ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. თუმცა დაახლოებით ჩანს სურათი, თუ როგორ დაკომპლექტდება საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა.
წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში, რომელსაც აქამდე მყიფე უმრავლესობით „დემოკრატები“ აკონტროლებდნენ, უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტია“ მოიპოვებს. იმ საარჩევნო ოლქების მიხედვით, სადაც უკვე დასრულდა ხმების დათვლა, „რესპუბლიკელებს“ უკვე 211 მანდატი აქვთ მოპოვებული, უმრავლესობის მისაღებად კი 218 სჭირდებათ.
„დემოკრატებმა“ ჯერჯერობით 194 მანდატი მოიპოვეს, ასევე ლიდერობენ იმ ოლქების უმრავლესობაში, რომელთა ხმებიც ბოლომდე არ დათვლილა, მაგრამ აშშ-ში ვარაუდობენ, რომ „რესპუბლიკელები“ 220-ზე მეტ მანდატს მოიპოვებენ და ამჯერად ისინი შექმნიან მყიფე უმრავლესობას.
ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ გააკონტროლებს კონგრესის ზედა პალატას – სენატს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 49 სენატორი ჰყავთ, „დემოკრატებს“ კი – 48.
სენატში თუკი მანდატები ზუსტად შუაზე – 50-50-ზე გაიყოფა, გადამწყვეტ ხმას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მიიღებს, რაც „დემოკრატების“ გამარჯვებას ნიშნავს.
მაგრამ ჯერჯერობით უცნობი რჩება ვინ გაიმარჯებს 3 შტატში – ჯორჯიაში, არიზონასა და ნევადაში, რომელთა შედეგებიც სენატის ბედს გადაწყვეტს. ცნობილია, რომ ჯორჯიაში მეორე ტური გაიმართება. ხოლო თუკი დარჩენილ ორ შტატში „დემოკრატები“მოიგებენ, მაშინ მას უკვე გადამწყვეტი როლი აღარ ექნება.
წინასწარი მონაცემებით, არიზონაში სწორედ ისინი ლიდერობენ, ნევადაში კი პირველ ადგილზე „რესპუბლიკელების“ კანდიდატია. ასე რომ, ის თუ ვინ მიიღებს სენატში უმრავლესობას, შეიძლება მაინც მეორე ტურში გადაწყდეს.
ბოლო დროს შეერთებულ შტატებში გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ დიდი იყო საზოგადოებრივი ინტერესიც. არამარტო თავად შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, უკრაინაშიც.
„რესპუბლიკელების“ ნაწილი არჩევნებამდე „წითელ ტალღას“ აანონსებდა, დიდი უპირატესობით გამარჯვებას, რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე შეიძლებოდა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა. რა სურათი იქმნება შუალედური არჩევნების შემდეგ და რა ძირითადი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი ხატიაშვილს ესაუბრა.
1. „წითელი ტალღა“ ვერ შედგა
ერთ-ერთი მთავარი, რაც არჩევნების შედეგებმა აჩვენა ისაა, რომ „წითელი ტალღა“ ვერ შედგა. არჩევნების წინ აშშ-ში არსებული პროგნოზებით, „რესპუბლიკელებს“, რომელთა ფერიც წითელია, დიდი უპირატესობით უნდა მოეგოთ, მაგრამ ასე არ მოხდა.
გიორგი ხატიაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მართალია, „რესპუბლიკელები“ სავარაუდოდ, მაინც მოიგებენ წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, მაგრამ მხოლოდ მცირე უპირატესობით. არადა სოციოლოგიური გამოკითხვები არჩევნების წინ სხვა სურათს აჩვენებდა.
