თქვენ ღარიბი ხართ, როგორც იესო

დავით ბუხრიკიძე

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკა, რომელსაც ხალხი ეძახდა – Pepe, el presidente más pobre („პეპე, ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი“), მონტევიდეოს მახლობლად, 89 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

2024 წლის აპრილში მუხიკას კუჭის კიბო დაუდგინდა. 2025 წლის 11 მაისს ურუგვაის დღევანდელმა პრეზიდენტმა, იამანდუ ორსიმ განაცხადა, რომმუხიკას მდგომარეობა კრიტიკულია“. 13 მაისს ორსიმ ყოფილი პოლიტიკოსისა და მისი მენტორის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. ხოსე მუხიკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ურუგვაიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

2009 წლის ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მუხიკაფართო სახალხო ფრონტისკანდიდატი იყო. არჩევნების მეორე ტურში თავისი მთავარი კონკურენტი დაამარცხა და ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. 2010 წლიდან  2015 წლის მარტამდე მას ოფიციალურად ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 2015 წელს, უკვე ტაბარე ვასკესის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ (ურუგვაიში პრეზიდენტებს მხოლოდ ერთი ვადით ირჩევენ) დატოვა ეს თანამდებობა და ურუგვაის სენატის წევრად აირჩიეს.

2018 წლის აგვისტოში გადადგომის შესახებ წერილი დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ სენეტში მისი ვადა 2020 წელს იწურებოდა. ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის შემდეგ, მუხიკამ უარი თქვა სენატის მიერ დანიშნულ პენსიაზე და მონტევიდეოს მახლობდად, პატარა ფერმაში დასახლდა, მეუღლესათან, ლუსია ტოპოლანსკისთან ერთად, რომელიც სენატში მისი კოლეგა და ასევე, სახალხო მოძრაობის ერთერთი ისტორიული ლიდერი იყო. მასთან პეპეს დიდი ხნის მეგობრობა და სიყვარული აკავშირებდა.

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ის მემარცხენე მოძრაობატუპამაროსისწევრი იყო, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული. მუხიკა რამდენჯერმე იყო დაჭრილი და 14 წელი ციხეში გაატარა. აქედან პატიმრობის დიდი ნაწილი სამარტოო საკანში. ციხიდან 1985 წელს გამოვიდა, როდესაც ურუგვაიში კვლავ გაიმარჯვა დემოკრატიულმა მოძრაობამ.

ღარიბი და ხალხოსანი პეპე ისევე აჩუმად წავიდა, როგორც ცხოვრობდა. სახლების, დიდი ქონების, ფულის, ავტომობილების კოლექციისა თუ პრეზიდენტის თვითმფრინავის გარეშე, რომელიც არასოდეს ყოლია.

კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა პატარა სახლში. დაახლოებით ოცი წელი ჰყავდა 1989 წელს გამოშვებულფოლკსვაგენისმცირელიტრაჟიანი მანქანა.

მუხიკამ თითქმის მთელი საპრეზიდენტო ხელფასი ქველმოქმედებას შესწირა, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე ღარიბ, ან ყველაზე გულუხვ პრეზიდენტად იქცა. ხელფასის 80%-ს ის ღარიბების დასახმარებლად და სხვადასხვა სოციალური პროექტების განსახორციელებლად ხარჯავდა. შეიძლება ითქვას, რომ ხოსე მუხიკა განასახირებდა  ყველაფრის ანტითეზას, რასაც დღეს პოლიტიკა და  პოლიტიკოსი ეწოდება: არ იპარავდა, არ იტყუებოდა, არ იმალებოდა დაცვის უკან, საკუთარი ხალხის მიმართ გულწრფელი და რაც მთავარია, ჭეშმარიტად თავისუფალი იყო.

მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ტიპის დიქტატორები თუ პოსტსაბჭოთა სისტემაში გამდიდრებული ნუვორიშები, ლამის ოქროს სასახლეებში ცხოვრობენ და სიცოცხლეშივე მავზოლეუმებს იშენებენ, მუხიკა ხაზგასმულად მოკრძალებულად ცხოვრობდა. როდესაც ლამის 90%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა და კანონის საწინააღმდეგოდ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, დარჩენას სთხოვდნენ, ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წავიდა: ისტერიკის, ეროვნული ლიდერის იმიჯისა თუ შექმნილი კულტომანიის გარეშე.

პეპე მუხიკასთან ერთად, ალბათ ის გულუბრყვილო ეპოქაც დასრულდა,  როდესაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაჯერება, რომ ძალაუფლება მსახურებაა და არა ძარცვა; რომ წარსულში ავტომატით შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია შურისძიების ნაცვლად შერიგების გზა აირჩიოს; რომ ღარიბ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ნამდვილი და არა მითებით ძლევამოსილი მდიდარი ლიდერი. არაერის მამა“, არამედ უბრალოდ, კაცი, რომელმაც გადაიტანა ციხე, წამება და მაინც ჰუმანისტად დარჩა.

დღევანდელი სამყარო, რომელსაც ციფრული მარიონეტები, ნავთობის მეფეები და ლამის კრიმინალური ელიტები მართავენ, მუხიკას ცხოვრებისა და პრეზიდენტობის მაგალითზე აშკარად შემზარავად მოსჩანს, რადგან ის იყო აადამიანი, რომელსაც არანაირი სიმდიდრე და ოფშორული ანგარიშები არ ჰქონია.

მუხიკა ამბობდა: „მე ღარიბი არ ვარ. ღარიბები ისინი არიან, ვისაც უსასრულო რაოდენობის ქონება და ნივთები სჭირდებათ. მე მცირედით ვცხოვრობ, რადგან მინდა ნამდვილი ცხოვრებისთვის დრო მქონდეს.“… გარდაცვალების შემდეგ, მისმა თაყვანისმცემელმა მოძღვარმა ასე მიმართა: „გმადლობ, პეპე! დაე, შენი სინდისი მათზე  გადავიდეს, ვისაც ჯერ კიდევ დანახვა და მოსმენა შეუძლია“.