რომელი დაავადების დროს არ შეიძლება კოვიდზე ვაქცინაცია, საჭიროა თუ არა ანტიგენის ან PCR-გამოკვლევა აცრამდე ან დაიცავს თუ არა ვაქცინა ადამიანს, რომელიც აცრამდე იყო კონტაქტში ინფიცირებულთან? ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი უპასუხებს.
-
რომელი დაავადებების დროს არ შეიძლება კოვიდზე ვაქცინაცია?
ადამიანები ხშირად იკავებენ თავს კოვიდზე აცრისგან, მაგალითად, იმის გამო, რომ წარსულში ჰქონდათ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია. სინამდვილეში კოვიდზე აცრის წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს მხოლოდ კოვიდის ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარებული მძიმე ალერგიული რეაქცია.
ასეთ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ და გავიაროთ ალერგოლოგთან კონსულტაცია.
ასევე, მთელი რიგი ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა ხშირად ხდება აცრაზე უარის მიზეზი. რეალურად კი, რაც უფრო მეტი და მძიმე დაავადება აქვს ადამიანს, მით უფრო მეტად არის მისთვის აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ადამიანთა სწორედ ამ ჯგუფშია კოვიდის გართულებისა და სიკვდილის რისკი.
2. საჭიროა თუ არა კორონავირუსის ანტიგენის ან PCR-გამოკვლევა ვაქცინის გაკეთებამდე?
რეკომენდაცია ვაქცინაციამდე კორონავირუსზე გამოკვლევის შესახებ ანტიგენის ან პისიარის მეთოდით არ არსებობს.
თუ ადამიანი იყო კონტაქტში კოვიდის მქონე პირთან და საჭიროებს იზოლაციას, რეკომენდებულია ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე.
ეს რეკომენდაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ კონტაქტში მყოფი პირები ვირუსის გავრცელების პოტენციურ რისკს წარმოადგენენ და მათი მისვლა ჯანდაცვის დაწესებულებებში არ არის სასურველი, რათა არ შეუქმნან რისკი ჯანდაცვის მუშაკებს და ვაქცინაციაზე მისულ სხვა პირებს.
ანუ, ეს რეკომენდაცია ინფექციის გავრცელების პრევენციისკენ არის მიმართული და არ არის განპირობებული იმით, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია ვაქცინის გაკეთება, თუ ის იყო კონტაქტში კოვიდის მქონე პირთან.
3. ახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის PCR-გამოკვლევის შედეგზე მანამდე ჩატარებული ვაქცინაცია?
კოვიდის ვაქცინით აცრის შემდეგ PCR-ტესტი არ ხდება დადებითი.
თუ ტესტის შედეგი დადებითია, ეს იმიტომ არა, რომ ვაქცინამ გამოიწვია მისი დადებითობა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დაინფიცირდა, მიუხედავად ვაქცინაციისა.
ასეთ შემთხვევაში, თუ უკვე საკმარისი ვადაა გასული ვაქცინის გაკეთებიდან (ორი კვირა და მეტი), კოვიდის გართულებისა და სიკვდილის რისკი მკვეთრად ნაკლებია არავაქცინირებულებთან შედარებით.
4. თუ ადამიანი იყო კონტაქტში კოვიდის მქონე პირთან და გავუკეთებთ აცრას, დაიცავს თუ არა ვაქცინა კოვიდის განვითარებისგან.
ამ კონკრეტული კონტაქტის შედეგად ინფიცირებისგან ვერ დაიცავს, რადგან ვაქცინის ეფექტის დადგომას, ანუ იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული პერიოდი (ჩვეულებრივ, მეორე დოზიდან 2 კვირამდე). ამიტომ ვაქცინის შედეგის დადგომის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ვირუსის ინკუბაციური პერიოდი.
შესაბამისად, კოვიდის მქონე ადამიანთან კონტაქტში მყოფ პირს კონტაქტის შემდეგ გაკეთებული აცრა ამ კონტაქტის დროს ინფიცირების რისკს ვერ შეუმცირებს.