„არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ“ - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პუბლიკა

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, ხშირად მათგან ვიღებთ რჩევებს და ვითვალისწინებთ მათ და არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აშშ-ის საელჩოს ის განცხადება შეაფასა, რომელშიც ხელისუფლება გაკრიტიკებულია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების, უზენაესში კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნის და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების გამო.

მმართველი გუნდის ლიდერის შეფასებით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ. „რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – ამბობს ის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არ არის ეს არც ახსნა და მითუმეტეს გამართლება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების საფუძვლიანი ინფორმირება მოვახდინოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, განცხადების შინაარსში ფაქტობრივი უზუსტობებია და არის არასამართლიანი.

„ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე რაც არის არასწორი, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და არათუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, გაფართოვდა ჯამურად ამ სამსახურის უფლებამოსილებები. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა. აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხარვეზები განცხადებაში არ გაიპარებოდა“, – ამბობს კობახიძე.