ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ნამახვანჰესის პროექტს - პრემიერი

პუბლიკა

„იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნამახვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს.

ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით, და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი მოსახლეობისთვის, მათ შორის  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის”, – ამბობს ღარიბაშვილი.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.