სანქციების საკითხებში EU-ის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა

პუბლიკა

დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან.

„ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

დევიდ ო’სალივანი ბიზნესის წარმომადგენლებსac შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერ”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.