პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ.
პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. თავდაპირველად ინტერვიუ მხოლოდ დალი ციცხვაია დაგვთანხმდა.
დალი ციცხვაია ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 3 თვის განმავლობაში ვერ ვაჭრობდა. გაუჭირდა ოჯახის რჩენა, ამბობს, რომ ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია.
დალი ციცხვაია გვიყვება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეები კვლავ გაურკვევლობაში დარჩნენ, არ იცოდნენ, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას. პრობლემის მოგვარების შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ როგორც თვითდასაქმებულებს სახელმწიფოსგან მიეღოთ კომპენსაციის სახით ერთჯერადად კუთვნილი 300 ლარი.
ზოგიერთმა მათგანი დარეგისტრირდა კიდეც კომპენსაციის მიმღებთა ვებგვერდზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ სჭირდებოდათ ბაზრობის ადმინისტრაციისგან ცნობა, რომელიც დაადასტურებდა რომ ისინი იქ მუშაობენ.
ივნისის დასაწყისში დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეებმა პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობასთან ერთად აქცია გამართეს და ბაზრის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს გაეცათ ბაზარში მათი მუშაობის დამადასტურებელი ცნობები.
„ჩვენ მაგათ მაღალფარდოვან საუბრებს ვერ ვიგებდით, და მაინც, თუ სურდათ, რომ გაგვეგო, მიზანს ვერ ვაღწევდით, რადგან ჩვენ გვჭრდებოდა ცნობები, რომ დეზერტირების ბაზარში ვვაჭრობთ, რასაც [ადმინისტრაცია] არ გვაძლევდა“ – ამბობს დეზერტირების ბაზრობაზე ერთ-ერთი მოვაჭრე დალი ციცხვაია.
აქციიისა და მოლაპარაკებების შემდეგ ბაზრობის ადმინისტრაციამ ცნობა გასცა. თუმცა დალი ციცხვაიასთვის გაუგებარია – რატომ გახდა საჭირო ბრძოლა ცნობისთვის, თუ მათ ეს ეკუთვნოდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს პანდემიის კრიზისი მძიმედ შეეხოთ. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებს თავიანთ მოქალაქეებზე აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ და სახელმწიფო მათ უნდა დახმარებოდა „წვალების გარეშეც“.
„არაფერს არ ნიშნავს ეს 300 ლარი, მაგრამ უბრალოდ უხარია ადამიანს, რომ გაჭირვების დროს მას ვიღაც დაეხმარა. თორემ ეს 300 ლარი, ამდენი გაწვალების მერე და ამდენი ამბის მერე… იცი რა არის? 300 ლარი არის მათხოვრის დახმარება, მეტი არაფერი. 3 თვე სახლში ვიჯექით, არაფერი გაგვიკეთებია, ზემოთ ქვემოთ დავრბოდით, გაიხსნებოდა ჩვენი ბაზრობა, თუ არ გაიხსნებოდა საეჭვო იყო, ნერვიულობაც ბევრი შეგვხვდა, ჰოდა, რა გახდა ასეთი ეს 300 ლარი, თუ ეს დაშვებული იყო მთავრობოსგან რომ დახმარება მიგვეღო?“, – ამბობს დალი ციცხვაია.
მისი თქმით, პანდემიის კრიზისი მოვაჭრეებისთვის არ დასრულებულა. ხალხის ნაკადმა იკლო, მოვაჭრეებს კი პროდუქტის გაყიდვა უჭირთ.
„პანდემიის გამო გაჩერება დიდი ხნით მოგვიწია და ახლა კიდევ უარეს დღეში ვართ. ხალხი არ არის, ვინც სწავლობდა და ჩამოსული იყო, ყველა წავიდა სოფელში, სწავლება ონლაინზეა გადასული. იმხელა გადასახადები გვაქვს და 10-15 კაცი არ შემოდის ბაზრობაზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვდგავართ აქ და მაინც ვწვალობთ, რომ იქნებ როგორმე ოჯახი გამოვკვებოთ“,- გვეუბნება დალი ციცხვაია.
ჟუჟუნა ახვლედიანი 27 წელია დეზერტირების ბაზრობაზე ვაჭრობს. ისიც სხვებთან ერთად ელოდება, როდის ჩაურიცხავს სახელმწიფო კომპენსაციას. დახლიდან ივნისის თვის ქვითრებს იღებს და გვაჩვენებს. ამბობს, რომ ადმინისტრაციას ყოველდღიურად 10 ლარს უხდის სამუშაო ადგილისთვის. ქვითრებს ინახავს, საჭირო დროს რომ ვინმე არ მოედავოს. მიუხედავად ამისა, კომპენსაციის მიღების დროს სახელმწიფოს მაინც ვერ უდასტურებდა, რომ დეზერტირების ბაზარში მუშობდა.
ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქტებისა და გადასახადების ფონზე 300 ლარი არ არის ღირსეული დახმარება.
„ეს სამასი ლარი არ არის ღირსეული, ეს არის სამარცხვინო, მაგრამ რადგან სახელმწიფოს არ აქვს მეტი, თუმცა მე გაგებით ვეკიდები, მეც ხომ ერთი დღით არ ვცხოვრობ, მეც მინდა რომ კიდევ 30 წელი მაინც ვიცხოვრო“, – ამბობს ის.
