აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ „პუბლიკას” პროკურატურაში განუცხადეს. მათივე ცნობით, სწორედ ამ გამოძიების ფარგლებშია დაბარებული გამოკითხვაზე „TV პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი.

„დაწყებულია გამოძიება ძალადობის ფაქტზე, მოწმის სახით დაბარებულია ბატონი ვახტანგი, მასაც აქვს სურვილი, რომ სრული სურათი აღუწეროს გამოძიებას. დღეს 6 საათზე გამოვცხადდებით პროკურატურაში და მივცემთ დეტალურ განმარტებას”, – ამბობს ადვოკატი.

„პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატი ამბობს, რომ როგორც მას სიტყვიერად განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია. აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება იმართებოდა.