანქცირებული.

რუსი და ბელარუსი მონაწილეების გამო, 2023 წელს პოლონეთმა და გერმანიამ ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება გააუქმეს. სხვადასხვა შეჯიბრების მასპინძლობაზე უარი თქვეს ფინეთმა და შვედეთმაც.
„არსებობს რისკი, რომ რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე მონაწილეებს, სიმრავლის გამო, [ქვეყანაში] შესვლამდე სათანადოდ ვერ შეამოწმებენ“, – განაცხადა პოლონეთის ფედერაციამ 2023 წელს.
ფედერაციამ იმავე განცხადებაში მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგებს, „მცდელობაში, შეჯიბრებიდან ამოიღოს ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში სასტიკ ომს და ვლადიმერ პუტინის რეჟიმს… ამიტომ, როგორც პოზნანში მსოფლიო თასის ორგანიზატორს, მას არ შეუძლია, შეეგუოს ასეთ სიტუაციას“.
რუსეთის პოზიცია
რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ილგარ მამედოვი, მადლობას უხდის საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) ხელმძღვანელობას გონივრული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც რუს სპორტსმენებს თბილისში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას აძლევს.
„მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტისგან მივიღეთ თანხმობა ჩვენი ლიდერებისთვის – ველიკაიას, ეგორიანის, ნიკიტინასა და იბრაგიმოვისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ცსკა-ს წარმომადგენელი ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს CISM-ის წევრები არიან, რომელიც ოფიციალურად აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1991 წელს და იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო სამხედრო თამაშებში – სამხედრო პერსონალის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სპორტსმენებს სამხედრო წოდება უნდა ჰქონდეთ. უფრო მეტიც, ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა წამყვან ფარიკაობის ქვეყანაში“, – თქვა მამედოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის გუნდმა ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე 2019 წელს იასპარეზა, ბუდაპეშტში და ამის გაცნობიერება სამწუხაროა.
რას ამბობენ საქართველოს ფედერაციასა და შსს-ში?
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ბაზაძეს ვკითხეთ, როგორია მისი პოზიცია საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ და აპირებს თუ არა ჩემპიონატის გაუქმებას, როგორც ეს, მაგალითად, პოლონეთმა და გერმანიამ გააკეთეს?
„პოლონეთმა და გერმანიამ გააუქმეს მსოფლიო თასები! აღნიშნული შეჯიბრება არის მსოფლიო ჩემპიონატი! ამის გაუქმების უფლება არც მე მაქვს და არც ქვეყანას. საერთაშორისო ფედერაციამ უნდა გააუქმოს, წესებით“, – განაცხადა ბაზაძემ.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს სამხედრო წოდების მქონე სპორტსმენებისთვის „ნეიტრალური“ სტატუსის მინიჭებას, ბაზაძემ გვიპასუხა:
„ჩემი პოზიციაა, სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან! ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის წესებით!“.
„პუბლიკამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა შეკითხვით, რა ზომების მიღებას აპირებს სამხედრო წოდების მქონე რუსი სპორტსმენების ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.