ვინ არიან „პატრიოტების“ შემწირველები

ლიკა ზაკაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წელს შემოწირულობა 18 ფიზიკური პირისგან 21-ჯერ მიიღო. თითოეული პირის მიერ პარტიის ანგარიშზე შეტანილი თანხა საკმაოდ სოლიდურია და 7000 დან 60, 000-მდე მერყეობს.

ერთ-ერთმა შემწირველმა, ზურაბ ზუმბაძემ პარტიას 2020 წელს სამჯერ შესწირა თანხა, რამაც ჯამში 38 ათასი ლარი შეადგინა. 18 ფიზიკური პირიდან სხვადასხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობას 6 ადამიანი ეწევა. ყველაზე მსხვილი თანხის შემწირველია ფრიდონ ინჯია. მან პარტიას მარტში 60, 000 ლარი შესწირა.

„პუბლიკამ“ პარტიის იმ შემომწირველთა შესახებ, რომლებმაც პარტიას თანხა 2020 წელს შესწირეს, ინფორმაციის მიღება სცადა. ვინ რამდენი თანხა შესწირა? ვინ არიან შემწირველები? სად მუშაობენ და როგორ შეძლეს ასეთი სოლიდური თანხების შეწირვა პარტიისთვის? – შევეცადეთ ამ შეკითხვებზე პასუხი მიგვეღო.

მაგალითად, ერთ-ერთი შემწირველი ბექა ფერაძე, რომელმაც პარტიას 40, 000 ლარი შესწირა, პარტიის 2019 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით „პატრიოტთა ალიანსში“ იურისტად მუშაობს და ხელფასის სახით მიღებული აქვს 7, 000 ლარამდე. ის სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა და ამჟამად პარლამენტის აპარატში მუშაობს. ერთ-ერთი შემწირველი კი, „მედია-კავშირ ობიექტივის“ ციკლის „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“ წამყვანია.  „პუბლიკამ“ შემომწირველებიდან მხოლოდ ორთან – ბექა ფერაძესთან და ლელა გიორგაძესთან მოახერხა დაკავშირება. მასალაში წაიკითხავთ მათ განმარტებებსაც.

ვინ არიან „ალიანსის“ 2020 წლის შემომწირველები?

 

  1. 2020 წლის 29 აგვისტოს ლელა გიორგაძემ „პატრიოტთა ალიანს“ 10, 000 ლარი შესწირა. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ბაზაში ვკითხულობთ, რომ ლელა გიორგაძე თბილისში სანზონის დასახლებაში ცხოვრობს. მას „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 2015 წლის 10 ივნისსაც შეუწირავს – 11,500 ლარი. „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს ლელა გიორგაძე „პატრიოტთა ალიანსში“ საქმის მწარმოებლად მუშაობდა და ამავე წელს ხელფასის სახით 5950 ლარი აქვს მიღებული. ლელა გიორგაძე ახლა პარლამენტის აპარატში მუშაობს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ლელა გიორგაძეს, რომელიც ამჟამად პარლამენტის აპარატში მუშაობს. მისი თქმით, მას, ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალიც აქვს.

„მამიდა მყავს საზღვარგარეთ. ის მიგზავნის ფულს და ასე მოვახერხე პარტიისთვის ამ თანხის შეწირვა“, – განგვიცხადა ლელა გიორგაძემ. მისივე თქმით, ის „პატრიოტთა ალიანსში“ 2016 წლამდე მუშაობდა. ახლა პარლამენტის აპარატში მუშაობს, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში. მისი თქმით, ის „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერია და დაინტერესებულია, რომ პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვოს.

2. „ალიანსის“ შემომწირველთა რიგებშია მარინა მოლოდინი. მან 27 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსს“ 10, 000 ლარი შესწირა. სხვა დროს მარინა მოლოდინის მიერ ალიანსისთვის თანხის შეწირვის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.companyinfo. ge-ის მიხედვით, მარინა მოლოდინი სხვადასხვა დროს წილს 3 კომპანიაში ფლობდა.

 სამეწარმეო რეესტრის 2015 წლის ამონაწერით მარინა მოლოდინი, ეკატერინა კასრაძესთან ერთად, კომპანია  შპს „ტურ დე თრეველის“ 50 %-ს ფლობდა. 2017 წლიდან რეესტრის მიხედვით კომპანიაში მისი მონაწილეობა აღარ ფიქსირდება. ის ასევე ფლობს წილს შპს „ვან ტურში“, სადაც მისი პარტნიორი, ასევე 50%-იანი წილის მფლობელი, ზვიად ჩახუნაშვილია. სავარაუდოდ, კომპანიები ტურისტულ საქმიანობას ეწევიან, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში მათ საქმიანობაზე ინფორმაცია არ იძებნება.

