საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს და წერს, რომ „მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას”.
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მამუკა მდინარაძემ დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩარევაში დაადანაშაულა. მან უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მუშაობას, არის თუ არა თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან.
მდინარაძემ აშშ-ის საელჩოს შტატებში ახლადარჩეული ხელისუფლების „ქვედა რგოლი” უწოდა და თქვა, რომ „საელჩოს მოქმედება აცდენილია [ახლადარჩეული ხელისუფლების განცხადებებს]”.
„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით, მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში, არც ერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. დიდი ბოდიში ყველასთან, ვისაც ასე სჯერა.
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება. ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა, პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება და მისი გავლენების, სხვა დაბალ რგოლებშიც ეს პრობლემები იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს უფრო, ვიდრე სხვა დანარჩენი.
მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა სხვამ, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ. ჯერ ჩვენმა და შემდეგ კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. ეს ჩვენი შეფასება და ჩვენი ინფორმაციაა, არა მხოლოდ შეფასებაა. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითის“ მსახურება და არა ამერიკელი ხალხის მსახურება, მალე დამთავრდება”, – განაცხადა მდინარაძემ.