აშშ-ის დაზვერვა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიაზე ისევ მუშაობს - მედია

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევაში ძალისხმევის გაორმაგება დაავალა. ბაიდენი მათგან ახალ ანგარიშს 90 დღეში ელის.

ბაიდენის გადაწყვეტილებამდე, როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის სადაზვერვო უწყების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს განუცხადეს, რომ აშშ ფლობს ჯერ კიდევ აუთვისებელ მტკიცებულებს, რომელთაც კომპიუტერული დამუშავება და ანალიზი სჭირდებათ. ამის შემდეგ, შესაძლოა კორონავირუსის წარმოშობის პირველწყაროს ნათელი მოეფინოს.

როგორც ამერიკული მედია წერს, კორონავირუსის წარმოშობის კვლევაში ჩართული პირები არ ასახელებენ, კონკრეტულად რა ტიპის მტკიცებულებები აქვს აშშ-ს, თუმცა მონაცემების დამუშავებას, მათი ინფორმაციით, განსაკუთრებულად ძლიერი ტექნოლოგიები სჭირდება.

ბაიდენი საზოგადოებას სადაზვერვო სტრუქტურების მიერ მოძიებული ინფორმაციის გასაჯაროებას დაჰპირდა. ხოლო კორონავირუსის წარმოშობის კვლევისთვის რესურსებს მიმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა The New York Times-ს უთხრეს ისიც, რომ თეთრი სახლი აშშ-ის პრტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ ძალისხმევა იმის დასადგენად გაჟონა თუ არა ვირუსმა ვუჰანის ლაბორატორიიდან.

როგორც CNN წერს, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომაც გუშინ განაცხადა ისიც, რომ ვირუსის გაჟონვის შესახებ თეორია კონსპირაციული არ არის და ვირუსის პირველწყაროს დადგენაში ჩართულ პირებს შორის მოსაზრებები იყოფა იმაზე, გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ცხოველსა და ადამიანს შორის კონტაქტით თუ მართლაც მოხდა რაიმე ინციდენტი ვუჰანის ლაბორატორიაში.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები The New York Times-თან ამბობენ იმასაც, რომ მოსაზრებები ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ სხვა ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოებშიც აქვთ. ასე რომ, კორონავირუსის პირველწყაროზე ორივე თეორია – ბუნებრივიც და ლაბორატორიულიც ჯერჯერობით შესაძლებლად მიიჩნევა.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ვირუსის გავრცელების კვლევაში ჩართულ პირებს ახლა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ფედერალურ რესურსებზე, მათ შორის, სახელმწიფო ლაბორატორიებზეც გაუჩნდებათ წვდომა, რაც კვლევას დაეხმარება.

თუმცა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკულ გამოცემასთან ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების პირველწყაროს დასადგენად მხოლოდ მეცნიერთა მუშაობა საკმარისი არაა და ჩინეთში სადაზვერვო სააგენტოს სპეციალური ჯგუფებიც მუშაობენ.

ბაიდენის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ასევე კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროს შესახებ კიდევ ერთი ახალი დეტალის გამოჩენა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლები 2019 წლის შემოდგომით ავად გახდნენ იმდენად, რომ საჭირო იყო მათი ჰოსპიტალიზაცია.

ამ ფაქტზე საუბარი იყო ტრამპის ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, თუმცა, მაშინ ის პირები, ვინც ვირუსის წარმოშობაზე მოკვლევას ატარებენ, დეტალებზე, მათ შორის, მათი მდგომარეობის სირთულეზე ვერაფერს ამბობდნენ.

ვუჰანის ბიოუსაფრთხოების ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ სპეციალისტებმა სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა სავარაუდო არ იყო.

ჩინეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა მათ 2019 წლის 8 დეკემბერს დააფიქსირეს.