აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო

პუბლიკა

გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო – კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა.

გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს განცხადებები გააკეთეს როგორც დემოკრატმა, ასევე, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა. ჯო უილსონმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, თქვა, რომ „ხალხის ნება „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფების მიერ ირღვევა”:

„მე მადლიერი ვარ, რომ ამ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს – 155 დღეზე მეტია, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად არის გამოსული მათი მომავლისა და ეროვნების დასაცავად. მათ თან აქვთ აშშ-ის დროშები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტერები, რათა აჩვენონ მათი დამოკიდებულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ.

მათი ნება არის ცხადი – ისინი არ მისცემენ კორუმპირებული ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უფლებას, რომ ქვეყანა გაანადგუროს და დაბრუნდეს ვერშემდგარი საბჭოთა კავშირის დამოკიდებულების ქვეშ. სამწუხაროდ, ხალხის ნება „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფების მიერ ირღვევა – ისინი ცდილობენ ქვეყანა გაყიდონ აშშ-ის მოწინააღმდეგე ძალებზე, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე და პრაქტიკულად გადასცეს მათ შავი ზღვის პორტი, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის.. ასევე, ეს რეჟიმი ემორჩილება თეირანს, რომელმაც სულ ახლახან ისრაელზე თავდასხმები განახორციელა და ომის დამნაშავე პუტინს, ვინც ქართველი ხალხის დამორჩილებას ცდილობს. ქართველი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, პრო-ამერიკელი ერი მსოფლიოში…

რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტი-ამერიკულ პროპაგანდა, აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მთავრობას, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და ჯიმ რიშს ადანაშაულებს კორუფციაში. გასულ კვირას მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება იყო, რომ დონალდ ტრამპი „Deep State”-ის ინსტრუმენტია…

ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს სანქციებს „ქართული ოცნების” ხულიგნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებების გამო და ასევე, ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს, მას შემდეგ, რაც საქართველო თავის კონსტიტუციურ წესრიგს დაუბრუნდება. მე მხარს ვუჭერ ამ კანონპროექტს ქართველი და ამერიკელი ხალხის ორმხრივი სარგებლისთვის”.

პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კონგრესმენმა სტივ კოენმაც, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა აშშ-ის მოწინააღმდეგეებს უახლოვდება.

„საქართველო დიდი ხანია, აშშ-ის მნიშვნელოვანი მეგობარია. მე თავად ვეწვიე საქართველოს დაახლოებით 12 წლის წინ, როცა ქვეყანამ „ქართული ოცნება“ აირჩია. მაგრამ „ქართული ოცნება” მალე გადაიქცა „ქართულ კოშმარად”. ჯორჯიაში, ამერიკაში, მარტინ ლუთერ კინგს ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება კვლავ ცოცხალია. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ეს ოცნება აღარ არის და ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება ჩვენს მოწინააღმდეგეებს.

არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ივანიშვილი, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მიმდინარეობს მასობრივი პროტესტები – ქართველები აპროტესტებენ თავისუფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. „ქართულმა ოცნებამ” მისი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა თავდასხმები, მათ შორის აკრძალა შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება, გამოიყენა ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და სასამართლო სისტემას იყენებს, რათა უკანონოდ დაადანაშაულოს და დასაჯოს დემონსტრანტები.

ქართველი ხალხი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ასევე, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. აშშ დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი და ახლაც არაფერი შეცვლილა. MEGOBARI ACT ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი შეაფასებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქცირებისთვის და თუ დადგინდება, რომ მათ ქართულ დემოკრატიას ძირი გამოუთხარეს და მონაწილეობდნენ კორუფციაში, მათ დაუწესდებათ სანქციები”.

რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსთან აშშ-ის ორმხირივი ურთიერთობა „ქართული ოცნების” იმ ქმედებების გამო შეირყა, რაც რუსულ ტაქტიკებს იმეორებს.

„საქართველო ერთ დროს NATO-ს წევრობისთვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და აშშ-ის მტკიცე მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთის შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა საქართველოსთან სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობით. ქართველი ხალხი ცნობილია თავისი პროამერიკული განწყობებით. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რაც რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას იმეორებს და ამასთან, აძლიერებს ურთიერთობებს ჩინეთთან და ირანთან.

მე მხარს ვუჭერ ბატონი უილსონის მიერ წარდგენილ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რადგან ის ეფუძნება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” პრინციპს საქართველოში. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას იმ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური კურსის ძირის გამოთხრაში”.

კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის მხარდაჭერა სჭირდება – წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იგივე კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს.

საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება.

„MEGOBARI აქტი” ითვალისწინებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით, ასევე, სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს.