„ველით ახალ აღმოჩენებს“ - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

პუბლიკა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს მეშვიდედ ტარდება. ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა წელსაც შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

როგორც „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, ჯილდოს მთავარი მიზანია, მასწავლებლებს გაუჩნდეთ თავიანთი პროფესიის გაძლიერების, პროფესიული ღირსების უკეთესად დაცვისა და ასევე, ქვეყნის განვითარების სურვილი.

ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მონაპოვარი საუკეთესო პედაგოგების ათეულის კლუბია, რომელიც, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ პროფესიულ ქსელს ქმნის ქვეყანაში და ამჟამად 60 პედაგოგს აერთიანებს.

„ყველას გეგულებათ გამორჩეული პედაგოგი თქვენ გვერდით, თქვენი შვილის მასწავლებელი, მეზობლისგან გაგიგიათ, პირადად იცნობთ. მიაწვდინეთ ხმა, წაახალისეთ, წარადგინეთ ჯილდოზე, მიეცით მათ ძალა, რომ წარადგინონ თავიანთი აპლიკაციები, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, ველით ახალ აღმოჩენებს. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონს არაჩვეულებრივი 70 პედაგოგით დავხურავთ 5 ოქტომბერს და ერთად ვიზეიმებთ განათლებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

ირინა ხანთაძის თქმით, ის, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ქვეყანაში ცნობილი, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსია, განპირობებულია იმითაც, რომ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საუკეთესო პედაგოგებს არჩევს განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიური. მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით ორი სიახლეა, ჯილდოს ჟიურის 2 ახალი წევრი ჰყავს ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი). მხარდამჭერების რიცხვს შეუერთდა ალტე უნივერსიტეტიც.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რონალდ შავაძე ფიქრობს, რომ ჯილდოს მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ მასწავლებლებს „სოციუმში თავისი ადგილი დაუბრუნდათ“.

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ რწმენა შემმატა, მეტი შემართებით ვემსახურები ჩემს საქმეს. გამოჩნდა მატერიალური რესურსები და ადამიანური რესურსებიც რაც სკოლას განვითარებაში ეხმარება. მხარდამჭერების ჩართულობითაც არაერთი პროექტი განვახორციელეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში.ამჟამად ვმუშაობთ, რომ სკოლები კომპიუტერებით აღვჭურვოთ.

ეს არის სწორედ ამ ჯილდოს მონაპოვარი, ადამიანები მეტად გენდობიან. მე პირადად ვცდილობ, ეს სტატუსი მაქსიმალურად იმისთვის გამოვიყენო, რომ იმ ადამიანური კონტაქტებითა თუ მატერიალური რესურსებით, რომლებზეც ახლა მიმიწვდება ხელი, ჩემს კუთხეს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო“.

მისი თქმით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სოფლად მცხოვრები პედაგოგებისათვის, რომ მათი საქმიანობა ცნობილი გახდეს, დაფასდეს და  თავიანთი შრომითა და საქმიანობით მეტად დაეხმარონ საკუთარ სკოლასა თუ რეგიონში მდებარე სხვა სკოლებს განვითარებაში.

„რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა მასწავლებლებმა ამ კონკურსში? მე ძალიან ბევრ სკოლაში ვყოფილვარ ჯილდოს მიღებამდეც და ჯილდოს მიღების შემდეგაც. მინახავს ძალიან ბევრი მასწავლებელი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ხშირად ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად. ეს ხალხი იმსახურებს გამოჩენას, დაფასებას, საზოგადოება უნდა იცნობდეს მათ. იმისათვის, რომ თვითონაც წახალისდნენ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, იქცნენ მაგალითად სხვებისთვის.“

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება. მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული. ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლობის მთავარი მოტივაცია ფონდის მიზნები და მისიაა. მისი განმარტებით, ფონდის მისიაა, დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში. სწორედ ამიტომ მხარს უჭერენ ისეთ პროექტებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი – ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.

„აქედან გამომდინარე, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ჩვენს მიზნებთან – სასკოლო განათლება. სასკოლო განათლებაში კრიტიკული როლი  აქვს მასწავლებელს. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ მასწავლებელი არამხოლოდ მატერიალურად და რესურსებით… მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ საქმიანობას სჭირდება გამოჩენა, მადლობის თქმა, დაფასება.

მეორე მიზანი, რაც აქვს ამ პროექტს, ესაა პროფესიული ქსელის შექმნა, რათა მოხდეს მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ფონდის მიზნებთან, ამიტომ 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მხარს ვუჭერთ პროექტს, ჯამურად ამ კამპანიაზე ჩვენი ფონდის მხრიდან გაღებულია 643 ათასი ლარი და აქედან საპრიზო ფონდი იყო 80 ათასი ლარი. მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ ამ პროექტთან, სულ უფრო იზრდება მისი რეპუტაცია, როლი“,- ამბობს ზურაბ კერვალიშვილი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა. ამით საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის კამპანიას.