აშშ-ის საელჩო: ვგმობთ საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ-ს“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. საელჩოს განცხადებით, კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე და აშშ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მუშაობას, რომ ეს პასუხისმგებლიანი ქცევის სისტემა იყოს დაცული.

„ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,  – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რუსულმა კიბერშეტევამ პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებგვერდის მუშაობა და, სულ მცირე, ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“,  –  ნათქვამია განცხადებაში.