ასეთი ოპოზიციონერის ოჯახის წევრი არ უნდა მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი - ვოლსკი ჯაფარიძის ცოლზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მისი აზრია, რომ ისეთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახის წევრი, როგორიც ზურაბ ჯაფარიძეა არ შეიძლება მუშაობდეს თანამდებობაზე, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციასთან მიუწვდება ხელი. ასე შეაფასა ვოლსკიმ ჯაფარიძის ცოლის ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია.

თუმცა ვოლსკის თქმით, არ იცის ზუსტად რა გახდა ნატა ქორიძის გათავისუფლების მიზეზი.

„თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო არ ვიცი, მაგრამ თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს, მე არ ვიცი. არ ვიცი, 17 წელი მუშაობდა და 17 წლიდან უდიდესი პერიოდი მუშაობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში. ხომ ასეა?! მთავარი შეკითხვა ეს უნდა იყოს. ამდენი ხანი მუშაობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, წამყვან თანამდებობაზე.

წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ ან ოპოზიციის მხარდამჭერი სააკაშვილის პერიოდში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პერიოდში, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, იმ პერიოდში ვინმე ყოფილიყო ისეთი, ვინც მათ ნებას და იდეას დაუპირისპირდებოდა. ხომ არ არსებობს ასეთი?!

ეტყობა, რაღაც მიზეზი იყო ამისთვის,ვინაიდან ადამიანი მუშაობდა მიუხედავად იმისა, თუ რასაც წარმოადგენს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მოხდა გათავისუფლება, ეტყობა რაღაცასთან არის დაკავშირებული უფრო ობიექტურთან, ვიდრე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამასთან დაკავშირებით საუბრობს.

რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, მისი ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა. მე არ ვიცი, ეს რეალობა არის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება. ფაქტია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სწორედ ამ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომით დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს“, – თქვა დღეს ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ის აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.

„ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა”, – წერს ის.

ნატა ქორიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა.