თქვენს რჩეულ მედიას სამართლიანობისთვის ბრძოლისა და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება

პუბლიკა

თქვენს რჩეულ მედიას სამართლიანობისთვის ბრძოლისა და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება

ევროკავშირსა და მის საზღვრებს გარეთ მრავალ სხვა ქვეყანაში ინტერნეტში ხელმისაწვდომი ახალი ამბების გასაცნობად ფულის გადახდა მიღებული პრაქტიკაა. თუ ცოტა ხნის წინ გაზეთების ყიდვა იყო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, დღეს თანამედროვე მკითხველი იაზრებს, რომ ხარისხიანი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობისთვის თანხის გაღებაა საჭირო. მართლაც, მედია დამოკიდებულია გამომწერებსა და შემოწირულებებზე. ეს მას ეხმარება, იბრძოლოს უსამართლობის წინააღმდეგ, გადაჭრას კონკრეტული პრობლემები და ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობას.

მაგალითად, 2020 წელს გაზეთი The Guardian პლანეტის გადარჩენისთვის ბრძოლის სათავეში მოექცა, როცა გარემოსდაცვით მასალას ყოველ სამ საათში ერთხელ აქვეყნებდა. ბრიტანეთის ამ წამყვანი გაზეთის ონლაინვერსია უფასოა, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ის მკითხველებისგან თანხის ერთჯერადი თუ რეგულარული შენატანების სახით და გამომწერებისგან იღებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება ყოველდღიურ გამოწვევადაა ქცეული. რეგიონში ხომ სულ უფრო იზრდება პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი, გარე მხარდაჭერის აუცილებლობა თუ ომის ფიზიკური და ფსიქოლოგიური გავლენა, რასაც რესურსების თანდათანობითი შემცირებაც ემატება. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი მედია მთელი რეგიონის მასშტაბით ამ პროცესების საწინააღმდეგოდ მაინც იბრძვის.

დეკემბრის დასაწყისში ჩვენ დავესწარით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია-კონფერენციას და მოვისმინეთ აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედიაში მომუშავე პროფესიონალთა უაღრესად საინტერესო ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ისინი მოქალაქეებს არა მარტო ინფორმაციის მიღებაში, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაშიც. არცერთ მათგანს არასოდეს ექნება იმ მოცულობის რესურსები, როგორიც The Guardian-ის მსგავს გლობალურ მედიას აქვს, მაგრამ ისინიც საზოგადოებისთვის მუშაობენ და მათაც სჭირდებათ მოქალაქეთა მხარდაჭერა.

სომხეთი: „მაშინაც კი, როცა საერთაშორისო რეპორტიორები არ იყვნენ, ჩვენ რეპორტაჟებს ვამზადებდით“ — კარენ არუტიუნიანი, CivilNet.am-ის მთავარი რედაქტორი

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, ვებსაიტი CivilNet.am საერთაშორისო მედიისა და საზოგადოებისთვის ერთადერთი სანდო წყარო იყო. ის ინგლისურ ენაზე ქმნიდა სარწმუნო მასალას, მათ შორის — ვიდეო რეპორტაჟებს. „ჩვენი რეპორტაჟები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. კონფლიქტის პერიოდში რეპორტაჟებს ფრანგულ და რუსულ ენებზეც კი ვამზადებდით, რათა ადამიანებს მიმდინარე მოვლენებზე წარმოდგენა ჰქონოდათ“, — აღნიშნავს კარენ არუტიუნიანი, CivilNet.am ვებსაიტის მთავარი რედაქტორი.

მედიამ შეძლო, უშუალოდ ცხელი წერტილებიდანაც გადაეცა ინფორმაცია, რადგან რეპორტიორები ფრონტის ხაზზეც მუშაობდნენ.

„მაშინაც კი, როცა საერთაშორისო რეპორტიორები არ იყვნენ, ჩვენ რეპორტაჟებს ვამზადებდით, გვქონდა ბიურო. საარტილერიო ცეცხლისგან თავის დასაცავად ჩვენი რეპორტიორი სარდაფიდან მუშაობდა. ის ყოველდღე წერდა დღიურს, წერდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. და ამ ნამუშევარმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ, ამ დღიურების საფუძველზე ინგლისურენოვანი დოკუმენტური ნარკვევიც შეიქმნა. 2020 წლის ომის თემაზე ალბათ სულ რამდენიმე დოკუმენტური მასალა თუა მომზადებული და ერთ-ერთი სწორედ ეს ნარკვევია“, — აღნიშნავს ის.

