„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მას ასეთი პრაქტიკა დახვდა და ამ პრაქტიკის შეცვლაზე დრო არც მას დაუხარჯავს.
„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც ახლა დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე, მაგ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომ ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი, ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი, აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები. თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?!
როცა მოითხოვთ, მედია რატომ არ ითხოვდით არასდროს, სამი წელი ვიყავი პრემიერი, ერთხელ შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამა თუ იმ განკარგულების ასლი. მე, რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით“, – ამბობს ის.
მისი თქმით, მთავრობას არცერთი ინფორმაცია არ ჰქონდა დამალული და მიმართვის შემთხვევაში ეს საჯაროვდებოდა.
„ჩემი პრემიერობის დროს არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე არასდროს არ მქონია ინფორმაცია დამალული.
გულწრფელად, მარტივად აგიხსნით – ჩემი პოზიცია იყო შემდეგი – როდესაც მე მომმართავდა შეკითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მე მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და ბუნებრივია, ჩვენი რეაგირება იყო შესაბამისი.
რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა, გითხრათ, ამის ვალდებულება არ არსებობდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის რეგლამენტში მითითებულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში.
მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება ვებგვერდზე 2020 წლის მარტიდან ვებგვერდის რეკონსტრუქციის მიზეზით შეწყდა და აღარ განახლებულა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2023 წელს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. მათი ცნობით, დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.
„გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა რამდენიმე სამართლებრივ აქტს არღვევს, მათ შორის, კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს; რეგლამენტს და მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
განკარგულებების საჯაროობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია IDFI-მ ჯერ მთავრობას მიმართა უშედეგოდ, შემდეგ კი სასამართლოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვა 2-წელიწადნახევარი გაჭიანურდა. 2023 წლის 19 მაისს კი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მთავრობას არ დააკისრა თავისივე რეგლამენტით დადგენილი, ღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
ნინო შჩერბაკოვმა მთავრობის ადმინისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან იმ არგუმენტით გაათავისუფლა, რომ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის მომზადება მოპასუხეს დიდი მოცულობის ტვირთს დააკისრებდა, „რაც ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზებასა და ძირითადი ფუნქციებიდან მოწყვეტას გამოიწვევდა“.