ის ასევე ორგანიზაცია „ქალები მთის გადარჩენისთვის“ გამგეობის წევრიცაა. ორგანიზაციას არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი აქვს. გამგეობის სხვა წევრები არიან: მარინა ნათელაშვილი და ხათუნა მუმლაძე.

3. 26 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსს“ 20, 000 ლარი ჩაურიცხა ვაჟა ოთარაშვილმა. სხვა დროს ვაშა ოთარაშვილს „პატიორტებისთვის“ თანხა არ ჩაურიცხავს. Companyinfo-ის მიხედვით, ვაჟა ოთარაშვილი კომპანიის „ლიტერატურა და ხელოვნება“ დირექტორი იყო. იგივე თანამდებობა ეჭირა წარსულში შპს „მერანში“. „ლიტერატურა და ხელოვნების“ შესახებ ბოლო ამონაწერი რეესტრში 2013 წლით არის დათარიღებული. ვაჟა ოთარაშვილს აქვს ფეისბუქის გვერდი, სადაც მითითებულია, რომ ის პოეტია და ამჟამად „მედია-კავშირ ობიექტივში“ მიჰყავს ციკლი „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“.

ვაჟა ოთარაშვილი მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობს „პატრიოტთა ალიანსში“ და 2019 წელს მისი ხელფასი 12500 ლარი იყო. 2018 წელს მას ხელფასის სახით ჯამში 2500 ლარი აქვს აღებული.

4. 20 აგვისტოს პატრიოტებს 10,000 ლარი შესწირა აკაკი კაკულიამ. აკაკი კაკულიას ბიზენსსაქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, ის 1992 წელს არის დაბადებული და ცხოვრობს თბილისში.

5.პატრიოტთა ალიანსის“ შემწირველთა რიგებშია ალექსი ზუმბულიძე. 18 აგვისტოს მან „ალიანსს“ 10, 0000 ლარი შესწირა. 2010 წლის ამონაწერით ის წილს მფლობს შპს „არდიქსში“. ის კომპანიის 15%-ის მფლობელია. მისი პარტნიორები არიან ავთანდილ ენუქიძე და მამუკა მიქაძე. ავთანდილ ენუქიძე 35%-ის მფლობელია, მამუკა მიქაძე კი – 50 %-ის. ავთანდილ ენუქიძემ წილს ფლობს არაერთ კომპანიაში. ის გვხვდება „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველთა სიაშიც. 2016 წელს მას „პატრიოტთა ალიანსს“ 60, 000 ლარი შესწირა. ხშირად იწვევენ ტელეკომპანია „ობიექტივში“.

ტენდერების მონიტორიგის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2016-2017 წლებში სკოლებმა ალექსი ზუმბულიძესთან, როგორც ინდმეწარმესთან, გამარტივებული შესყიდვით საავტომობილო მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ზუმბულიძეს ჯამში 4 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სკოლასთან და მიღებული აქვს 4060 ლარი.

6. 18 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანს“ 10, 000 ლარი შესწირა ვალერი გამისონიამაც. 2010 წლის ამონაწერით ის რეგისტრირებულია ინდემაწარმედ. თუმცა უცნობია, რა საქმიანობას ეწევა. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, მისი რეგისტრაციის ადგილია ზუგდიდი, სოფელი ახალაბასთუმანი. ინდმეწარმედ ვალერი გამისონია 2011 წელს დარეგისტრირდა.

7. 18 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანს“ 40, 000 ლარი შესწირა ბექა ფერაძემ. პარტიის მიერ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშში, სადაც ინფორმაცია ასევე გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზეა, ბექა ფერაძე იურისტის პოზიციას იკავებს. 2019 წელს მისი ხელფასი 6900 ლარს შეადგენდა, 2018 წელს კი – 1380 ლარს.

ბექა ფერაძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა. 2020 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, ბექა ფერაძე შპს„ ი.თ.ბ. ჯორჯიაში“ ფლობს წილს და  ამავე კომპანიის დირექტორია. ის კომპანიის 40%-ის მფლობელია. მისი პარტნიორები არიან თეიმურაზ ფერაძე და ივანე ნოზაძე. 2013 წლის ამონაწერით, ის ასევე შპს „რუბიკონის“ წილის მფლბელიცაა, სადაც მისი პარტნიორები არიან აკაკი გვალია და დავით ხუსკივაძე.

კომპანია შპს „ი.თ.ბ. ჯორჯიას“ ბიზნესსაქმიანობის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება. საჯარო რეესტრში 2020 წლის თებერვლის ამონაწერით კომპანიის იურიდიული მისამართია ქ. ზესტაფონი.

