რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიოს მედია კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინის შექმნის შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს.
ამის მიზეზი ცნობილი ამერიკული კომპანიის, Pfizer-ის პირველადი მონაცემებია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა თითქმის 90%-ით არის დადასტურებული და ტესტირება კვლავაც გაგრძელდება.
კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია biontech-ის ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინა უკვე იძლევა დამაიმედებელ მონაცემებს, თუმცა ეს მაინც შუალედური მონაცემებია: „COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზის პირველადი შედეგები ცხადყოფს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას“, – განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ვაქცინის შექმნაში უამრავი მეცნიერი მონაწილეობდა, თუმცა ორი მათგანი, სამედიცინო ბიოლოგიის წარმომადგენლები – უგურ შაჰინი და ოზმელ ტურეჩი მაინც გამორჩეულ გმირებად იქცნენ, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მათ სახელებს უკავშირდება.
კომპანია Biontech-ის დამფუძნებელმა, წარმოშობით თურქმა ექიმმა უგურ შაჰინმა და მისმა კოლეგამ, ასევე თურქმა ბიოლოგმა და ექიმმა ოზლემ ტიურეჩმა, გერმანიის ქალაქ მაინცში პირველებმა მოახერხეს ვაქცინის შექმნა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ორივე მათგანი წარმოშობით თურქია, თუმცა მათი მშობლები, ე.წ. გასტარბაიტერები იყვნენ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ჩავიდნენ და საავტომობილო ქარხანაში მუშაობდნენ. უგურ შაჰინი დაახლოებით ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლები გერმანიაში ჩავიდნენ და კიოლნში დასახლდნენ. ასევე კიოლნში დაამთავრა მან სამედიცინო უნივერსიტეტი.
2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დააარსა სამედიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს.
რეფორმების ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი, ეკონომისტი კრისტიან ორანდალი ამბობს, რომ ემიგრაციის მეორე თაობა გაცილებით კარგად არის ინტეგრირებული გერმანიის ეკონომიკურ, სამეცნიერო თუ კულტურულ ცხოვრებაში და ეს სამეცნიერო აღმოჩენაც ამ სწორი მიდგომის შედეგია. „გერმანია უკვე ათწლეულებია ცდილობს ემიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებს გაცილებით სერიოზულად მიუდგეს, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში“, – აცხადებს კრისტიან ორანდელი.