ეს კი იმაზეც მიანიშნებს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, სოციოლოგიური გამოკითხვებიც ვეღარ იძლევა ზუსტ სურათს. რადგან, მაგალითად, პროგნოზები ვერ გამართლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
„რაც შეეხება სენატს – აქ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს. 48-49-ზეა განაწილება. „დემოკრატებმა“ მოახერხეს და „ამოატრიალეს“ პენსილვანიის შტატი, რომლიდანაც წინა სენატორი „რესპუბლიკელი“ იყო. ასე რომ, საბოლოოდ კრიტიკულ შტატებად იქცნენ – ჯორჯია, არიზონა და ნევადა. ჯორჯიაში მეორე ტური გაიმართება, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში. რჩება არიზონა და ნევადა და სენატის უმრავლესობაც „ჰაერში რჩება“.
საინტერესოა არიზონას შტატი იმის გამოც, რომ იქ მიმდინარეობს გუბერნატორის არჩევნები, რომელშიც „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ნავარაუდევია, რომ იქნება ტრამპის კამპანიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც. ასევე იქ კენჭს იყრის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ისეთი პერსონა, რომელიც ამბობდა, რომ 2020 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და ბაიდენი არალეგიტიმური პრეზიდენტია. არადა შტატის სახელმწიფო მდივანი ატარებს სწორედ არჩევნებს.
ესეც საინტერესო ასპექტია, ზოგადად, ბევრი კანდიდატი, რომელიც კენჭს იყრიდა ყველა დონეზე, ამბობდა, რომ ბაიდენი არალეგიტიმური პრეზიდენტია“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი „პუბლიკასთან“.
2. რატომ ვერ მოიპოვეს დაანონსებული უპირატესობა „რესპუბლიკელებმა“?
„მოგვიანებით უფრო მეტი ანალიზის შესაძლებლობა გვექნება, მაგრამ ამ დროისთვის როგორც ჩანს, „დემოკრატებმა“ მოახერხეს ამომრჩეველთა მობილიზება“, – ამბობს ხატიაშვილი.
მისი თქმით, როგორც იკვეთება, ერთ-ერთი საკითხი, რამაც ხელი შეუწყო ამ მობილიზებას, იყო აბორტის შესაძლო აკრძალვის საკითხი. რომელზეც აშშ-ში ფიქრობდნენ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება აღარ იყო ისეთი აქტიური და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა.
„შეიძლება „დემოკრატების“ მხარდამჭერთა მეტ აქტიურობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ „დემოკრატები“ ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე და აქტიურად იძახდნენ, რომ დემოკრატია იყო გადასარჩენი. ყოველ შემთხვევაში, მათ ნამდვილად შეძლეს ამომრჩეველთა მობილიზება.
იმის გათვალისწინებით, რომ შუალედურ არჩევნებს მოქმედი პრეზიდენტის პარტია ყოველთვის უფრო ცუდად ასრულებს ხოლმე, ამასთან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაბალი იყო თავად ბაიდენის საქმიანობის შეფასებაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, „დემოკრატებმა“ ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.
3. წარმატებული და წარუმატებელი პოლიტიკოსები 2022 წლის არჩევნებიდან
რასაკვირველია, შუალედურ არჩევნებს მრავალი გამარჯვებული და დამარცხებული ჰყავდა. თუმცა, თუკი უნდა გამოვყოთ მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ვისთვისაც ეს არჩევნები წარმატებული არ აღმოჩნდა, ეს ალბათ დონალდ ტრამპი იქნება. აშშ-ის ექსპრეზიდენტი არჩევნების წინ აქტიურად აკრიტიკებდა „დემოკრატებს“, არჩევნებში კი მისი ისეთი მომხრეებიც მონაწილეობდნენ, ვინც 2020 წელს საარჩევნო სისტემის ლეგიტიმურობაც კი დააყენეს ეჭვქვეშ. ტრამპს და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შუალედურ არჩევნებში ბევრად მეტი წარმატების მოლოდინი ჰქონდათ, მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა.