შპს „რუბიკონის“ რეგისტრაციის იურიდიული მისამართია – ზესტაფონი. ინფორმაცია არ იძებნება არც ამ კომპანიის ბიზნესაქმიანობაზე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ბექა ფერაძეს, რომელიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თანამშრომელია. მისი თქმით, ის 12 წელია საადვოკატო საქმიანობას ეწევა და ამ საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლებლობა მისცა, პარტიისთვის 40, 000 ლარი შეეწირა. მისი თქმით, კომპანიები, რომელთა თანამფლობელიც ის არის, იურიდიულ საქმიანობას ეწევა.

8. 18 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანს“ 10000 ლარი შესწირა ნინო მიქაუტიძემ. ნინო მიქაუტიძის ბიზნესაქმიანობაზე შესაბამის საძიებო სისტემაში არაფერი იძებნება. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, ნინო მიქაუტიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჭიათურაში ცხოვრობს.

9. 18 აგვისტოს 10 000 ლარი პარტიას თენგიზი გვასალიამ შესწირა. ერთიანი საარჩევნო სიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თენგიზ გვასალიას რეგისტრაციის ადგილია ქალაქი სენაკი.

10. 24 ივლის პარტიის სასარგებლოდ 12, 500 ლარი გაიღო ბუხუტი ჭაჭუამ. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით მისი რეგისტრაციის ადგილი თბილისი, ვაკე ხაბეიშვილის 51 ნომერია. ამავე მისამართზე რეგისტირებულია ათეულობით ადამიანი. ბუხუტი ჭაჭუა გალის რაიონ, სოფელი საბერიოდანაა.

11. 24 ივლისს „ალიანის“ ანგარიშზე 12, 500 ლარი ზურაბ ზუმბაძემ შეიტანა. ზურაბ ზუმბაძეს რამდენჯერმე აქვს შეწირული თანხა „პატრიოტთა ალიანსისთვის“:  2020 წლის 31 მარტს – 12, 000 ლარი; 24 თებერვალს – 13, 500 ლარი. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, ზუმბაძე ზურაბი თბილისში ცხოვრობს. მის სამეწარმეო საქმიანობაზე ინფორამცია არ იძებნება.

12. 10 ივლის პარტიას 5000 ლარი შესწირა ბაადურ ჩალაგაშვილმა. ბაადურ ჩალაგაშვილის სამეწარმო საქმიანობაზე არაფერი იძებნება. ჩალაგაშვილი რეგისტრირებულია თბილისში.

13. 7 ივლის 25, 000 ლარი პარტიას ბესიკ გუგუციძემ შესწირა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით გუგუციზე 4 სხვადასხვა კომპანიის წილის მფლობელია. ერთ-ერთია – შპს „კომბიტეკი“, რომელიც 2009 წელს დარეგისტრიდა. გუგუციძე კომპანიაში 85% ფლობს, მისი პარტნიორია ოთარ დავლიანიძე. გუგუციძე 100%-იანი წილს ფლობს შპს „VIP კომფორტში“, რომლის დირექტორია ბექა კერძავაძე. ის შპს „ფენიქსის“100%-იანი წილის მფლობელიცაა.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, შპს „ფენიქსი“ კერამიკული ფილებითა და ბუნებრივი ქვებით ვაჭრობს, ამზადებს ნაკეთობებსაც. შპს „VIP კომფორტის“ საქმიანობის სფერო მშენებლობას უკავშირდება. შპს „კომბიტეკი“ კი, სადაც გუგუციძე 85%-ს ფლობს, მეტალო-ლასტმასის კარ- ფანჯრებს ამზადებს, მუშაობს სარეკლამო მასალებზე და ასევე გარე რეკლამაზე.

14. 18 ივნისს 7000 ლარი პარტიისთვის ზაზა ბაჩილავამ გაიღო. მის სამეწარმეო საქმიანობაზე ინფორმაცია არ იძებნება. ამომრჩეველთა რეგისტარციის ვებგვერდის მიხედვით ის მარტვილში, სოფელ ინჩხურში ცხოვრობს.

15. 11 ივნისს 25, 0000 ლარი შესწირა გიორგი ელიზბარაშვილმა. ამომრჩეველთა საარჩევნო სიის მიხედვით, ის თბილისში ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობს. მისი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არაფერი იძებნება.

16. 18 მაისს „პატრიოტთა ალიანს“ 12, 000 ლარი შესწირა კახა ჯავახიამ. ჯავახია ცხოვრობს თბილისში.

17. 18 მარტს „პატრიოტთა ალიანს“ 60, 000 ლარი შესწირა ფრიდონ ინჯიამ. ფრიდონ ინჯიას „პატრიოტთა ალიანსისთვის“ შემოწირულობები 2014, 2015 და 2016 წლებშიც აქვს გაკეთებული [50, 000 ლარი/ 49, 0000 ლარი/ 94, 000 ლარი].