ჟუჟუნა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ პრობლემები მოვაჭრეებს ბაზარში სხვაც ბევრი აქვთ. მაგალითად: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
„თვეში 300 ლარს ვუხდი ბაზრობის ადმინისტრაციას. ზედ მაწვიმს და ზედ მათოვს, ქოლგა რომ არ მქონდეს… აქ ვინც მოახერხა თავისით გადახურა, თავისი ხარჯით. არც სახელმწიფოს და არც ბაზრის ადმინისტრაციას ერთი ლარი არ დაუხარჯავს აქ, არაფერი გაუკეთებიათ ბაზრისთვის. ეს ხომ კერძო კომპანიაა, უნდა შექმნას ნორმალური პირობები. წყალი არ არის და რატომ არ უნდა იყოს წყალი ბაზარში?“, – ამბობს ის.
მოვაჭრეებს ცნობების აღებასა და სხვა დეტალების გარკვევაში „პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა“ ეხმარებოდა. მათი წარმომადგენელი გიგა ბექაური გვიყვება იმ წინააღმდეგობების შესახებ, რომელიც მოვაჭრეებმა პანდემიის პერიოდსა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიარეს.
გიგა ბექაური აღნშინავს, რომ თავდაპირველად მოვაჭრეებს მუშაობის გაგრძლებასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა, მოგვიანებით კი სირთულეები კომპენსაციის აღების საკითხიც გამოიკვეთა. ბექაური ამბობს, რომ ორი კვრის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები ადმინისტრაციასთან, რათა მოვაჭრეებზე ცნობა გაცემულიყო.
„2 კვირის განმავლობაში გვაწუწუნეს, 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია იმაზე, ცნობები უნდა მიღებულიყო თუ არ უნდა მიღებულიყო, აქაც ისევ ადმინისტრაციას არ ჰქონდა გარკვეული პასუხი რატომ შეიძლებოდა მიეცათ, ან არ მიეცათ“, -ამბობს ის.
ბექაურის ინფორმაციით, მოვაჭრეებმა ცნობების აღება „დეზერტირების ბაზრობასა“ და რუსთავის „სტამბულის ბაზრობაზე“ შეძლეს და აცხადებს, რომ სხვა ბაზრობებზე სიტუაცია მძიმეა, განსაკუთრებით – რეგიონებში.
თუმცა, ბექაური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ბაზრობებზეც ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ არც ერთი ადმინისტრაციის დაფარვის ზონაში არ ხვდებიან. ესენი არიან მოვაჭრეები, რომლებიც ადმინისტრაციის დაფარვის არეალებში დახლთან არ დგანან, თუმცა მიმდებარე ტერიტორიებზე ვაჭრობენ და, ასევე, ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ დახლები არ აქვთ, ისინი ე.წ. საკიდი დახლებით მოძრაობენ და ვაჭრობენ.
ბექაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა შეემუშავებინა რაიმე სხვა/დამატებითი მექანიზმი ამ მოვაჭრეების იდენტიფიცირებისთვის, რითიც დადასტურდებოდა, რომ ისინი ვაჭრობენ.
„აქ თქვენ ხედავთ ქალბატონებს, რომლებიც საკიდი დახლით ვაჭრობენ, მათთვის არავის არ მიუცია რაიმე ცნობა, რადგან ისინი არც ერთი ადმინისტრაციის დაფარვის ზონაში არ შედიან. სახელმწიფო კი მათ არ ცნობს. სახელმწიფო თუ არსებობს, მინიმუმ უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც მივა ამ ქალბატონთან, მოიკვლევს, ნამდვილად მუშაობს თუ არა ის“,- თქვა მან.
„პუბლიკამ“ დეზერტირების ბაზრობის ადმინსიტრაციის წარმომადგენელს გოჩა ხახუტაიშვილს მიმართა კითხვებით, გაიცა თუ არა ყველა მოვაჭრეზე ცნობა და რატომ გართულდა ეს პროცესი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ყველა მოვაჭრისთვის არის გაცემული მუშაობის დამადასტურებელი ცნობა.
„ჩვენ სანამ არ დავრწმუნდით, რომ მოვაჭრეები, რომლებიც ითხოვდნენ ცნობას, ნამდვილად ჩვენთან მუშაობდნენ, იქამდე ვერ გავეცით ცნობა. ხო შეიძლებოდა ქუჩიდან შემოსულიყო ვინმე და ეთქვა, რომ ჩვენთან მუშაობდა?“,- განაცხადა მან.
აპრილში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, მთავრობა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებოდა. ამისთვის მთავრობამ 75 მილიონი ლარი გამოყო.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი დახმარება 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800 000 ადამიანია.
„თუმცა, ბუნდოვანია, რა ეკონომიკურ მოლოდინებს ეფუძნება მიზნობრივი ჯგუფების ზომებთან დაკავშირებული გათვლები. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ თვითდასაქმებულთა შემთხვევაშია – მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება დაახლოებით 250,000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800,000 ადამიანია. თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს“ ,- წერია EMC-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი. მათგან 115 719 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 34 715 700 ლარი.
დღეისათვის სულ დარეგისტრირებულია 12 482 პირი, რომელიც თვითდასაქმებული იყვნენ ვაჭრობის სფეროში, აქედან ბაზრობის მოვაჭრე იყო 9 730 პირი, ხოლო 2 752 სხვა ტიპის მოვაჭრე. ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაერიცხა 6 904 ბაზრობის მოვაჭრე პირს, ხოლო სხვა ტიპის მოვაჭრეს – 1 727 პირს.
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.