ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები ხდება ყველა ქვეყანაში. ამის არიდებაზე საუბარი არასერიოზულია - პრემიერი

პუბლიკა

„მე ერთი რამე მინდა გითხრათ – ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამისი არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია. მე ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში, გთხოვთ, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც სამაშველო ვერტმფრენებს შეეხებოდა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ სამარცხვინოა სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს „მთავრობამ 3 ვერტმფრენი შეიძინა, მაგრამ სინამდვილეში თურმე არ არის“.

„ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ და დღესაც იმუშავეს. ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, არ დაშავებულა, ჩვენმა სამაშველო სამსახურმა ყველა უვნებელი გამოიყვანა. ჩვენი სამსახურები იყვნენ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ პირადად თქვენი და სხვა ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით და ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი, ან ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემა გაქვთ.

24 საათი ერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ხალხის დაზაფვრის. ასეთი უბედური მდგომარეობაა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი – ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას შოვში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები, მუშაობს 2 ვერტმფრენი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089