აშშ-ს სენატმა 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის სანქციების კანონპროექტი – ე.წ ლინდსი გრემის სახელობის სანქციების აქტი. მომდევნო ეტაპზე ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება.
გამოცემა Guardian-ის ცნობით, გარდაცვლილმა სენატორმა ლინდსი გრემმა სიცოცხლის ბოლო დღეები სწორედ ამ კანონპროექტზე მუშაობას მიუძღვნა.
აღნიშნული კანონპროექტი დიდი ხნის განმავლობაში განხილვის ეტაპზე იყო. რესპუბლიკელი სენატორის დაკრძალვამდე სენატში ორი პარტიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტს მიიღებენ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სენატმა ორპარტიული უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებასა და იმ ქვეყნების მიმართ ზომების მიღებას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ სანქციებს და სავიზო აკრძალვებს ვლადიმირ პუტინისა და უმაღლესი სამხედრო მეთაურების წინააღმდეგ, ასევე ითვალისწინებს რუსეთის ექსპორტზე 500%-მდე ტარიფების დაწესებას. ის ასევე საშუალებას მისცემს დონალდ ტრამპს, დააწესოს 100%-მდე გადასახადები იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს შორის არიან.
„ეს კანონპროექტი აიძულებს იმ ძირითად ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას ამაგრებენ, გააკეთონ მარტივი, მაგრამ კრიტიკული არჩევანი – არჩევანი ამერიკასთან ბიზნესის კეთებასა და იაფი რუსული ენერგიის შეძენას შორის, ეს კანონმდებლობა რუსეთის მომხმარებლებს ეუბნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იჯდება უმოქმედოდ მაშინ, როცა ისინი პუტინის თავდასხმას აფინანსებენ” – განაცხადა დარლინ გრემმა, გარდაცვლილი სენატორის დამ, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დაინიშნა.