კარენ არუტიუნიანს სჯერა, რომ სარედაქციო საბჭომ ძალიან ბევრი გააკეთა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამან სიცოცხლეც კი შეუნარჩუნა იმ ადამიანებს, რომლებმაც დეზინფორმაციის ხაფანგს დააღწიეს თავი. „2020 წლის ომი თავიდან ბოლომდე პროპაგანდით იყო მართული. ეს გამოწვევა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და, ასევე, ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც იქ, ფრონტის ხაზზე ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც მუშაობდნენ. პროპაგანდას რომ დავუბრუნდეთ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ჟურნალისტებს და მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება რომ ჰქონდეთ. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ბევრი შეზღუდვა მოჰყვა და ჩვენ უზარმაზარი წნეხის ქვეშ ვიყავით, რადგან უამრავი საკითხის შესახებ არ შეგვეძლო მასალის მომზადება“, — განმარტავს ის.

საქართველო: „ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიცია იქვე იდგა და არ აღკვეთა თავდასხმები 53 ჟურნალისტსა და აქტივისტზე“ — ლიკა ზაკაშვილი, Publika.ge-ის მთავარი რედაქტორი.

ქართულ ონლაინგამოცემა „პუბლიკაში“ მხოლოდ 10 ჟურნალისტი მუშაობს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გუნდისთვის, დაეწერა თამამი ისტორიები, მიეტანა ისინი მკითხველამდე და დაენახებინა, თუ რატომაა მსგავსი სტატიები მათთვის მნიშვნელოვანი.

მაგალითად, „პუბლიკას“ მიერ ჩატარებული გამოძიება იმ ძალადობაზე, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა თბილისი პრაიდის აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩაიდინეს, ყველა ადგილობრივმა მაუწყებელმა გადასცა. ეს რეპორტაჟი ოფიციალურად მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც “გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეომასალა“.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველმა ჩვენი ვიდეომასალის საფუძველზე მიმართა გენერალურ პროკურატურას და კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ჩვენმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები უმოქმედოდ იდგნენ იქვე და არ აღკვეთეს ძალადობრივი ქმედებები 53 ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ. ამ მასალამ, როგორც წლის საუკეთესო ვიდეორეპორტაჟმა, სოლიდური პროფესიული ასოციაციების ჯილდო დაიმსახურა“, — აღნიშნავს Publika.ge-ის მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი.

5 ივლისის მოვლენებზე „პუბლიკას“ მასალა იმ მტკიცებულებათა შორისაც იყო, რომლებიც საჩივართან ერთად გადაეგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

აზერბაიჯანი: „ჩვენ აზერბაიჯანში ერთადერთი მედიაგამოცემა ვართ, რომელიც საგამოძიებო თემატიკაზე მუშაობს“ — ულვი ჰასანლი, მედიაგამოცემა Abzas-ის აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორი

Abzas ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი მედიაგამოცემათაგანია აზერბაიჯანში. მისმა გუნდმა ერთობ დიდი აუდიტორიის მოკრება შეძლო (215,000 მომხმარებელი სოციალური მედიის პლატფორმებზე და ვიდეომასალის 50 მილიონი ნახვა გასული წლის განმავლობაში). ასეთი აუდიტორია Abzas-ს ინფორმაციის ფართოდ გავრცელების საშუალებას აძლევს. მაგრამ მისი აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორი, ულვი ჰასანლი ამბობს, რომ გუნდის წინაშე ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევაა.

„ჩვენ გვაქვს საგამოძიებო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ჩვენ აზერბაიჯანში ერთადერთი მედიაგამოცემა ვართ, რომელიც საგამოძიებო თემატიკაზე მუშაობს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სახელმწიფომ დანგრეული სახლების და ნაგებობების სარეაბილიტაციო პროგრამა დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ამგვარ პროექტებზე 5.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენ ამ საკითხის გამოძიება გადავწყვიტეთ და გავარკვიეთ, რომ ბიუჯეტის ნაწილი ხელისუფლებასთან და მათ ოჯახებთან დაკავშირებული კომპანიების განკარგულებაში იყო“, — ჰყვება ულვი ჰასანლი.

