ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელია, თბილისს 27 ივნისს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ერთობლივ ვიზიტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი.
„ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ ,სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება. ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და კუმარ აიერი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, დღეს, 26 ივნისს თბილისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია.