ასეთი პოლიტიკური დევნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას - იუკნევიჩიენე გვარამიაზე

პუბლიკა

„ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსების ასეთი პოლიტიკური დევნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. და უფრო მნიშვნელოვანი, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება“, – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს „ტვიტერზე“ ეხმაურება. 

„დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა ნიკა გვარამიას საქმეზე. ნიკა 4 წლით პატიმრობაში იქნება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი საქმეა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას“,- წერს ევროპარლამენტარი.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.