აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს” განიხილავს

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ. ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტი” 27 მარტს მიიღო – ის ითვალისწინებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით, ასევე, სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს.

კონკრეტულად კი „MEGOBARI ACT” ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;