აშშ ღრმად დამწუხრებულია პარლამენტის მიერ მოსამართლეების დანიშვნით - სახელმწიფო მდივანი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი twitter-ზე წერს, რომ აშშ ღრმად დამწუხრებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად დამწუხრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით. სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.


12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი იმ 6 მოსამართლეს დაუჭირეს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია. ესენი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი. ამ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორი ე.წ. სასამართლოს კლანის წევრებად მიიჩნევენ.

პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი გასაუბრებებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც წინა დღეებში აღნიშნეს, ისინი დამკვირვებლის როლში იყვნენ.