მილანის “ლა სკალაში“, ჩაიკოვსკის ოპერა „პიკის ქალის“ წარმოდგენისას, რომელსაც პუტინის ერთ–ერთი ერთგული მხარდამჭერი, ვალერი გერგიევი დირიჟორობდა, მას რამდენჯერმე დაუსტვინეს და აივნიდან დაუყვირეს კიდეც. გაზეთ „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ დირიჟორმა ვალერი გერგიევმა, რომელთანაც ლა სკალა“ წლების განმავლობაში თანამშრომლობს, უნდა დაგმოს თავდასხმა უკრაინაზე, თუკი სურს, რომ საოპერო თეატრთან თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელოს…
ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ პრემიერა მილანში 23 თებერვალს გაიმართა, თუმცა დაგეგმილია რამდენიმე წარმოდგენა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, რომელსაც სწორედ გერგიევმა უნდა უდირიჟოროს.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს „პიკის ქალის“ წარმოდგენა მაესტრო გერგიევის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან ძალიან დაახლოებული პირია. თეატრის დირექტორთან, დომინიკ მეიერთან ერთად ვთხოვთ მას, რომ მკვეთრი და მკაფიო პოზიცია დაიკავოს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მასთან თანამშრომლობის დასრულება“ – განაცხადა მილანის მერმა.
ვალერი გერგიევს ასევ მოუწევს დეკლარაციის შევსება, რომელშიც მან რუსეთ–უკრაინის კონფლიქტზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. 66 წლის ვალერი გერგიევი, რომლიც მსოფლოში აღიარებული დირიჟორია, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი პუტინთან სიახლოვისა თუ სიმპათიის გამო.
შეძახილები „წადი!“ და “ბუუუ!“, რომლიც „ლა სკალას“ დარბაზში ისმოდა 23 თებერვალს, „პიკის ქალის“ პრემიერაზე, შეიძლება განმეორდეს „კარნეგი ჰოლის“ სახელოვან დარბაზში ნიუ–იორკში, სადაც გერგიევს უახლოეს დღეებში კონცერტები აქვს დაგეგმილი. მეტიც, აქტივისტები და მუსიკის მოყვარულები აპირებენ კონცერტის ჩაშლას, თუ გერგიევი საჯაროდ არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტზე.
შედარებით რბილი და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა ვენის ფილარმონიის დირექციამ, სადაც ასევე დაგეგმილია გერგიევის კონცერტები: „ვენის ფილარმონიას ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს მაესტრო გერგიევთან. ჩვენთან მუსიკა წინა პლანზეა; კულტურა არ უნდა გახდეს პოლიტიკური დავისა და გარჩევების ადგილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გამოვიყენებთ დირიჟორ გერგიევთან დაკავშირებით პოლიტიკურ საკითხებს. ჩვენთვის, მუსიკა ყოველთვის არის უმთავრესი, თუმცა ცხადია, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ომს“…
„ლა სკალას“ სპექტაკლში თითქმის ყველა მთავარ პარტიას რუსი მომღერლები ასრულებენ: ელეცკის – ალექსეი მარკოვი, გრაფინიას – იულია გერცევა. თუმცა მთავარი ვარსკვლავი მაინც ახალგაზრდა ასმიკ გრიგორიანია, რომელიც ლიზას პარტიას მღერის. აღსანიშნავია მისი ბრწყინვალე დებიუტი გასულ წელს, ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე, სადაც ელექტრას პარტია შეასრულა რიჰარდ შტრაუსის ამავე სახელწოდების ოპერაში.
ვალერი გერგიევი დიდი ხანია ღიად უჭერს მხარს პუტინს და ამის კარგი მაგალითი იყო მისი რეაქცია 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებში – დონეცკსა და ლუგანსკში შეიჭრა. მოგვიანებით, მან მიიღო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პრიზიც. გერგიევი ასევე პუტინის სარეკლამო ვიდეო კამპანიაშიც მონაწილეობდა.