უკრაინული სახლები საქართველოში

პუბლიკა

ხატია კახიძე

 

უკრაინული სახლები ადგილი, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ერთიანდებიან და ცდილობენ ინტეგრიდნენ საქართველოში. ეს სივრცე მათ სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს. აქ მათ შეუძლიათ ასევე, მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაციები და ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის არსებული ყველა სოციალურ-ეკონომიკური სერვისის შესახებ.

უკრაინული სახლები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. პირველი უკრაინული სახლი თბილისში, 2023 წელს შეიქმნა, რომელსაც ქართულ-უკრაინული პლატფორმა ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე სივრცე ბათუმში  2025 წელს  გაიხსნა, მას Unite Together უძღვება.

უკრაინული სახლების სივრცით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდამჭერ საქმიანობას ახორციელებენ.

თბილისის უკრაინული სახლის შექმნის დღიდან მისი ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილია. ის 27 წელია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს უკრაინულ დიასპორაში. როგორც ის პუბლიკასთან საუბარში ამბობს ჰაბის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ არსებობდა, თუმცა 2022-2023 წლებში ლტოლვილების დიდი ნაკადის შემდეგ ეს საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. გაჩნდა სივრცის შექმნის საჭიროება, სადაც ადამიანები კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების გარდა ინფორმაციულ და ინტეგრაციაზე ორიენტირებულ დახმარებას მიიღებდნენ. 

ვალენტინა მარჯანიშვილი, თბილისის უკრაინული სახლის ხელმძღვანელი

„უკრაინული სახლის შექმნა UNDP-ისა და გერმანიის მთავრობის დამსახურებაა. 2022 წლის სექტემბერში მე მათ დეტალურად გავაცანი ყველა გამოწვევა, რამაც უკრაინული სახლის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.”

ვალენტინა იხსენებს რომ თავდაპირველად მათი მთავარი გამოწვევა იყო საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, საინფორმაციო და ჰუმანიტარული დახმარება, “რადგან მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს პროცესი ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა”. 

კონკრეტულად რა სერვისების მიღება შეუძლიათ უკრაინულ სახლში? 

უკრაინული სახლი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ აქვთ როგორც ქართული და ინგლისური ენის კურსები, აგრეთვე ტრენინგები ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, იურიდიული კონსულტაციები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა (მუდმივად მოქმედი სერვისი, რომელიც UNDP-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინულ სახლში ხორციელდება.), კინო კლუბი და სხვა. უკრაინულ სახლში ფუნქციონირებს ბენეფიციერების საყვარელი კუთხე – ბიბლიოთეკა.

“გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად სივრცე – ადგილი, სადაც ადამიანები თავს სახლში გრძნობენ, სადაც შეუძლიათ საკუთარ კულტურულ ფესვებთან დაბრუნება, ტრადიციებთან, გარემოსთან, რომელიც მათთვის ნაცნობი და კომფორტულია,“ – ამბობს ვალენტინა

“პუბლიკა” ასევე ესაუბრა თბილისის უკრაინული სახლის სტუმრებს. 

კოშელევა ტეტიანა  ნიკოლაევნა და მარინა ვორონცოვა

კოშელევა ტეტიანა  ნიკოლაევნამ, უკრაინული სახლის შესახებ საქართველოში ყოფნისას კიევიდან გაიგო. მისი თქმით ამ სივრცემ საზოგადოებაში ყოფნა გაუადვილა. ეს გახდა ადგილი რომელიც აერთიანებს, ამხნევებს და ამარტივებს ცხოვრებას – “სხვა ქვეყანაში, სადაც ენა არ იცი, ადაპტაცია ძალიან რთულია. უკრაინული სახლი გვეხმარება ადაპტაციაში, და თან ჩვენს კულტურასთან კავშირის შენარჩუნებაში.” 

მარინა ვორონცოვა კი გვიყვება რომ უკრაინული სახლის შესახებ ტელეგრამ არხიდან გაიგო. ის აქ ესწრება ქართული ენის გაკვეთილებს, ხელსაქმის გაკვეთილებს, ფსიქოლოგთან შეხვედრებს და ა.შ ასევე იხსენებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას:

“ესაა სახლის შეგრძნება, როცა აქ ჩვენს დღესასწაულებს ვატარებთ, როგორც ადრე. ჩვენ ვქმნით ჩვენს ატმოსფეროს. რაღაცას აკეთებ, მაგალითად, ლენტას აკრავ – და თითქოს სახლში ხარ.” 

შექმნის დღიდან თბილისის უკრაინულ სახლს 7500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა და 900-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული.  

ვალენტინას თქმით ახლა მათთვის გამოწვევაა საქართველოში მცხოვრები უკრაინელების იურიდიული საკითხების მოგვარება და დასაქმება ახალი კანონების შესაბამისად. მისი თქმით, ისინი ცდილობენ წარმოშობილი საჭიროებებს თავად გაუმკლავდნენ ან მოხალისეებისა თუ პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით.

გარდა ამისა, ის მომავალი წლისთვის პრობლემად ფინანსებს ასახელებს. 

“ახლა ძალიან დიდი სირთულე გვაქვს შენობასთან დაკავშირებით. გვჭირდება ისეთი სივრცე, რომელიც ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი იქნება და სადაც შევძლებთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას.” 

მას იმედი აქვს, რომ დარეგულირდება შიდა პრობლემები, რომლებიც ახალ კანონებთან ერთად გაჩნდა და ასევე ფანდრაიზინგის პერსპექტივაც გაუმჯობესდება. თუმცა, ის ასევე განიხილავს რომ ონლაინ ფორმატში მაინც შეინარჩუნოს უკრაინული სახლის საქმიანობები. 

ვალენტინა გვიყვება რომ ლტოლვილების ახალი ტალღა ისევ დაიწყო. მიზეზად უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების განადგურებას და ენერგეტიკულ პრობლემებს ასახელებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ის მასშტაბი არაა, რაც 2022 წელს იყო, როცა ადამიანები გამორბოდნენ დოკუმენტების გარეშე.

“ახლა გადაწყვეტილებებს უფრო ორგანიზებულად იღებენ. უკვე შიშველ-ტიტველნი აღარ ჩამოდიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გადარჩენისთვის მაინც სჭირდებათ დახმარება. ამიტომ იმის თქმა, რომ უკრაინული სახლი აღარ იარსებებს და ჩვენ ვეღარ დავეხმარებით, უბრალოდ შეუძლებელია. რაღაცის გამოძებნა მაინც მოგვიწევს.” 

უკრაინული სახლის ფინანსური მდგრადობისთვის გაეროს განვითარების პროგრამამ უკრაინელი სამეწარმეო გრანტების პროექტიც შეიმუშავა. ამჟამად თბილისის უკრაინულ სახლში ფუნქციონირებს კაფე, რომლის მიზანია უკრაინულ სახლს ფინანსური მხარდაჭერა მოუტანოს.  

“უკრაინულ სახლებს წლებია მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე, ჩვენი პრიორიტეტი არა მხოლოდ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების განვითარებაა, არამედ ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაც. ორივე უკრაინული სახლის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მოვიწვიეთ ბიზნეს კონსულტანტი, რომელიც მათ შესაბამის რჩევებსა და მენტორობას გაუწევს.” – გვეუბნება გულისა კახნიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი.

უკრაინული სახლები ახლა სწორედ ამ რეკომენდაციების დანერგვის პროცესში არიან. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ამ მდგრადობის მხარდაჭერით, უკრაინული სახლი არ იყოს მხოლოდ გრანტებზე და დონორებზე დამოკიდებული, არამედ ჰქონდეს საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებები და დარჩეს მდგრადი. ბოლო ბიზნეს კონსულტაციების შედეგებმა აჩვენა, რომ ბათუმის უკრაინულ სახლს შეუძლია ქირისა და კომუნალური ხარჯების 60%-ზე მეტი სწორედ სივრცის გაქირავების შემოსავლით დაფაროს.  

რატომ  გაჩნდა ბათუმის უკრაინული სახლის შექმნის იდეა 2025 წელს? 

როგორც გულისა გვიყვება, ბათუმის უკრაინული სახლის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ უკრაინელი ლტოლვილების ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრებს. “ამასთან თბილისის ჰაბმა აჩვენა თუ რამხელა როლს თამაშობს ის უკრაინული ლტოლვილების მხარდაჭერაში. შესაბამისად მსგავსი სივრცის შექმნის საჭიროება ბათუმშიც გაჩნდა.” 

ბათუმის უკრაინულ სახლს კატერინა დვუხროშევა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, გახსნის დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი რომელსაც უკრაინელ ლტოლვილებს სთავაზობენ ინფორმაციული მხარდაჭერაა. მათ შორის, ახალი კანონების ფონზე რა დოკუმენტები სჭირდებათ, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში სირთულეები შეიქმნა: საბანკო სისტემასთან და ციფრულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.  ასევე, არსებობს იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციები. 

ბოლო 6 თვის განმავლობაში ბათუმის უკრაინულ სახლს 975 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავდა და 140-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა. მათ შორის 6 მასშტაბური ღონისძიება, თითოეულში 100-ზე მეტი მონაწილით, და 4 საკონსულო მომსახურება, თითოეულში 150-ზე მეტი მონაწილით.

გარდა ამისა, თბილისის მსგავსად ბათუმის უკრაინულ სახლსაც აქვს სოციალური და კულტურული სერვისები: ენების გაკვეთილები, მასტერკლასები, კინო კლუბი, თემატური ლექციები ქართველი და უკრაინელი მომხსენებლებისგან, შეხვედრები ქართულ და უკრაინულ კულტურაზე. 

კატერინა გამოწვევებზე საუბრისას ახსენებს გაურკვევლობის შეგრძნებას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.   

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კატერინა ამბობს რომ ამ წლის ბოლოსთვის საშობაო აქტივობებს გეგმავენ ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, რათა დღესასწაულის მაგიის შეგრძნება შექმნან უკრაინელებისთვის.

ხოლო, მომავალი წლისთვის გეგმავენ ითანამშრომლონ უფრო მეტ მეწარმესთან, ორგანიზაციასა და ბიზნესთან. 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლაბორაცია ბიზნესებთან, რომლებიც ჩვენს სივრცეს ქირაობენ, რაც ხელს უწყობს უკრაინული სახლის ფინანსურ მდგრადობას. ასევე, ჩვენ გვსურს მეტ ქართველსა და უკრაინელს მივაწვდინოთ ხმა ჩვენს სივრცეში არსებულ კაფესა და მარკეტ სივრცეზე, რათა ამითაც ხელი შევუწყოთ ფინანსურ მდგრადობას.”