 ფრიდონ ინჯია არაერთ კომპანიაში ფლობს წილს. შპს „სისტემ ნეტ“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „ახალი ქსელები“. სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

18. 18 მარტს პარტიის ანგარიშზე 2000 ლარის ოდენობით შემოწირულობა შეიტანა გიგა სილაგაძემ. გიგა სილაგაძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

რატომ გახდა აქტუალური „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი?

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი გამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გააქტუალურდა. „დოსიეს“ მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ დაქირავებული ჰყავდა პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში მოქმედი კომპანია „politsecret“. გამოცემის ცნობით, მიხეევს უშუალოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკი,  ვალერი მაქსიმოვი და სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი კურირებენ. ამავე მასალის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურებისთვის „პატრიოტთა ალიანსი“ 700 ათას დოლარს უხდის Politsecret-ს. წინასაარჩევნო კამპანიისთვის კი, „პატრიოტთა ალიანსი“ 8 მილიონ დოლარს ითხოვს.

„დოსიეს“ მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურაში პარტიის დაფინანსების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით განცხადება შეიტანა ელენე ხოშტარიამ. პროკურატურამ ელენე ხოშტარიას 31 აგვისტოს უპასუხა.

უწყების განცხადებაში წერია, რომ  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განსახილველად აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს. აქვე ნათქვამია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანას „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს. „პატიორტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს პარტია „ლელოც“.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ირმა ინაშვილი და მათ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს, რომელსაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია ხელმძღვანელობენ.

როგორ ამოწმებს აუდიტის სამსახური პოლიტიკური შემოსავლების კანონიერებას?

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2011 წლიდან პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგს ატარებს.  პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის მეთოლოგიის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობის შემოწმების ფარგლებში აუდიტი ადგენს – არის თუ არა შემოწირულობა განხორციელებული კანონით დაშვებული წყაროდან, დადგენილი ფორმისა და ლიმიტის ფარგლებში; არის თუ არა შემოწირულობა დასაბუთებული – ხომ არ ხორციელდება შემოწირულობა სხვა პირის მეშვეობით ან სხვაგვარად, კანონის გვერდის ავლით.

აუდიტის სამსახურს ვკითხეთ – როგორ ამონიტორინგებს უწყება შემწირველებს? და მაგალითად, როგორ ადგენს, ხომ არ განხორციელდა შემოწირულობა სხვა პირის მეშვეობით? გთავაზობთ, უწყებიდან მიღებულ პასუხს.

„შემოწირულების შემოწმება ხდება პირის შემოსავლების შესწავლის შედეგად. ჩვენი სამსახური სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ითხოვს შემომწირველი პირის შესახებ შემოსავლების სამსახურში ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებულ ინფორმაციას შემოსავლებისა და მის მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ. ასევე სასამართლოს დადგენილების საფუძველზე გამოითხოვს ბანკებიდან აღნიშნული მოქალაქის ანგარიშების ამონაწერს, რის მეშვეობითაც ვარკვევთ, აქვს თუ არა აღებული პირს საბანკო ვალდებულებები ბანკებში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მასალების დამუშავების შედეგად დგინდება პირის ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, განეხორციელებინა შემოწირულება. შემოსავლების არარსებობის ან შემოწირულების ოდენობასთან მიმართებაში შემოსავლების სიმცირის შემთხვევაში, სამსახური აღნიშნულ პირს გამოსაკითხად იწვევს. გამოკითხვის მეშვეობით ხდება მისი ფინანსური მდგომარეობის დაზუსტება და დამატებითი მასალების მოთხოვნა. საბოლოოდ, თუ შემომწირველი ვერ ადგენს შემოწირულების თანხის წარმომავლობას, ის ვერ დაასახელებს წყაროს, თუ საიდან მიიღო აღნიშნული თანხა. ასეთ შემთხვევაში სამსახური ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და გზავნის მას სასამართლოში დასადასტურებლად”, – გვიპასუხეს აუდიტის სამსახურში.

სახელწიფო აუდიტის სამსახური აწარმოებს ანგარიშებს სამართალდარღვევების შესახებაც.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „პატრიოტთა ალიანსი“ აკრძალული შემოწირულობის გამო 30, 590 ლარით დაჯარიმდა.

2016 წელს შემოწირულობის გამო 183, 200 ლარით დაჯარიმდა კონსტანტინე მორგოშია. კონსტანტინე მორგოშიამ პარტიას 60 000 ლარზე მეტი შესწირა, ჯამში 91 600 ლარი, რაც კანონდარღვევაა.