აშშ-მა ბელარუსიდან სახელმწიფო მოხელეთა ოჯახის წევრების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ არ გაემგზავრნონ ბელარუსში და გაითვალისწინონ კოვიდპანდემიის მხრივ არსებული ვითარება, კანონის უზენაესობის დარღვევები, დაკავების რისკი და ახლა უკვე რუსული შეიარაღებული ძალების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით თავმოყრა საზღვარზე.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების ოჯახის წევრებმა ბელარუსი უნდა დატოვონ. ეს გადაწყვეტილებაც სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში გართულებული ვითარების გამო მიიღო.

ერთი კვირის წინ კი აშშ-ის ხელისუფლებამ, რეგიონში გართულებული მდგომარეობის გამო, თავისი საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო კიევიდან. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ვინც უკრაინაში იმყოფება, იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე.

ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსეთმა 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი. რუსეთ-უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების გარდა, მოსკოვმა წვრთნის მომიზეზებით ბელარუსშიც შეიყვანა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და დანაყოფები.