აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა – გადაწყვეტილებას მხარი 214-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 213.

კონგრესში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, ისინი მაიორკასს აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის შემოდინებაში სდებენ ბრალს. ახლა საკითხი სენატში გაიგზავნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იქ დემოკრატები ლიდერობენ, კენჭისყრა, სავარაუდოდ, არ შედგება.

მაიორკასის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხს სამშაბათს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც ამას „არაკონსტიტუციური” უწოდა. მისი საქმიანობის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ მან დაკისრებული ვალდებულებები შესაბამისად ვერ შეასრულა და საზღვრის დასაცავად უფრო მეტი არ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ იმპიჩმენტის წინააღმდეგი 210 დემოკრატი და 3 რესპუბლიკელი იყო. მათი პოზიციით, იმპიჩმენტის გამოცხადება პირისთვის, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია, შეასუსტებს კონსტიტუციურ სასჯელს და ვერ დაეხმარება საზღვარზე არსებული პრობლემების მოგვარებას.