ვატო წერეთელი: აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია. აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება იმართებოდა.

„უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები… ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!”, – განაცხადა წერეთელმა.

მომხდარს უკვე გამოეხმარა ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან.

“უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. ასე ეხმაურება დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, ტვ პირველის მფლობელმა ის გვერდზე გაიყვანა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. „საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,” – ამბობს ოხანაშვილი.