ვისაც მხედველობა და სმენა გაგვაჩნია, სამყაროს ნანახით ან მოსმენილი ინფორმაციით აღვიქვამთ. ჩვენი შეგრძნების ორგანოთა ჩამოთვლას, არისტოტელედან მოყოლებული, მხედველობით ვიწყებთ, მეორე ადგილას კი აუცილებლად სმენას ვაყენებთ. სმენა განაპირობებს ჩვენს მეტყველებას და სრულყოფილი ენობრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას გვანიჭებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანებს შეგრძნებისა და, შესაბამისად, სამყაროს აღქმის ეს საშულებები წართმეული აქვთ და „მხედველობაში“ მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა იქონიონ, რომელსაც შეხება, სუნი, გემო, შინაგანი მიდრეკილებები და გრძნობები უკარნახებენ?
რას ვიზამდით, ეს ჩვენს თავს რომ ხდებოდეს? – ამ შეკითხვაზე პასუხი ბევრისთვის არ არის იოლი. ადამიანთა ნაწილს არც იმისა სჯერა, რომ სმენა-მხედველობის გარეშე სრულფასოვანი არსებობა შესაძლებელია. არადა, უკვე მსოფლიოს ამის მრავალი წარმატებული მაგალითი დაუგროვდა. დღევანდელი დღეც ამას მოწმობს.
ყოველ 27 ივნისს მსოფლიო ამერიკელი უსინათლო და, ამავდროულად, სმენის არმქონე განმანათლებლის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის, ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს.
ჰელენ კელერი (27. 06. 1880 – 01.06. 1968) სმენა- მხედველობის არმქონე ადამიანთაგან პირველი იყო, ვინც თავისი მდგომარეობის მიუხედავად, უნივერსიტეტი დაამთავრა, შეისწავლა ენები, მუსიკალური საკრავები, აიღო განათლების ხარისხი, დაწერა 12 წიგნი, ათეულობით სტატია, დააარსა შეზღუდვების მქონე ადამიანთა დახმარების არაერთი ფონდი და მთელი არსებობით საზოგადოების სამსახურში ჩადგა.
წარმოიდგინეთ 19 თვის გოგონა, რომელიც მენინგიტის გამო ერთდროულად შეგრძნების ორ ორგანოს კარგავს და სიბრმავე და სიყრუე ცხოვრების თანამგზავრად ექცევა. მშობლებისა და გამორჩეული პედაგოგის, ენ სალივანის დამსახურებით, ასევე საკუთარი მიზანდასახულობის წყალობით ჰელენი მსოფლიოში ცნობილი ავტორი და სპიკერი ხდება, იგი ასევე შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების უფლებებს იცავს, წერს სტატიებს და წიგნებს და მსოფლიოს საუცხოო ადამიანების ოცეულშიც ხვდება. წარმატებული ჰელენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს და თავის პოზიციას ომის წინააღმდეგ თუ მუშების სასარგებლოდ უშიშრად გამოხატავს. 1920 წელს მასწავლებელთან ერთად ღარიბი ფენის მხარდამჭერ ორგანიზაციას აარსებს, ორმოცამდე ქვეყანაში მოგზაურობს, მათ შორის, რამდენჯერმე იაპონიაშიც და იქაურ პრეზიდენტსა და ხალხს ძალიან შეაყვარებს თავს.
ჰელენის დამსახურებების გამო, 1980 წლიდან მოყოლებული, ამერიკის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ბრძანებით, ჰელენ კელერის დაბადების დღე მთელ მსოფლიოში შეზღუდვების მქონე ადამიანების მხარდაჭერის დღედ, კვირა კი – კვირეულად აღინიშნება.
როგორ მოახერხა ეს ყოველივე? რა გზით და ვინ შეასწავლა ჰელენს სამყაროს მსოფლაღქმა, ენობრივი კომუნიკაციის ფორმები და მათი გამოყენება?
ენ სალივანი თავის პატარა მოწაფეს ხელზე სიტყვების გამოსახვით (დერმობრაზიით) აგებინებდა სათქმელს, იგი ჰელენთან საურთიერთოდ იყენებდა თადომას – ხელის ბაგეებზე შეხების და ასო-ნიშნების ჰაერის ჩქამითა და ბგერის ტალღის ხარისხით გამოცნობის მეთოდსაც, ასევე ტაქტილოგრაფიას – ჟესტური ენის ანბანს. ყრუ-უსინათლო გოგონას სხვა უნარების არქონამ შეხების შეგრძნება გაუასმაგა. ჰელენი მისაბაძი მაგალითია თავისი ლიდერული თვისებებით, ბრძოლის უნარით და მიზანდასახულობით. სწორედ ამიტომაა, რომ იგი მსოფლიომ შეიყვარა და დააფასა და მისი ფრაზებიც დღეს ბევრისთვისაა ცნობილი:
„ნურასოდეს შეეგუები მიწაზე ხოხვას, რადგან ცაში ნავარდისთვის ხარ გაჩენილი!“
,,განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა!”
„საუკეთესო და ყველაზე მშვენიერ საგნებს ვერც შეეხები და ვერც დაინახავ, ისინი მხოლოდ გულით იგრძნობა“.
„სიბრმავეზე უარესია მხედველობა მოვლენების ადეკვატური აღქმის გარეშე”.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში, ჰელენ კელერის გარდა, მსგავსი სირთულით (უსინათლო-ყრუ) არაერთი წარმატებული ადამიანი არსებობს, მაგალითად: ვიქტორია მორისეუ, ჯეიმს მიჩელი, ჰიერონიმუს ლორმი, სანზან ტანი, ლაურა ბრიდგმანი, მერი ბრედლი, ჯულია ბრეისი, ელიზა კუტერი, რობერტ დეუარი, რანგლინდ კაატა, ივონე პიტროისი, ალის ბეტერიჯი, ჯეკ ქლემო, რობერტ სმითდასი, ჯორგია გრიფითი, რიჩარდ კინი, დენი დელკამბრე, ჰაბენ გირმა.
ერთ-ერთმა მათგანმა, იერონიმუს ლორმმა, შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო ანბანი, ხელის გულზე სპეციალური ნიშნებით გამოსახული სიმბოლოები, რომლებიც უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე ტაქტილოგრაფია – ხელის გულზე ჟესტური ენის ასო-ნიშნებით წერა. ლორმი კომუნიკაციის უნივერსალური მეთოდია ყველა ყრუ-უსინათლო ადამიანისთვის, რომელსაც სიტყვების წერა შეუძლია. ლორმის ანბანი შედგება ხაზებისა და წერტილებისგან, რომლებიც სიმბოლურად ანბანის სხვადასხვა ასოს გამოხატავს და დაიტანება ხელის გულზე. პოლონეთის მთავრობის დახმარებისა და ორგანიზაციების: Human Doc, TPG – ხელშეწყობით 2018 წელს შეიქმნა ლორმის ქართული ანბანი – გეოლორმი.
ამავე ორგანიზაციების შთაგონებით უკვე მეორე წელია, ჰელენ კელერის საერთაშორისო დღე და ყრუ-უსინათლო ადამიანების მხარდაჭერის კვირეული ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.
ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებას გავაცნოთ ორმაგი – სმენისა და მხედველობის სენსორული დარღვევის – მქონე პირთა გამოწვევები და თავად ყრუ-უსინათლო პირები, რომელთა რაოდენობა საქართველოში, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, 800-მდეა. მათ ყველას აერთიანებს ის, რომ ყოველდღიურად აწყდებიან ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანებით გამოწვეულ შედეგებს. ზოგიერთი მათგანი პროფესიულად და სოციალურად აქტიურია. ზრდიან ბავშვებს, არიან რეალიზებულნი და მატერიალურადაც – დამოუკიდებელნი. თუმცა ზოგი მათგანი ცხოვრობს მარტო ან ხანდაზმულთა საცხოვრებლებში, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გარეთ გასვლა და სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა ყოველდღიური ან ნებისმიერი სახის საქმიანობის შესრულებისას.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყრუ-უსინათლო პირის ცხოვრება განსხვავდება „მხოლოდ“ ყრუ ან „მხოლოდ“ უსინათლო პირის ცხოვრებისაგან, რადგან აქვთ მეტი შეზღუდვა და მათი კომპენსირების ნაკლები შესაძლებლობა. ბევრ სიტუაციაში, უსინათლო ადამიანმა მხედველობა შესაძლოა ჩაანაცვლოს სმენით და, პირიქით, ყრუ ადამიანი, რომელსაც არ მიეწოდება სმენითი სტიმულები, ეყრდნობა იმას, რასაც ხედავს. ყრუ-უსინათლო ადამიანს, რომელსაც ორივე შეგრძნება დარღვეული აქვს, არ აქვს ამის შესაძლებლობა და მან უნდა ისწავლოს, დაეყრდნოს იმას, რაც შემორჩა. დაბრკოლებები კომუნიკაციაში, დამოუკიდებლად გადაადგილებასა და ინფორმაციასთან წვდომისას – ის სფეროებია, რომელთაც ყველაზე მეტად აზარალებს ორივე შეგრძნების დაქვეითება.
განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან სრულიად ყრუ-უსინათლო პირები. ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში მათ ხშირად ესაჭიროებათ თარჯიმან-მეგზურის დახმარება. ეს უკანასკნელი გახლავთ სპეციალურად გაწვრთნილი პროფესიონალი, რომელიც ფლობს კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებსა და ყრუ-უსინათლო პირთან ერთად უსაფრთხოდ გადაადგილების ტექნიკებს. თარჯიმან-მეგზურის ვალია, იყოს ყრუ-უსინათლო პირის „ყური და თვალი“.
დღესდღეობით საქართველოში გადამზადებულნი არიან თარჯიმან-მეგზურები, ყრუ-უსინათლო პირთა კლუბებიც ფუნქციონირებს. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი: https://www.facebook.com/GeoLorm აღნიშნულ გვერდზე დროდადრო ახალ-ახალი ინფორმაცია იდება სმენა-მხედველობის დარღვევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.