გამოძიება ამ ეტაპზე უკვე ცხრა ნაწილისგან შედგება. „ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. იმედია, როცა ყველა ისტორია გამოქვეყნდება, გარკვეული რეაქციის მოწმენიც გავხდებით“, — აღნიშნავს ის.

გუნდმა მნიშვნელოვანი რესურსები ჩადო ციფრულ მიმართულებაში. „2022 წელს ჩვენ გავხსენით TikTok-ის არხი, რომელსაც 20,000 მიმდევარი ჰყავს. გასული ხუთი თვის განმავლობაში ჩვენს ვიდეოებს 5 მილიონამდე ნახვა აქვს. ასე რომ, ჩვენ სერიოზულად ვართ სოციალური მედიით დაინტერესებულები“, — დასძენს ულვი ჰასანლი.

უკრაინა: „ჩვენ არ ვუშინდებით ადგილობრივი ისტორიების მოყოლას“ — ალექსანდრა ვორონინა, Rubryka-ს ინგლისურენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი

Rubryka პირველი მედიასაშუალებაა უკრაინაში, რომელიც „გამოსავლების ჟურნალისტიკის“ ფორმატში მუშაობს. რას ნიშნავს ეს? Rubryka საუბრობს არა მარტო პრობლემებზე, არამედ ასევე იმ გზებზე, რომლებითაც ეს პრობლემები ეროვნულ, საზოგადოებრივ ან თუნდაც პერსონალურ დონეზე შეიძლება გადაიჭრას. ალექსანდრა ვორონინა ვებსაიტის ინგლისური ვერსიის მუშაობას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მართალია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მედიასივრცე ცხელი წერტილებიდან მაუწყებელ ახალი ამბების ჟურნალისტიკას დაეთმო, მაგრამ ვებსაიტი კვლავ განაგრძობს მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი პროექტების გაშუქებას.

„ძალიან მომწონს, რომ არ გვაშინებს ადგილობრივი ისტორიების მოყოლა. ჩვენ მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ. აი, მაგალითად, ჩვენ განვმარტავთ, თუ როგორ ჭრიან პრობლემებს საზოგადოებრივი ჯგუფები ომის კონტექსტში. ავიღოთ თუნდაც ეკოლოგიის მიმართულებით ომის დანაშაულების საკითხი უკრაინაში. ჩვენ ვესაუბრებით ექსპერტებს. გავიხსენოთ თუნდაც იმ ჩვენი ჟურნალისტების სტატიები, რომლებიც ტუზლის ლაგუნების ეროვნულ ნაკრძალში მივიდნენ და შავი ზღვის დელფინების დაღუპვის ამბავი გააშუქეს. ამ დელფინებს დინება უდიდესი რაოდენობით რიყავს ნაპირზე. უკრაინაში ისინი საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლებიან, მაგრამ ეს პრობლემა მთელი შავი ზღვის აუზის მასშტაბით გავრცელდა. ჩვენ არა მარტო რუსეთის დანაშაულებზე ვილაპარაკეთ, არამედ ასევე ვკითხეთ ექსპერტებს, თუ როგორ შეიძლება ეკოსისტემის აღდგენა“, — ამბობს ალექსანდრა ვორონინა.

უკრაინელებს აინტერესებთ ასეთი მასალა, რადგან ის მათ საცხოვრებელ გარემოს ეხება. „გარდა ამისა, ვფიქრობთ, როგორ აღვრიცხოთ ეს დანაშაულები, მერე კი მოვითხოვოთ რეპარაციები, აღვადგინოთ ტერიტორიები და ხელი შევუწყოთ გარემოს კონსერვაციას“, — დასძენს ის.