„ვარაუდობდნენ, რომ თუკი წარმატებული „წითელი ტალღა“ შედგებოდა, ტრამპი ეცდებოდა ამის კაპიტალიზაციას, გამარჯვებაში დამსახურებას მიიწერდა და დააანონსებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. საბოლოოდ, ცოტა ნირწამხდარი იყო, მაგრამ თავის სოციალურ ქსელში წერდა, მაინც გავიმარჯვეთო.
არჩევნებში დამარცხდა ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილიც. მაგალითად, პენსილვანიაში სენატორობისთვის ბრძოლაში ტრამპი მხარს უჭერდა სამედიცინო გადაცემის ტელეწამყვანს მეჰმედ ოლს, რომელიც დამარცხდა. ასევე, სხვა მისმა მხარდაჭერილმა კანდიდატების ნაწილმა ისეთი წარმატებით ვერ იყარა კენჭი, როგორც ელოდნენ“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.
სამაგიეროდ, არჩევნების აღმოჩენად იქცა რონ დესანტისის გამარჯვება ფლორიდის გუბერნატორობისთვის გამართულ არჩევნებში. დესანტისმა, რომელსაც გიორგი ხატიაშვილი, ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მოიხსენიებს, არჩევნებში თითქმის 60%-ის აღება მოახერხა.
„არადა, ფლორიდა არის შტატი, რომლის ბედსაც ისტორიულად, სულ რამდენიმე ასეული ხმა წყვეტდა. მან კი 60%-მდე მიიღო და რაც მთავარია, მოიგო თავად ქალაქი მაიამიც, რომელიც ტრადიციულად, „დემოკრატების“ იყო.
ასე რომ, თუკი დესანტისი გადაწყვეტს, რომ პრაიმერისის ეტაპზე დაუპირისპირდეს ტრამპს, მას უკვე აქვს ისეთი ელექტორალური მხარდაჭერა, რომ ამ ბრძოლაში „წელგამართული“ შევიდეს“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი „პუბლიკასთან“.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს დესანტისმა არჩევნები ძალიან მცირე უპირატესობით მოიგო. მისი პოპულარობის ზრდა კი კორონავირუსის პანდემიას მოჰყვა. დესანტისი პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს დაუპირისპირდა, მათ შორის ე.წ. ლოქდაუნსა და პირბადეების სავალდებულო ტარებას.
როგორც გიორგი ხატიაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, ამას მოჰყვა „დემოკრატების“ წამოგება კულტურულ ომში, რომელშიც გამოსაყოფია ლგბტ საკითხები განათლების სფეროში. დესანტისი დაუპირისპირდა შტატის ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებელ კომპანიას – დისნეისაც. ამ ყველაფერმა „რესპუბლიკელების“ კონსერვატორ ამომრჩეველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დესანტისი „ვარსკვლავად“ იქცა.
„ახლა კი, ასეთი უპირატესობით გამარჯვება აჩვენებს, რომ მას უკვე დიდი კაპიტალი აქვს. სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ის ტრამპის კამპანიაში იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მაგრამ ტრამპმა რამდენჯერმე უკვე „წაკბინა“, თანაც რაც მისი ბრძოლის მთავარი მეთოდია, მეტსახელების დარქმევა, ესეც გამოიყენა და დესანტისს თავისი მეტსახელი დაარქვა. ეს კი ნიშნავს, რომ ტრამპი მასთან დაპირისპირებას აპირებს.
ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ორივე „რესპუბლიკელების“ გენერალია და ერთად ყოფნა რთულად გამოუვათ. თუ დესანტისმა გადაწყვიტა კენჭისყრა, ველით დიდ დაპირისპირებას“, – დასძენს ხატიაშვილი.
4. იცვლება თუ არა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა?
ზოგადად, „რესპუბლიკური პარტია“ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკით გამოირჩეოდა, ვიდრე „დემოკრატიული პარტია“. 2016 წლიდან კი საგარეო პოლიტიკაში პარტიებმა, ფაქტობრივად, როლები გაცვალეს.
