აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს - „დროა"

პუბლიკა

პარტია „დროა“ ეხმაურება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას ამერიკის საელჩოს განცხადებაზე.

„ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები „არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ“, რასაც მმართველი პარტია „არ დაუშვებს“.  მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს“. – ვკითხულობთ „დროას“ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ამ დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა.

„განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე.

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ. 

პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს. პარტია „დროა“ პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი“ – აცხადებენ პარტიაში.