მოლდოვა: „ჩვენთვის, როგორც ონლაინმედიისთვის, ‘ოფლაინ’ საქმიანობაც ძალიან მნიშვნელოვანია“ — ირინა გელბური, Interakt-ის გენერალური დირექტორი

პროექტი Agora ერთი ადამიანით დაიწყო. ახლა ის ძლიერი გუნდისგან შედგება და ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული მედიასაშუალებაა მოლდოვაში. გამოცემამ შემოიღო წევრობის მოდელი, რომლის მიზანიც აუდიტორიის გაზრდაა — თანაც, არამხოლოდ მოგების მისაღებად.

„ერთ-ერთი უმთავრესი, რის გამოც ადამიანებს Agora მოსწონთ, ჩვენი სათემო შეხვედრებია. ჩვენთვის, როგორც ონლაინმედიისთვის, ‘ოფლაინ’ საქმიანობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ შეხვედრების მოწყობას შემოქმედებითად მივუდექით. ხალხი ჩვენი შენობის სახურავზე მოვიწვიეთ, რათა ის საკითხები განგვეხილა, რომლებიც გულწრფელად გვადარდებს. 10 შეხვედრაზე 1,000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მათ გუნდის გაცნობის და კონკრეტული პრობლემების განხილვის საშუალება მიეცათ. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, იქნება ეს სამსახურების, სამუშაო სივრცეების თუ ბიზნესების ჰიბრიდიზაცია, ბიზნესის ციფრული გარდაქმნა, გაუკვალავი ტურისტული მარშრუტები მოლდოვაში, საერთაშორისო კორპორაციები თუ ‘ნოუ-ჰაუს’ შემოტანა“, — ჰყვება ირინა გელბური, პროექტ Agora-ს შემქმნელი კომპანიის, Interakt-ის გენერალური დირექტორი.

მაგალითად, 2018 წელს სერიოზული დისკუსია წარიმართა ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკის საკითხებზე. ამ დებატების შედეგად სტატიების ციკლი დაიწერა. „ერთი კონკრეტული სტატია განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მასში ჩვენმა ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა პოლიეთილენის პარკების შესახებ კანონში შეტანილ შესწორებებზე, რომელიც კანონს, ფაქტობრივად, უმოქმედოს ხდიდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შესწორებები შეიცვალა და კანონი მოქმედი გახდა“, — აღნიშნავს ის.

ბელარუსი: „სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენი მედიის რეორგანიზაცია იყო“ — ალექსანდრა პუშკინა, Zerkalo.io-ს კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი

ბელარუსში აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები უკიდურესად დიდი საფრთხის ქვეშ არიან. მიუხედავად ამისა, მედია ურთულეს პირობებში და უსაფრთხოების და თავისუფლების გარისკვის ფასად, კვლავ გადასცემს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის, ვინც ბელარუსში დარჩა.

გარდა ამისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ახალი პრობლემები შექმნა. 2021 წლის 18 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა დამოუკიდებელი Tut.by ვებსაიტი, დააპატიმრა მმართველი გუნდი და კომპანიის საბანკო ანგარიშები გაყინა. ამის საპასუხოდ, გუნდმა საფუძველი ჩაუყარა პროექტს, Zerkalo.io. სარედაქციო საბჭოს კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრა პუშკინამ აგვიხსნა, თუ როგორ შეიცვალა მათი საქმიანობა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.

„სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენი მედიის რეორგანიზაცია იყო. ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა არა მარტო ფიზიკური ადგილის შეცვლაა, არამედ, ეს დასაქმებისა და შრომის კანონმდებლობის საკითხებსაც მოიცავს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2022 წლის მარტში ჩვენ 5 მილიონი მომხმარებელი გვყავდა, რადგან ხალხი ომის შესახებ ინფორმაციას ეძებდა. რუსეთში ჩვენი დაბლოკვის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ Yandex-ით აღარ ვიძებნებით, 1,5 მილიონი მომხმარებელი დავკარგეთ. მას შემდეგ აღდგენაზე ვმუშაობთ. ახალი გზები არ არსებობს, ჩვენ ყველა მოთამაშეს ვიცნობთ — ამიტომ ახლა სარეკომენდაციო სისტემებთან ვმუშაობთ“, — გვიხსნის ის.

2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, TikTok-ზე მედიის არხი 70,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა. ამასთან, სარედაქციო გუნდმა მასალის ბელარუსულ ენაზე შექმნაც დაიწყო.

ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის, გამოცემა დღეს აქტიურად აშუქებს ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისათვის ბრძოლას, უკრაინის საზღვართან არსებულ სიტუაციას და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე რეაქციებს.

როგორ ეხმარება ევროკავშირი დამოუკიდებელ მედიას

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მედიის, დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მუდმივი ურთიერთთანამშრომლობა.

სწორედ ამას ისახავდა მიზნად პრაღაში ახლახან ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია-კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება. პრაღაში ასამდე ჟურნალისტი, მედიის სფეროს პროფესიონალი და დონორი შეიკრიბა, რათა განეხილათ ის პრაქტიკული გზები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. დამსწრეებმა ასევე ისაუბრეს მედიის საკითხების გარშემო ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და სტრატეგიებზე.

ევროკავშირი მედიის დამოუკიდებლობას ადგილობრივი ინიციატივებით უჭერს მხარს. მათ შორისაა ევროპის დემოკრატიის ფონდიც (EED), რომელიც დაფინანსებას სთავაზობს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დემოკრატიის გამაძლიერებელ მოძრაობებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედიაპლატფორმებს და პლურალისტური, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების დამკვიდრებაზე მომუშავე ჟურნალისტებს. მხარდაჭერა ხორციელდება გრანტების საშუალებით და მისი მიზანია დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების ხელშეწყობა და განვითარება, რთულ პირობებში მომუშავე ჟურნალისტების და საინფორმაციო სააგენტოების მხარდაჭერა და ახალბედა მედიასაშუალებების დახმარება.

ევროკავშირის კიდევ ერთი ინიციატივაა პროექტი, ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის (EU4IM), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობს. პროექტი მუშაობს სარედაქციო სტანდარტებზე, ახალი ამბების განყოფილების მართვასა და ფინანსურ სტაბილურობაზე.

პროექტის საქმიანობის ფარგლებში პროფესიონალთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი შემუშავდა. EU4IM-ის მედიატრენინგისა და გაცვლების უფროსმა ექსპერტმა, ზოია ჩარლზმა კონფერენციაზე იმ გადაუდებელ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც პროექტი უკრაინას უწევს. კერძოდ, ინიციატივის ფარგლებში გამოიწვრთნენ ის რეგიონული ჟურნალისტები, რომელთაც მტრულ გარემოში მუშაობის ტრენინგი არასოდეს გაევლოთ. უფროსი ექსპერტის თქმით, ასეთი ტრენინგის ონლაინ ჩატარება რთული იყო („წარმოიდგინეთ სისხლდენის შეჩერების მეთოდის დემონსტრირება Zoom-ის საშუალებით…“). ამის მიუხედავად, „ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა და მონაწილეთა მხრიდან ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ. შემდეგ პროცესში სხვა ორგანიზაციები და დონორებიც ჩაერთნენ და მსგავსი ტრენინგების ჩატარება დაიწყეს“, — აღნიშნავს ზოია ჩარლზი.

პროექტის ფარგლებში ასევე დამზადდა ომის გაშუქების თემაზე სარედაქციო რეკომენდაციების სახელმძღვანელო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენებზე ითარგმნა (უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და ასევე ემიგრირებული ბელარუსი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის).

თუმცა პროექტის ძირითადი საქმიანობა ახალი ამბების განყოფილებების განვითარების მხარდაჭერაა. სწორედ ახლა საქართველოში მყოფი ორი ექსპერტი ერთად მუშაობს ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელებისათვის საინფორმაციო პაკეტის შემუშავებაზე. მასში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ახალი ამბების განყოფილების სტრუქტურა და სამუშაო პროცესი, სამუშაოს აღწერილობა, გენდერული პოლიტიკა და სხვა.

„ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი ონლაინრესურსი, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ინგლისურად არის ხელმისაწვდომი. ესაა ბიზნესის სტრატეგიის, ახალი ამბების განყოფილების მართვის თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსები. ჩვენ მათ იმ ქვეყნების კონტექსტებს ვარგებთ და ენებზე ვთარგმნით, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. ამ კურსების შემდეგ უკვე ადგილზე ჩატარდება ტრენინგები, რომლებსაც უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები ერთობლივად გაუძღვებიან“, — განმარტავს ზოია ჩარლზი.