„დემოკრატების“ პოზიცია გაცილებით მკაცრი გახდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. შეერთებულ შტატებში კი დაიწყო საუბარი, რომ არჩევნებში რუსეთი ჩაერია.
ამავდროულად, შეიცვალა „რესპუბლიკელების“ პოზიციაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ტრამპის დროს რუსეთის მიმართ აშშ-ის პოზიცია უფრო შემრიგებლური გახდა.
„ამასთან, უკრაინაში რუსეთის ომი ბაიდენის დროს დაიწყო და შედეგად, ტრამპი დადის, გამოსვლებზე ამბობს, თითქოს ბაიდენს არაფერი ესმის და მესამე მსოფლიო ომისკენ მიაქანებს მსოფლიოს. ამიტომ, მათ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვონ მოლაპარაკების დაწყება.
ტრამპის ფრთიდან ერთი-ორმა ოდიოზურმა ფიგურამ კი განაცხადა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინა ვერც ერთ ცენტს მიიღებს.
ეს პრობლემა იქნება კონგრესში რასაკვირველია, 222-კაციან უმრავლესობაში 10 და 15 კონგრესმენი აჯანყდება და „რესპუბლიკელებს“ შიდა ბრძოლების გადატანა მოუწევთ.
რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიციული „რესპუბლიკელია“, მით უმეტეს, სენატში, ვინც ხმას აძლევს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას, მაგრამ ტრამპისტული ბრენდი არის ასეთი.
შემდეგ ეს საზოგადოებაშიც ვრცელდება, მათ ყოველდღე ესმით ტრამპისტული პოლიტიკის მედიისა თუ პოლიტიკოსებისგან, რომ თითქოს იქ ჰანტერ ბაიდენი იყო ჩართული, რაღაც კორუფციული სქემებია, ჯვაროსნული ომი და ამას აფინანსებენ ამერიკელები.
ასე რომ, ამ მიმართულებით ჯერ არ გვაქვს მკაფიო სურათი. ერთი მხრივ, არის საუბარი, რომ ახალი კონგრესის მუშაობის დაწყებამდე, ამჟამინდელი უმრავლესობით „დემოკრატები“ დაამტკიცებენ დიდ დახმარებას.
მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება „რესპუბლიკელების“ პოლიტიკა, როგორ დალაგდება მათი პარტიის შიგნით პოზიციები. ვფიქრობ, უკრაინა დახმარებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს, მაგრამ ეს საკითხი კონგრესში აქტუალური იქნება“, – ჰყვება ხატიაშვილი „პუბლიკასთან“.
5. „პოლარიზაცია იზრდება“
როგორც ხატიაშვილი ამბობს, ამომრჩეველთა ისეთი მობილიზაცია, რაც შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა, მიანიშნებს პოლარიზაციაზე.
არამარტო საქართველოში ან აშშ-ში, ბოლო დროს პოლარიზაცია ბევრგან მძაფრდება, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ ამისი მაგალითი იყო არჩევნები ბრაზილიაშიც.
„ახლა უკვე, იმაში კი აღარ არის განსხვავება, ვინ რომელ მიდგომას ემხრობა ან რამხელა გადასახადებს. ეს არის უკვე აფექტური პოლარიზაცია, რომელსაც ამოძრავებს სიძულვილი. იმიტომ კი არ აძლევენ ხმას მაგალითად, ტრამპს, რომ ის უფრო მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ბაიდენი უფრო ეზიზღებათ.
ასე რომ, პოლარიზაცია არ შემცირებულა, პირიქით. არის ორი ბანაკი, ორი „ბაბლი“ – ერთ „ბაბლში“ ბაიდენმა გააყალბა არჩევნები, მეორეში ტრამპი არის ფაშისტი. ეს ორი დიდი ბანაკი, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 4-5 მანდატისთვის იბრძვის ერთმანეთთან, რასაც პოლიტიკა აფეთქების პირამდე მიჰყავს“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.